ინტერნეტის შემდეგ, რუსეთის დუმაში კინოსა და ლიტერატურის კონტროლისთვის მოიცალეს

  15:31:19     30-04-2014

რუსეთის დუმაში ინტერნეტის შემდეგ, კინოსა და ლიტერატურის კონტროლისთვისაც მოიცალეს. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსი დეპუტატები აპირებენ, კანონის ძალით აკრძალონ კინოში, ლიტერატურასა და მედიაში ე.წ. „კარგი ბოროტმოქმედის“ ხასიათის პერსონაჟების გამოყენება.

დუმის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ „კარგი ბოროტმოქმედის“ ხასიათის გმირების გამოყვანა და „ქურდული სიმღერების“ რეპერტუარის გამოყენება რუსეთის მოქალაქეთა მორალს ვნებს და მათ კრმინალური ცხოვრებისკენ უბიძგებს.

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასეთი აკრძალვის მოთხოვნით, რუსეთის დუმის ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ოლეგ მიხეევი გამოვიდა.

მისი ინიციატივით, კანონმდებლობაში უნდა გაჩნდეს ისეთი დეფინიცია როგორებიცაა: „დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  პროპაგანდა“ და „სისასტიკისა და ძალადობის პროპაგანდა“.

სწორედ ამ განსაზღვრების კანონიერი განმარტების ფარგლებში უნდა აიკრძალოს  კინოში, ლიტერატურასა და მედიაში ე.წ. „კარგი ბოროტმოქმედის“ ხასიათის გმირების გამოყვანა და „ქურდული სიმღერების“ რეპერტუარის გამოყენება.

სამართალდამრღვევებს 2,5 ათასი რუსული რუბლით დააჯარიმებენ, ხოლო კანონის დაცვაზე მონიტორინგს „როსკომნადზორი“ განახორციელებს.