იაპონიას რუსეთის სამხედრო აგრესიის ეშინია?!
12:30:01     15-02-2011
“იაპონია თვალყურს მიადევნებს რუსეთის ყველა სამხედრო ქმედებას, სამხრეთ კურილიაში,” - ამის შესახებ, იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, ტოსიმი კიტაძავამ განაცხადა.
მისი თქმით, უკანასკნელ ხანს, სადავო ტერიტორიებზე, რუსეთმა ძალიან გააქტიურა სამხედრო-პოლიტიკური ქმედებები და ამას კონტროლი სჭირდება. ამ განცხადებით, მინისტრი ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა.
თავის მხრივ, რუსეთის გენერალური შტაბის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კურილიაზე დისლოცირებული რუსული სამხედრო ნაწილის ამოცანა არა თავდასხმა, არამედ კუნძულების მიმდებარე ტერიტორიის საიმედო დაცვაა.
გენერალური შტაბის მაღალჩინოსანმა ისიც აღნიშნა, რომ კურილიაზე მყოფ ბრიგადას ახალი, თანამედროვე მართვის სისტემები სჭირდება, მათ შორის სარაკეტო-საზენიტო დანადგარები.
როგორც საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა 9 თებერვალს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ყველანაირ ძალისხმევას მიმართავს სტრატეგიულ რეგიონ კურილიაზე მყოფი შეიარაღებული ძალების თანამედროვე ტექნიკით შესაიარაღებლად.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი თანამემამულე ჯარისკაცებს დაპირდა, რომ თებერვლის ბოლომდე ეს ახალი ტექნიკა “კუნძულელ” სამხედრო ბრიგადას უკვე ექნება. იაპონური მხარე, მეზობლის გამომწვევ ქმედებებს გმობს და მოქმედებების გააქტიურებას თავადაც გეგმავს.