
წიკლაურის ცემის ფაქტი არ გახსნილა: „საქმე გახსნილი რომ იყოს ხომ გაიგებდით“ - პროკურატურა
11:51:50     01-04-2014
უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტი მეორე დღეა მთავარ თემად რჩება. ოპოზიცია 8 ნიღბიანის მიერ დეპუტატზე თავდასხმას და მისი გატაცების მცდელობას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს. ხელისუფლება კი აცხადებს რომ დეპუტატის ცემის ობიექტურად გამოძიება მის ინტერესებში შედის.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მიმართავენ, მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტურად და ობიექტურად გამოიძიონ პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებული თავდასხმა. მათი განცხადებით, მხოლოდ ასეთი გამოძიება გაფანტავს ყოველგვარ ეჭვს მომხდარი ფაქტის შესაძლო მოტივებთან დაკავშირებით.
„პრესა.ჯი“ დაინტერესდა, რა ეტაპზეა გამოძიება ან ჰყავს თუ არა, მას ეჭვმიტანილები და პირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა.
„პრესა.ჯი“: გახსნილია თუ არა, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის საქმე?
ნინო გიორგობიანი: თუ რამე სიახლე გვექნება, ყველაფერს გაგაგებინებთ.
- სავარაუდო ეჭვმიტანილებიც არ ჰყავს გამოძიებას?
- გაგეცით უკვე პასუხი“...
შსს-ს შემდეგ, „პრესა.ჯი“ მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა. ჩვენ პროკურატურის საოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, თემურ დოლიძეს იგივე კითხვით მივმართეთ: გახსნილია თუ არა, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის საქმე?
თემურ დოლიძე: საქმე გახსნილი რომ იყოს ხომ გაიგებდით, არა? მიმდინარეობს გამოძიება, მთავარმა პროკურატურამ საქმე თავისთან წამოიღო.
- სავარაუდო ეჭვმიტანილები გყავთ?
- გამოძიება მიმდინარეობს...
- როგორც ცნობილია, გამოძიება სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულის მუხლით მიმდინარეობს, წიკლაური ამბობს, რომ მის გატაცებას ცდილობდნენ, მისი ჩვენების შემდეგ გადაკვალიციფირდება თუ არა, მუხლი?
- ამას ვერ მოგახსენებთ, გამოძიება მიმდინარეობს სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით“.