კანადის ჯარები აღმოსავლეთ ევროპის დასახმარებლად

  13:57:38     16-04-2014

კანადის ჯარები შესაძლოა აღმოსავლეთ ევროპაში განთავსდეს. ყოველ შემთხვევაში, ესეც იქნება ერთ-ერთი ის საკითხთაგანი, რომელთაც დღეს, ნატოს საბჭოს სხდომაზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მაღალჩინოსნები ალიანსის წევრებს წარუდგენენ.

დღევანდელ სხდომაზე განხილული იქნება ღონისძიებების რამდენიმე ვარიანტი,  რომელთა დახმარებითაც, დაისახება უკრაინის კრიზისის მოგვარების გზები. ამის შესახებ, „ვანკუვერ სანი“ იტყობინება სტატიაში, „უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, კანადა და მისი ნატოელი მოკავშირეები სამხედრო ძალების განლაგების შესაძლებლობებს განიხილავენ“.

„ე. წ. „მხარდაჭერის ღონისძიებების პაკეტი“, რომესაც დღეს განიხილავენ ნატოს წევრები, შეიქმნა პოლონეთის, ლატვიის და ნატოს სხვა აღმოსავლეთ ევროპელი წევრების შეშფოთების გამო.

აღმოსავლეთ ევროპელ წევრებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის ზრახვები უკრაინით არ შემოიფარგლება“, - წერს სტატიის ავტორი, ლი ბერტიუმი.

გამოცემის თქმით, „ჯერჯერობით გაურკვეველია, არიან თუ არა მზად ან, კონკრეტულად, რაოდენ მასშტაბურ მხარდაჭერაზე წავლენ კანადა და მისი მოკავშირეები იმისათვის, რომ რუსული აგრესიისაგან დაიცვან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.

აქამდე, მალისა და სირიის კრიზისების დროს, კანადა მეზობელ ქვეყნებს არმიის მომზადების დონის ამაღლებაში ეხმარებოდა და აგრეთვე, აწვდიდა არალეტალურ აღჭურვილობას მეომრებს ცენტრალურ ამერიკაში.

მსგავსი ღონისძიებები პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში,  კანადას ძვირი ალბათ არ დაუჯდება. “-წერს „ვანკუვერ სანი“.