თავდგირიძე: რუსეთის მიერ მორიგი სამხედრო აგრესიის საფრთხე იზრდება...

  13:17:20     02-04-2014

ამერიკული დაზვერვის საგანგაშო ინფორმაციაზე, რომლითაც რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოში მორიგ შემოჭრას პროგნოზირებენ, ქართულ მხარეს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკ როჯერსის ინფორმაციით, რუსეთი შესაძლოა, საქართველოში მორიგი აგრესიის განხორციელებას გეგმავდეს.

„ფოქს ნიუსთან“, როჯერსმა განაცხადა რომ,  ე.წ. სამხრეთ ოსეთისკენ რუსეთმა სამხედრო ძალების გადაადგილება დაიწყო. კონგრესის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარე  არ გამორიცხავს, რომ ვლადიმირ პუტინი, საქართველოსა და სომხეთში ერთდროულად შეჭრაზე ფიქრობდეს, რათა ევროპულ-ამერიკული სანქციების პარალელურად, ირანთან პირდაპირი გასასვლელი მოიპოვოს.

„პრესა.ჯი“: აღნიშნულ საკითხზე სამხედრო ექსპერტს, გიორგი თავდგირიძეს ესაუბრა.

„პრესა.ჯი“:  აშშ-ის კონგრესის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკ როჯერსის თქმით,  ე.წ. სამხრეთ ოსეთისკენ რუსეთმა სამხედრო ძალების გადაადგილება დაიწყო.  კონგრესმენი ამბობს, რომ პუტინი შესაძლოა საქართველოსა და სომხეთში შეჭრაზე ფიქრობდეს...

გიორგი თავდგირიძე: ეს ინფორმაცია, აუცილებლად გასათვალისწინებელია. უნდა დამუშავდეს აშშ-ს კონგრესის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ქართული მხარის მიერ. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში გვაქვს გარკვეუილი შესაძლებლობა ინფორმაციის მიღებისა აშშ-დან და ამიტომ, ეს ინფორმაცია უსწრაფესად უნდა დაზუსტდეს.

- რამდენად დიდია რუსეთის მხრიდან საქართველოში შემოჭრის ალბათობა?

- ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა, ის რომ შეიარაღებული ძალების რაოდენობა იზრდება ცხინვალში, ეს უკვე შემაშფოთბელია. იმისათვის რომ სწორად განისაზღვროს რუსეთის მიზნები, დასაზუსტებელია, თუ რა ტიპის ქვედანაყოფები იზრდება რეგიონში.

მხოლოდ ამ ინფორმაციის შეჯამებით მივიღებთ ნათელ გეგმას, რამდენად დიდია რუსეთის შემოჭრის ალბათობა.

გასათვალისწინებელია ისიც რომ რუსეთი, ჯერჯერობით, ომის მოსამზადებელ საინფორმაციო პროპაგანდას არ აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა, ძალების მობილიზება აშკარად შეინიშნება, რაც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს მთავრობამ.

ქართულმა მხარემ შესაბამისი სამხედრო ღონისძიებები აუცილებლად უნდა გაატაროს. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ გარკვეული ძალთა ბალანსი არსებობს. ამ ეტაპზე, რუსეთის მიერ მორიგი სამხედრო აგრესიის საფრთხე იზრდება, მაგრამ იმის თქმა დღეს რომ ომი გარდაუვალია და რუსეთი თავისი მიზნების რეალიზებას მოახდენს, ჯერჯერობით ძნელია.

- ყირიმის შემდეგ, მსოფლიო თანამეგობრობის სანქციების გათვალისწინებით, გაბედავს პუტინი საქართველოს მორიგ ანექსიას?

- გარკვეული ალბათობა არსებობს. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ გამოაჩინა, რომ რუსეთმა გარკვეულწილად თავისი სტტატეგია შეცვალა. ეკონომიკური გავლენის სტრატეგია ჩანაცვლდა ე.წ „რუსული ტერიტორიების“ დაბრუნების სტრატეგიით.

რუსულ ანალიტიკურ წრეებში ხდება იდეოლოგიური უზრუნველყოფა იმ თემის რომ კრემლმა უნდა დაიბრუნოს ის მიწები, რომელიც ერთ დროს მისი იყო და ამ სივრცეში უნდა აღადგინოს დიდი რუსეთის სახელმწიფო.

შესაბამისად, ამ კონტექსტში, არ არის გამორიცხული რომ კავკასიის პლაცდარმიც ჩაითვალოს რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად და მოხდეს ამ ტერიტორიის მიერთება.

შემაშფოთებელი სწორედ ეს არის რომ ეკონომიკური გავლენა, რომელიც სამხედრო დაპირისპირების არიდებას ითვალისწინებდა, ჩანაცვლდა იმ ახალი სტატეგიით, რომელიც პირდაპირ გულისხმობს სამხედრო ბერკეტების გამოყენებას.

ამ სტრატეგიის ფარგლებში, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთის გეგმაში შეიძლება იყოს კავკასიის რეგიონში პლაცდარმის გაფართოვება.

- რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქართული მხარის მიერ, შესაძლო საფრთხის თავიდან ასაცილებლად?

- საქართველოს დიპლომატიურ ველში უნდა დაისვას ეს შეკითხვები. რუსეთს პირდაპირ უნდა ვკითხოთ, რას ხდება ცხინვალის რეგიონში. მოვითხოვოთ მონიტორინგი, იმისთვის რომ შეფასდეს ვითარება. კერძოდ, დაზუსტდეს, ხდება თუ არა, სამხედრო ძალების ზრდა. უნდა გაეცეს პასუხი კითხვას: რისთვის ემზადება რუსეთი?

პარალელურ რეჟიმში, საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა ჩაატაროს უსაფრთხოების სისტემის უსწრაფესი რეორგანიზაცია. შეიარაღებულ ძალებს უნდა დაესახოს ახალი ამოცანები. უნდა მოხდეს ამ ძალების სწრაფი რეორგანიზაცია ამ ამოცანებიდან გამომდინარე. უნდა მოვახერხოთ რომ ცხინვალის რეგიონში ძალთა ბალანსი იქნას დაცული.