ჯექსონის ახალი ალბომი და უცნობი სიმღერები - მსოფლიო მედია „პოპის მეფის“ შესახებ

  13:10:24     01-04-2014

მაისში, მაიკლ ჯექსონის კიდევ ერთი ახალი, გარდაცვალების შემდგომი ალბომი გამოვა. ამის შესახებ „როიტერსი“, „თაიმი“ და მსოფლიო მედიის სხვა, არაერთი წამყვანი საშუალება იტყობინება. 

მაიკლ ჯექსონი 2009 წელს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, უკვე გამოვიდა ორი მუსიკალური ალბომი: Michael (2010) და Immortal (2011). თითოეული მათგანი გრანდიოზული ტირაჟით გაიყიდა და მთლიანობაში, პოპის გარდაცვლილ მეფეს, უკვე სიკვდილის შემდგომ, 160 მლნ. დოლარის შემოსავალი მოუტანა. სხვათაშორის, ამის წყალობით, 2013 წელს, მაიკლ ჯექსონი ყველაზე მდიდარი მიცვალებულების „ფორბსის“ რეიტინგის ლიდერი გახდა. 

ამ ახალ ალბომს Xscape ეწოდება და მასში, მომღერლის რვა, სრულიად უცნობი სიმღერა შევიდა, რომლებიც ჯექსონს საჯაროდ არსად შეუსრულებია და არც, რაიმე სხვა ფორმით ყოფილა გამოქვეყნებული. 

ახალ ალბომში შესული სიმღერები ცნობილმა პროდიუსერმა, ანტონიო რეიდმა შეარჩია. მუსიკალურ სამყაროში ის ასევე ცნობილია როგორც, ლა რეიდი. ჯექსონის ახლობლებმა და მემკვიდრეებმა რეიდს, მომღერლის შემოქმედებითი მემკვიდრეობის სრული ანალიზის შესაძლებლობა მისცეს. ასე იპოვა ლა რეიდმა ის რვა სრულიად უცნობი სიმღერა, რომლებიც აქამდე ჯერ არც ერთ ალბომში არ შესულა. 

ანტონიო რეიდის გარდა, ახალ დისკზე, კიდევ ორი, ძალიან ცნობილი მუსიკალური პროდიუსერი მუშაობდა: ტიმბალანდი და როდნი ჯერკინსი. სახელი, ახალ დისკს, ერთ-ერთი, ასევე ჯერ გამოუცემელი სიმღერის გამო ეწოდა. 

იმ რვა, სრულიად უცნობი სიმღერიდან, რომლებიც შევიდა ამ ალბომში, განსაკუთრებულ ინტერესს მაინც, ორი იწვევს: თავად Xscape და Slave To The Rhythm, რომლის ჩანაწერიც, ინტერნეტში თებერვალში უკვე გამოჩნდა. 

შეგახსენებთ, პოპის მეფედ წოდებული მაიკლ ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი შემოქმედება დღესაც ისეთ ინტერესს იწვევს, რომ მისი ახალი, უცნობი სიმღერებით შედგენილი ალბომის გამოსვლა უმნიშვნელოვანეს მოვლენადაა მიჩნეული; იმდენად, რომ ამის შესახებ ვრცლად საუბრობს მსოფლიო მედიის პრაქტიკულად ყველა გავლენიანი საშუალება.