ჰიუ გრანტი - ინტერვიუ ბერბიჭა ჯენტლმენთან

  00:47:36     14-04-2014

”ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა”, ”რეალური სიყვარული”, ”ბრიჯიტ ჯონსის დღიური”, ”ნოთინგ ჰილი” - რა აერთიანებს ამ ფილმებს, ყველაზე მკაცრ ქალბატონებსაც რომ მომღიმარ მეოცნებეებად აქცევს ხოლმე? რა თქმა უნდა, მთავარი გმირი: შეყვარებული ჰიუ-გრანტი.

იდეალური ინგლისელი 54 წელსაა მიღწეული და ამბობს, ზედმეტად მოვხუცდი რომანტიკული კომედიებისთვისო (არადა 40-საც ვერ მისცემ). ასეთი აღიარების მიუხედავად, ბოლო ფილმი, რომელიც 2010 წლის 4 თებერვალს გამოვიდა ეკრანებზე, ცოლ-ქმარ მორგანებზე მოგვითხრობს და ზემოხსენებულთა კატეგორიიდანაა - ჰიუ გრანტი და სარა ჯესიკა პარკერი ცოლ-ქმარს თამაშობენ.

მსახიობი ლონდონის სასტუმრო The Dorchester-ში ხვდება ჟურნალისტს:

– როგორ თუ ბებერი? პირველ რიგში, მსგავსი არაფერია. მეორე რიგში, რაღა ფილმია მაშინ ეს? 

– რა არის რომანტიკული კომედია? – ბიჭი ხვდება გოგოს. ჩვენი ფილმი კი ოჯახურ ცხოვრებაზეა და მის სირთულეებზე. ”ბიჭის” როლისთვის მართლა ბებერი ვარ, მაგრამ ოჯახი გაყრის ზღვარზე - ზედგამოჭრილია. მიყვარს, როცა მიღებენ, მოედანზე კარგ ჯგუფთან ერთად მუშაობა, მაგრამ რასაც არ ვისურვებდი, ისაა, რომ რომანტიკულ კომედიაში ახალ როლზე 65 წლის ასაკში ვსაუბრობდე.

– ადრე გითქვამთ, რომ გადაღებებისგან რამდენიმე წლით დასვენება გსურთ. არადა მალე დაბრუნებულხართ შვებულებიდან. 

– დიახ, იყო მომენტი, როცა ძალიან დაღლილად ვგრძნობდი თავს. ვღიზიანდებოდი, კიდევ უფრო უხასიათო გავხდი, ვიდრე ჩვეულებრივ ვარ და ა.შ. 

– უგუნებო ჰიუ გრანტი? ნუთუ ეს შესაძლებელია?

– დიახ. პერსონაჟებისგან განსხვავებით, მოსაწყენი და ბანალური ვარ. ჩემი უგუნებობის მიზეზი კარგა ხანს პანიკის შეტევები იყო, რომლებიც ფართო პლანების გადაღებისას მემართებოდა. ძალიან ვნერვიულობ, როცა კადრში მარტო ვარ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარი ჩემს თავზეა. მოულოდნელად სული მეხუთება. საშინელი სანახაობაა. 

– სერიოზულად? თქვენს ფილმებს თუ გავიხსენებთ, იქ უამრავია ახლო ხედია. ნუთუ ყოველ ჯერზე ასე ღელავთ? 

– ვცდილობდი, თავი ხელში ამეყვანა. პირველად ეს მაშინ მოხდა, როცა ”ნოთინგ ჰილს” ვიღებდით, თუმცა ეს კიდევ მსუბუქი ვარიანტია. სხვა დროს იყო შემთხვევები, როცა მთელი გადაღებების პერიოდში ტრანკვილიზატორებზე "ვიჯექი". კიდევ კარგი, ეს ჩემს პერსონაჟს უხდებოდა.

– გავიგე, რეჟისორის კარიერისთვის ემზადებით... 

– დიახ, ჩემს რამდენიმე კოლეგასთან ერთად უკვე განვიხილე ამის შესაძლეობლობა. ვნახოთ, რა იქნება. ახლავე გაფრთხილებთ: ეს არ იქნება შექსპირი და არ იქნება რომანტიკული კომედია!

– თქვენ, უფრო სწორად თქვენი გმირები, დიდი ბრიტანეთის განსახიერება ხართ. როგორც ბრიტანელი მამაკაცების დესპანს, შეგიძლიათ გულზე ხელი დაიდოთ და განაცხადოთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მოხდენილად იცვამთ. 

– (იცინის) არა, ეს მოძველებული კლიშეა. საშინლად ვიცვამთ, ყველაზე ცუდად! აი, ეს კოსტიუმიც თქვენთვის ჩავიცვი დღეს, საგანგებოდ. მეჩვენება, რომ 1939 წლიდან მაინც საერთოდ დავკარგეთ სტილი და გემოვნება.

– აი, ინგლისურ იუმორს კი არ ღალატობთ! როგორც ჩანს ბოლო ფილმში თქვენი ხუმრობებია, ასეა? 

– დიახ, მარკი (რეჟისორი მარკ ლოურენსი) და მე სცენარზე ერთად ვმუშაობდით, ბევრი რამ დავუმატე პერსონაჟს, გადაღებებზე იმპროვიზირებასაც არ მოვრიდებივარ. ვიტყოდი რამე სისულელეს და მერე ველოდი გადამღები ჯგუფის რეაგირებას. თუ ყველა ერთად ხითხითებს, ე.ი. ხუმრობა გამოვიდა. 

– მაშინ თუ ისმოდა კოლექტიური სიცილი, როცა დათვს გაურბოდით? 

– დიახ, დიახ! სცენა, რომელშიც დათვი თავს მესხმის, ისე გადაიღეს, როგორც ეკრანზე ჩანს. არ უთქვამთ, ჯერ დათვს გადავიღებთ, მერე - შენ და მერე მივაწებებთო. თავიდან გავცოფდი. მაგრამ რამდენიმე დუბლის შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენი დათვი, სახელად ბარტი, ისეთივე განებივრებული მსახიობი იყო, როგორც მე. მოსწონდა, როცა ყოველი დუბლის წინ ვარცხნიდნენ, სულ ცდილობდა "ლამაზი" მხრიდან მიბრუნებულიყო კამერისკენ, გიჟდებოდა აპლოდისმენტებზე, მოფერებაზე და ა.შ. მოკლედ, რამდენიმე საათის შემდეგ მე და ბარტი მთელი გატაცებით ვსაუბრობდით თეატრზე.

– ამ ფილმში ძალიან ბევრს დარბიხართ: დათვისგან, მკვლელებისგან, ცოლთან ერთად. მშვენიერ ფორმაში ხართ! რომელი სპორტი გირჩევნიათ? 

– გმადლობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემს საყვარელ სპორტს ფორმასთან საერთო არაფერი აქვს. ვგიჟდები გოლფზე. უზნეობამდე მიტაცებს.

– ველურ დასავლეთში თუ იყო გოლფის თამაშის საშუალება დუბლებს შორის?

– გადაღებების დამთავრების შემდეგ ვაიომინგი მოვიარე მანქანით. იქ ისეთი პეიზაჟებია, სიტყვით ვერც გადმოსცემ. მივხვდი ამერიკის "მუღამს", როცა მხოლოდ მანქანით სეირნობაც სიამოვნებას განიჭებს. ეს ენტონი ჰოპკინს უყვარს საშინლად – რამდენიმე საათით არსაით წასვლა. 

ინგლისური პეიზაჟები სამწუხაროდ ასე არ მომწონს. თუმცა, ისე მიყვარს ჩემი მანქანა, რომ სადმე წასვლაც არ მჭირდება. სრული აბსურდია, მაგრამ ჩემს მანქანაში მიყვარს სადილი. ვზივარ ჩემთვის: მოხერხებული სავარძელი, იდეალური ტემპერატურა, საყვარელი მუსიკა — სამოთხე! ზაფხულში - გრილია, ზამთარში - თბილა. ჩემს სახლზე ამას ვერ იტყვი. ტიპიური ინგლისური სახლი მაქვს. მასში ტემპერატურას ყოველთვის რაღაც სჭირს. 

eva.ge