თერჯოლაში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები, რატომ მოკლა შვილმა დედა?
11:40:29     23-04-2014
საზარელი მკვლელობა მოხდა თერჯოლაში დიდ ხუთშაბათს. ადგილობრივთა თქმით, 37 წლის მამაკაცმა საკუთარი დედა მოკლა, შემდეგ კი, კვალის ასარევად, ცხედარი საღორეში დამარხა.
„პრესა.ჯი“ მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალებზე, თერჯოლის გამგებელს, მალხაზ გერგენიძესა და შს სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელს ესაუბრა.
„პრესა.ჯი“: როდის მოხდა მკვლელობა?
მალხაზ გერგენიძე: ფაქტი მოხდა დიდ ხუთშაბათს.
- ეჭვმიტანილი და გარდაცვლილი ადგილობრივები არიან?
- ორივე მათგანი სოფელ ეწერში ცხოვრობენ...
- ეჭვმიტანილი ამნისტირებული იყო?
- ეჭვმიტანილი სამჯერ იყო ნასამართლევი, ბოლო ნასამართლეობისას მას ექვსი წელი ჰქონდა მისჯილი. ამნისტირებულია, ციხე მან ბოლო ამნისტიისას დატოვა...
- რა გახდა მკვლელობის მიზეზი?
- ეჭვმიტანილი აგრესიით გამოირჩეოდა. მას დედა ხშირად ემალებოდა, რადგან დედის მიმართ ის აგრესიით ადრეც გამოირჩეოდა. ამბობენ, რომ ყოფილ პატიმარს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა.
- ეჭვმიტანილი დაკავებულია?
- დიახ, დაკავებულია და როგორც ვიცი, ჩადენილ დანაშაულსაც აღიარებს".
"17 აპრილს თერჯოლის რაიონში, 1977 წელს დაბადებულმა ანზორ ბ.-მ თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა დედამისს, 1948 წელს დაბადებულ დეზდემონა ჩ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ანზორ ბ. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 19 აპრილს დააკავეს. გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარებს.
რაც შეეხება კითხვას, ეჭვმიტანილის ამნისტირების შესახებ, ეს ინფორმაცია არ დასტურდება", - განუცხადეს "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროს პრეს-სამსახურში.