პი ჯეი ჰარვი: თუ საკუთარ თავს გავიმეორებ, დავკარგავ ინტერესს
01:16:41     14-04-2014
PJ Harvey ჰქვია მის ჯგუფსაც.
პი ჯეის მშობლები დიდი მელომანები იყვნენ და პატარა პოლი და მისი ძმა იოვილიდან სამხრეთით, სოფ. Corscombe-ს ფერმაში, ბლუზისა და როკის გარემოცვაში იზრდებოდნენ. მამა და უფროსი ძმა ქვისმთლელები იყვნენ, დედა - მოქანდაკე.
თავად მომღერალი ყვება, რომ გულჩათხრობილი ბავშვი იყო, დაქალები არ ჰყავდა, ბიჭებში ეშლებოდათ... ცხენები, ქანდაკება და მუსიკა უყვარდა. ფერმაში ცხოველებს უვლიდა, მდინარეში ბანაობდა, ცხენზე ჯირითობდა, სათამაშოებს და მუსიკალურ ინსტრუმენტებს აკეთებდა. 11 წლისამ ვიოლონჩელი, საქსოფონი და ფორტეპიანო აითვისა, მერე გიტარაზე და დასარტყამებზე დაკვრა ისწავლა. მოგვიანებით, 18 წლის ასაკში, ქანდაკების კოლეჯში შესასწავლად ლონდონში გაემგზავრა. ამისთვის თავისი ცხენის გაყიდვა მოუხდა. სამწუხაროდ, კოლეჯში მომხდარი ხანძრის გამო მისი ნამუშევრები დაიწვა.
მუსიკალური კარიერა:
მუსიკალური
კარიერა ინსტრუმენტული ოქტეტით ”Bologna” და ფოლკტრიო ”Polekats”-ით
დაიწყო. შემდეგ, 1988 წლის ივლისში ის ჯონ პერიშის ”Automatic Dlamini”-ის
უერთდება. ორ წელიწად-ნახევარი მათთანაა. ჯგუფს კონცერტები აქვს ევროპაში.
1992 წელს უშვებს ალბომს From a diva to a diver. თუმცა, მეორე ალბომი,
რომლის ჩაწერაშიც პი ჯეი მონაწილეობდა, ვიოლინოზე უკრავდა და ბექვოკალს
ასრულებდა, არადა არ გამოვიდა; ჯგუფი მალე დაიშალა. აქ პი ჯეიმ რობ ელისი
და ჯო პერიში გაიცნო, რომლებიც მოგვიანებით ჰარვის ყველა ფირფიტის ჩაწერაში
მიიღებენ მონაწილეობას. სწორედ ამ დროს პი ჯეი ლონდონის წმ. მარტინის
ხელოვნების სკოლაში სწავლას აპირებს, მაგრამ მერე გადაიფიქრებს და თავს
მთლიანად მუსიკას მიუძღვნის.
პოლი ქმნის სამკაციან ჯგუფს რობ ელისთან (დასარტყამები) და სტივენ ვოენთან (ბასისტი) ერთად. 1991 წელს გამოდის სინგლი ”Dress”, ერთგვარად შეარყევს ინგლისის ინდიჩარტებს და პოლის პირველ წარმატებას მოუტანს. მალე ამ წარმატებას სინგლი ”Sheela-Na-Gig” განამტკიცებს, ხოლო 1992 წლის მარტში ჯგუფ ”PJ Harvey”-ის პირველი ალბომი ”Dry” გამოდის. ალბომი პატარა დამოუკიდებელი ლეიბლის Too Pure-ის უკანასკნელი ფუნტებით ჩაიწერა და პოლის ერთადერთ შანსს აძლევდა: ფიასკოს შემთხვევაში - სრულიად უცნობი დარჩებოდა, ლეიბლი კი გაკოტრდებოდა. თუმცა ალბომი ნამდვილ ბომბს მალავდა: საოცარ ლირიკას ღმერთისადმი და უმდაბლესი წინასწარმეტყველების მოხმობით; მუსიკა პოსტპანკის და სუფთა ინდის ნაზავი იყო. თერთმეტივე სიმღერა სიახლით და გულწრფელობით ახლაც ხიბლავს მსმენელს. გარდა ამისა, პოლიმ მხოლოდ გიტარის პარტია კი არ შეასრულა, ვილონჩელის პარტიაც საკუთარ თავზე აიღო. საერთოდ ეს ქალი, თამამად შეიძლება მულტიინსტრუმენტალისტად ჩავთავალოთ: მის აქტივშია გიტარა, კლავიშიანი ინსტრუმენტები, ვიოლინო, ვიოლონჩელი, ბასი, საქსოფონი და დასარტყამები. ”Dry”-ს კრიტიკოსებსა და მსმენელებს შორის საკმაო რეზონანსი ჰქონდა. ჟურნალმა „როლინგ სთიუნმა“ ჯგუფს წლის აღმოჩენა უწოდა, პოლი კი წლის მომღერლად დაასახელა. პოპულარობა ჯგუფს ბევრი გასტროლის ჩატარებას აიძულებდა. ტური წარმატებით მიმდინარეობდა და მის დასასრულს პოლიმ, რომელიც სოფლის სიჩუმეს და სიმშვიდეს იყო ჩვეული და შოუბიზნესის მორევში აღმოჩნდა, ნერვული შეტევა გადაიტანა. თავადვე იხსენებს, რომ სახლიდან გასვლა კი არა, კბილების გახეხვაც კი არ შეეძლო.
როცა გამოკეთდა, ჯგუფი პატარა ლეიბლს მეიჯორ Island-ზე ცვლის, რომელიც პი ჯეიმ იმ მიზეზით აირჩია, რომ მასზე მისი ფავორიტის ტომ უეიტსის ფირფიტები გამოდიოდა. იწყება მეორე ალბომზე მუშაობა, რომლის პროდიუსერი ცნობილი სტივ ალბინი ხდება. ამ უკანასკნელმა ჩანაწერებისთვის ატონალური ჟღერადობის მიცემით გაითქვა სახელი. ”Rid Of Me”-ზე მუშაობისას მშვიდი მომენტები მაქსიმალურად მიიჩქამალა, ხმამაღალი კი - გააძლიერეს.
ალბომი გამოდის 1993 დასაწყოსში და პი ჯეი ჰარვის დისკოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ალბომი ხდება. თავდაპირველად Island-ის ბოსები გაოცებული იყვნენ კომერციული ელემენტების არარსებობით, არადა ჯგუფისთვის ალბომს წარმატება მხოლოდ ინგლისში კი არა, ამერიკაშიც მოაქვს. ჟღერადობით საკმაოდ მძიმეა, ლირიკა სექსუალური მინიშნებებიდან იური გაგარინობის სურვილამდე მიდის (მისთვის მიძღვნილ Yuri-G-ში). დისკისა და გამოსული სინგლების გარეკანი, ასევე ვიდეო Man-Size, ფერების შავ-თეთრი შეხამებით ჩანაწერის მთლიან განწყობას უსვამს ხაზს. ალბომის შემდგომი გასტროლები ისეთი ხმაურით მიმდინარეობს, რომ ხანდახან U2-ს ტურსაც ჩრდილავს.
”Rid Of Me”-ის წარმატება პოლის საშუალებას აძლევს, თაყვანისმცემლები იმავე წელს კიდევ ერთი რელიზით გაახაროს. გამოდის ”Rid Of Me”-ს კომპოზიციათა დემოვერსიები - ”4-Track Demos”. მალე სრულიად მოულოდნელი ამბავი ხდება - პოლი ჯგუფს შლის. მოგვიანებით ჟურნალ Q-ს უამბობს, რომ ეს ჯგუფის არსებობის უპერსპექტივობისა და რობ ელისთან (ისიც წერდა მუსიკას) უთანხმოებათა გამო გააკეთა. შემდეგ წერს ალბომს სოლოარტისტის რანგში და იტოვებს ჯგუფის სახელს, რომელიც ამავე დროს მისი საკუთარი სახელიც იყო. მასალის დასაწერად მიტოვებულ უჟმურ სახლში გადადის, ჩაწერაზე კი იწვევს ბევრ ადამიანს, მათ შორის ჯონ პერიშს და ცნობილ პროდიუსერს ფლადს, რომელიც U2-სთან და Smashing Pumpkins-თან მუშაობს. შედეგი - უპირქუშესი, ერთდროულად სასოწარკვეთილებითა და ეროტიზმით გაჯერებული ჯაზბალადები, რომელთაც To Bring You My Love დაერქვა. ალბომში ინსტრუმენტების ფართო ნაკრებია, მათ შორის ისეთებიც, ადრე რომ არ გამოუყენებიათ - კლავიშები და ორღანი.
ალბომი 1995 წელს გამოდის და ძალიან მალე ჰიტი ხდება. ამას ხელს უწყობს ვიდეო Down By The Water, რომელიც ხშირად ჩნდება MTV-ზე; დამხრჩვალი გოგონას ამბის მიუხედავად სიმღერა ყველაზე ცნობადი ხდება პი ჯეი ჰარვის შემოქმედებიდან სწორედ მარია მოხნახის - პოლის ახლო მეგობრის მიერ გადაღებული კლიპის წყალობით - პი ჯეი სექსუაურად ცეკვავს, წითელ კაბასა და ოქროსფერ ფეხსაცმელებში და დიდი ხელოვნური წამწამებით ცურავს. საერთოდ, თუ მომღერლის გარეგნულ სახეზე ვილაპარაკებთ, უნდა ითქვას, რომ სახეზეა კარდინალური ევოლუცია: სამხედრო, ჯინსების, მამაკაცის მაისურების, თმის ბუდისა და მაკიაჟის სიჭარბემდე. თანდაყოლილმა გემოვნებამ და ზომიერების გრძნობამ პოლის საშუალება მისცა, უგემოვნობასა და გარეგნობისადმი შემოქმედებით მიდგომას შორის ზღვარი დაეცვა. იმიჯის შეცვლა სცენაზე პოლის მდგომარეობით აიხსნებოდა: მან მაქსიმალურად გაზარდა თანმხლებთა შემადგენლობა, აღარ უკრავდა გიტარაზე და სცენაზე ყოველ გამოსვლას წარმოდგენად აქცევდა. თუმცა ალბომისშემდგომი ტურის დროს პოლი ენერგიისგან იცლება: კარგავს წონას, დროდადრო გონებასაც.
თითქმის ანორექსიამდე მისული PJ ტურის დასრულებისთანავე ფსიქიატრთან მიდის.
1996 წ. პოლი ჯონ პერიშთან ერთად წერს ალბომს Dance Hall At Louse Point, რომელიც იმ ნომრებს შეიცავს, რომელთაც მოგვიანებით საბალეტო დადგმებში გამოიყენებენ. პოლი წერდა ტექსტებს და მღეროდა, ჯონი თხზავდა მელოდიებს და უკრავდა ინსტრუმენტებზე. ამავე წელს პი ჯეი ვოკალს წერს ორი სიმღერისთვის, რომლებიც მისი მაშინდელი boyfriend-ის ნიკ ქეივის ალბომში Murder Ballads-ში შედის. ერთ-ერთი - Henry Lee გამოდის სინგლად.
მომდევნო ალბომი Is This Desire? მხოლოდ 1998 წ. გამოვიდა და ბევრის აზრით, მათ შორის თავად პი ჯეი ჰარვის აზრითაც, მომღერლის საუკეთესო ნამუშევარია - ყველაზე მძიმე როგორც აღსაქმელად ისე სამუშაოდაც. ჩაწერაში მონაწილეობდნენ რობ ელისი და პოლის მეოგბარი Tricky, რომელთანაც ცოტა ხნით ადრე სიმღერა Broken Homes ჩაწერა ალბომისთვის Angeles With Dirty Faces (1998).
ალბომის ჩაწერამ დიდი დრო დაიკავა. ის ქეივთან ურთიერთობის გაწყვეტის გავლენით იწერებოდა; ლექსები ჯერომ სელინჯერის მოთხრობებითაა შთაგონებული; მუსიკალური ნაწილი სავსე იყო ელექტრონული, ადგილ-ადგილ ინდუსტრიული ჟღერადობითაც კი, გიტარები, რომლებიც ადრე მთავარი იყო მშვიდი კლავიშებიანით შეიცვალა. მასალა მარია ბრისტოლში მაკჰნახისა და ჯონ პერიშის სახლის სარდაფში იწერებოდა. სტუდიური მუშაობა გაჩაღებული იყო, როცა პოლიმ ყველაფერი მიატოვა, პროდიუსერ ფლადს დაურეკა და უთხრა, რომ მუსიკა მეტად აღარ აინტერესებს და აფრიკაში მედდად სამუშაოდ მიდის. მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ის დაუბრუნდა ჩანაწერებს და მთელი მასალა გადააკეთა. მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში ის იტყვის, რომ ეს ალბომი საკუთარ თავს მიუძღვნა.
”Is This Desire?”-ის პოპულარიზაციას დაეხმარა ორი სინგლი ”The Wind” და ”A Perfect Day Elise”, რომელთაც შესანიშნავი ვიდეო ჰქონდა. და მიუხედავად იმისა, რომ ალბომი არ სარგებლობდა დიდი კომერციული წარმატებით, სერიოზულ ნომინაციებში წარადგინეს.
1999 წელს პოლი ჯინი ნახევარი წლის წინ აშშ-ში მიემგზავრება, რეჟისორ ჰელ ჰარტლის ფილმში ”ცხოვრების წიგნი” თანამედროვე მარია მაგდალინელის როლის შესასრულებლად. გადაღებების შემდეგ ის ერთხანს კიდევ რჩება ამერიკაში, მშობლიურ დორსეტში დაბრუნების შემდეგ კი თავისი მთავარი ალბომის ”Stories From The City, Stories From The Sea” მასალას წერს. სათაურიდანაც ჩანს, რომ თემატურად ჩანაწერი ორ ნაწილად იყოფა: ”ქალაქური” (ნიუ-იორკი) და ”საზღვაო” (დორსეტი). ალბომი მშვენივრად იყიდებოდა და მხოლოდ საქებარი გამოხმაურება ჰქონდა. ჩაწერაში ძველი მეგობრების რობ ელისისა და მიკ ჰარვის (ნიკ ქეივის The Bad Seeds-იდან) გარდა, მონაწილეობდა პი ჯეის მეგობარი ტომ იორკიც (Radiohead); მათი სიმღერა-დუეტი ”This Mess We’re In” დღემდე ხვდება სხვადასხვა რეიტინგების საუკეთესოთა ნუსხაში. ალბომმა პრესტიჟული პრემია Mercury Music Prize-ი მიიღო და ფული აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგებთან ბრძოლის ფონდს გადასცა. თუმცა თავად პოლი ალბომით უკმაყოფილიყო იყო.
2001 წელს ჩნება არაოფიციალური ვიდეო Stories From The Road, რომელზეც აღბეჭდილია გასტროლები. იმავე წელს პი ჯეი ჰარვი სათავეში უდგას როკ- და პოპსამყაროში უმთავრესი ქალების რეიტინგს ჟურნალ Q-ს ვერსიით.
სამწლიანი დუმილი 2004 წლის მაისში სინგლის The Letter და 31 მარტს ალბომის Uh Huh Her გამოსვლით ირღვევა. ჰარვის ყველაზე ეკლექტური ჩანაწერი, რომელიც თითქოს აჯამებს მის ნამუშევარს: კომპოზიციათა მრავალპლანიანობა - ხმაურიანი და მრისხანედან (Who The Fuck?) მშვიდ და აკუსტიკურამდე (”The Desparate Kingdom Of Love”), დამამთავრებელი ნომრის სახით თოლიების ყვირილის ჩანაწერიცაა ჩართული. ფირფიტა პოლის სახლის სტუდიაში ჩაიწერა, თვითონვე უკრავდა ინსტრუმენტებზე, დასარტყამების გარდა - მათზე პასუხისმგებელი რობ ელისი იყო.
2005 წელს ტურის დასრულების შემდეგ პოლი აცხადებს, რომ ოფიციალურად ტოვებს მუსიკალურ სამყაროს. ჰარვი მარიანა ფეიტფულის ალბომის Before the Poison (2004) პროდიუსერი იყო და დაწერა და მონაწილეობდა კიდეც 5 სიმღერის ჩაწერაში. 2006 წელს გამოდის პი ჯეი ჰარვის პირველი ოფიციალური DVD ”PJ Harvey On Tour: Please Leave Quietly, ამავე წელს გამოდის ВВС-ზე მისი გამოსვლების ჩანაწერები ”The Peel Sessions 1991-2004”. 2007 წელს გამოიცა წიგნი, რომელიც ალბომ ”Rid Of Me”-ს მიეძღვნა.
2007 წლის 28 სექტემბერს ძალიან კამერული და მშვიდი მეშვიდე ალბომი White Chalk გამოდის. პირველი სინგლი გახდა სიმღერა When Under Ether, მეორე სინგლი 2008 წელს - The Piano. ალბომს გამოარჩევს მცირე ქრონომეტრაჟი (33 წუთზე ოდნავ მეტი) და პოლის ვოკალი, რომელიც დაბალი ტონალობებიდან მაღალზე გადავიდა. კრიტიკოსებმა ჩანაწერი შეაქეს. 2008 წლის ზამთარში პი ჯეი ჰარვის ოფიციალურ საიტზე გამოცხადდა, რომ მუსიკოსი ჯონ პერიშთან ერთად იწყებდა მუშაობას და ეს იქნებოდა 12 წლის წინ გამოსული Dance Hall At Louse Point-ის გაგრძელება. 2008-ში გამოვიდა ალბომ White Chalk-ის მესამე სინგლი The Devil. სწორედ იმ დროს წარადგინეს პოლი ჯინი BRIT Award-ზე ნომინაციაში Best British Female Solo Artist. პოლიმ გადაწყვიტა გასტროლებით თავი არ გაეთანგა, ამიტომ მცირე ტურნეს დასჯერდა.
PJ Harvey 14 თებერვლისთვის ახალ სტუდიურ ალბომს გამოუშვებს, სახელწოდებით Let England Shake. ომისთვის მიძღვნილი ალბომის მასალა ჰარვის მშობლიურ საგრაფო დორსეტში ჩაიწერა. მომღერალი თავად იყო პროექტის პროდიუსერი. დაეხმარნენ ძველი მეგობრებიც: პროდიუსერი მარკ Flood ელისი (მუშაობდა Depeche Mode-თან და U2-სთან), მულტიინსტრუმენტალისტი ჯონ პერიში და მიკ ჰარვი, რომელმაც ახლახან დატოვა The Bad Seeds.
მთავარი სიმღერის («Let England Shake») პრემიერა ჯერ კიდევ 18 აპრილს, ენდრიუ მარის შოუზე შედგა. ჰარვიმ განაცხადა, რომ შესანიშნავ შემოქმედებით ფორმაშია და ახალი ფირფიტის მხარდასაჭერად კონცერტებს გეგმავს. ჯერჯერობით ოფიციალურად ანონსირებულია ბრიუსელის, ბერლინის, პარიზისა და ლონდონის კონცერტები.
2009 წელს გამოვიდა ჯინ პერიშის დისკი «A Woman a Man Walked By», რომლის 9 სიმღერისთვის ვოკალი პი ჯეი ჰარვიმ ჩაწერა. ამავე წლის ზამთარში მომღერალმა ჰენრიკ იბსენის პიესის ბროდვეული წარმოდგენისთვის მუსიკა შეთხზა. 2009 წლის ნოემბერში გამოცემა NME-მ ჰარვის ფირფიტა ”Stories from the City, Stories from the Sea” 2000-იანი წლების 10 საუკეთესო ალბომს შორის დაასახელა.
”სიახლის ძებნა და პოვნა, ექპერიმენტები მანამდე უცნობ ჟანრებში - მგონი, ესაა ჩემთვის ყველაზე მთავარი. რადგან ვგრძნობ, რომ თუ საკუთარ თავს გავიმეორებ, მალე მე თვითონ დავკარგავ ინტერესს”
დისკოგრაფია:
ალბომები
* Dry (1992)
* Rid Of Me (1993)
* To Bring You My Love (1995)
* Dance Hall Live At Louse Point (1996) с John Parish
* Is This Desire? (1998)
* Stories From The City, Stories From The Sea (2000)
* Uh Huh Her (2004)
* White Chalk (2007)
* A Woman A Man Walked By (2009)
* Let England Shake (2011)
კრებულები:
* 4-Track Demos (1993)
* The B-Sides (1995)
* The Peel Sessions 1991—2004 (2006)
DVD
* Stories From The Road (2001)
* PJ Harvey On Tour: Please Leave Quietly (2006)
მასალა მოამზადა ს. გულიაშვილმა
eva.ge
იანვარი, 2011