მორიგი დარტყმა პუტინს - „სამხრეთ ნაკადის“ მშენებლობა შეჩერდა?!
13:31:15     17-04-2014
დღეს დილიდან, სხავადასხვა რუსული და დასავლური მედიასაშუალებებით გავრცელდა ერთი, მეტად საინტერესო, თითქმის სკანდალური ცნობა იმის შესახებ, რომ ბულგარეთში გაზსადენ „სამხრეთ ნაკადის“ პირველი, სიმბოლურად დამონტაჟებული ბუნებრივი აირის მილის დემონტაჟი მოახდინეს.
როგორც ვთქვით, ინფორმაციას ამის შესახებ სხავადასხვა მედია-საშუალებები ავრცელებდნენ. მათ შორის, ბულგარული გამოცემა „ბივოლი“, რუსული „ვორენდფის“ და სხვები.
„ბულგარეთში, გაზსადენ „სამხრეთ ნაკადის“ პირველი, სიმბოლურად დამონტაჟებული ბუნებრივი აირის მილის დემონტაჟი მოახდინეს. ეს მას შემდეგ მოხდა რაც, ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, რომ „სამხრეთ ნაკადის“ პროექტი არ უნდა გახორციელდეს“ - იტყობინებოდა „ბივოლი“.
როგორც ჩანს, ინფორმაციას საფუძვლად რეალური ფაქტი დაედო: ევროპარლამენტმა დღეს მართლაც უნდა განიხილოს რეზოლუცია, რომლის მიღების შემთხვევაშიც, „სამხრეთ ნაკადის“ გაზსადენის მშენებლობა უნდა შეჩერდეს.
„სამხრეთ ნაკადი“ ეს არის გაზსადენი, რომელიც რუსულ-იტალიურ-ფრანგულ-გერმანული ერთობლივი პროექტია. მისი მეშვეობით, ბუნებრივი აირი უკრაინისთვის გვერდის ავლით, ანაპის რაიონიდან ბულგარულ პორტამდე, ვარნამდე მივიდოდა და ამ გზით მიეწოდებოდა ევროპას.
გაზსადენის მშენებლობა 2015 წლისთვის უნდა დასრულდეს. მისი გეგმიური სიმძლავრე წელიწადში 63 მლრდ. კუბომეტრია ხოლო პროექტის სავარაუდო ღირებულება 16 მლრდ. ევროა.
დღეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე ტრადიციად ქცეულ, ტელემარათონს მართავს და პირდაპირ ეთერში სხვადასხვა შეკითხვებს პასუხობს. მთელი რუსული მედიის ყურადღებაც სწორედ ამ საკითხზეა კონცენტრირებული.
მიუხედავად ამისა, „სამხრეთ ნაკადის“ სიმბოლური მილის დემონტაჟის შესახებ, სხვადასხვა დასავლური თუ რუსული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, როგორც ჩანს, საყურადღებო აღმოჩნდა რუსული, ოფიციალური და ოფიციალურ წრეებთან დაახლოებული მედიასაშუალებებისთვის - პროექტის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით, დილით გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა მედიაში მალევე გამოჩნდა.
„კომპანია „სამხრეთ ნაკადი-ბულგარეთის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარყო დღეს, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ, გაზსადენის სიმბოლური მილის დემონტაჟის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. პირველი სიმბოლური მილის დემონტაჟი მოხდა, მაგრამ ის უბრალოდ საწყობში გადაიტანეს და მომავალში, გაზსადენის მშენებლობისას მასაც გამოიყენებენ“, - იტყობინება „იტარ-ტასი“.