
„ამოღებულია 130 კილო ჰეროინი, დაიკარგა 14, დაკავებულია დავით ბედია“
13:33:20     08-04-2014
ექსკლუზივი: „პრესა.ჯი“-ს უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მიაწოდეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, შს სამინისტრომ, უპრეცენდენტოდ დიდი ოდენობით ჰეროინი - 130 კილო ამოიღო.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, საქართველოს საზღვართან დააკავეს, რამაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორების ყურადღება მიიქცია. მათ, ქართველ სამართალდამცველებს მადლობაც გადაუხადეს.
130 კილო ჰეროინი, საქართველოში, სავარაუდოდ, ტრანზიტულად შემოიტანეს და ის ერთ-ერთ ქვეყნამდე უნდა ჩაეტანათ.
ქართველმა პოლიციელებმა კი, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, შესაძლოა, რამდენიმე ასეული ადამიანი იხსნეს ნარკო-სიკვდილისაგან. შს სამინისტრომ ტრანზიტულად განკუთვნილი 130 კილო ჰეროინი და მისი შემომტანები დააპატიმრა.
თუმცა, „პრესა.ჯი“-ს წყაროს ინფორმაციით, სწორედ აქ იწყება არანაკლებ საინტერესო ისტორია. წყაროს მტკიცებით, ამოღებული 130 კილო ჰეროინიდან, 14 კილომდე ნარკოტიკი დაიკარგა. სპეციალისტთა მტკიცებით, 14 კილო ჰეროინი, „შავ ბაზარზე“, რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს.
„პრესა.ჯი“-ს მიაწოდეს ინფორმაცია რომ ამ საქმეზე დაკავებულია საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ბედია. „ამოღებულია 130 კილო ჰეროინი, დაიკარგა 14, დაკავებულია დავით ბედია“, - გვიყვება წყარო.
დავით ბედია თბილისის პოლიციის ყოფილი შეფის, სოსო ალავიძის ნათესავია. ის, ბოლოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
თუმცა, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის მთავარ სამმართველოში გავარკვიეთ, დავით ბედია იქ, ერთ თვეზე მეტია აღარ მუშაობს.
„დავით ბედია უკვე ერთ თქვეზე მეტია ჩვენთან აღარ მუშაობს. არ ვიცი, დაკავებულია თუ არა“, - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის მთავარი სამმართველოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა, თეონა კობიძემ.
შს სამინისტროში დავით ბედიას დაკავების ფაქტს არ ადასტურებენ. „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროში უთხრეს რომ დავით ბედია დაკავებული არ არის.
თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ამტკიცებს, მისი დაკავება გასაიდუმლოებულ ვითარებაში მოხდა. მეტიც, მისი თქმით, ბედიასთან ერთად დაკავებულია კრიმინალური პოლიციის უფროსის მოქმედი მოადგილეც.
საქმე კი, პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი შს მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს, რომელმაც ყველა მნიშვნელოვანი დეტალის გარკვევა და ამ საქმეში ჩართული პირების გამოვლენა უკვე დაავალა შესაბამის სამსახურებს.
რაც შეეხება საქართველოს საზღვართან 130 კილო ჰეროინის დაკავების ფაქტს, "პრესა.ჯი"-ს, შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა უთხრა: „ამ თემასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. როცა გვექნება სათქმელი, ჩვენ თვითონ დაგიკავშირდებით“.
„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, შს სამინისტროს მიერ ჩატარებულ მართლაც უმნიშვნელოვანესი სპეცოპერაციის დეტალებს, მალე ოფიციალურადაც გაასაჯაროვებენ.
სპეციალისტთა განცხადებით, ჩატარებული სპეცოპერაცია, თავისი ხარისხის, მნიშვნელობისა და მსოფლიო ნარკო-პოლიტიკის გათვალისწინებით, ქართველი სამართალდამცველების განსაკუთრებულ შექებას იმსახურებს და მათ პროფესიონალიზმზე მეტყველებს.
P.S: "presa.ge"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის, ამ სტატიის ან მისი ნაწილის გამოყენების შემთხვევაში, გთხოვთ მიუთითოთ წყარო.