ფრანგულ–რუსული “მისტრალი” იაპონიის სანაპიროებთან
13:30:51     11-02-2011
როგორც ცნობილი გახდა, ფრანგების მიერ, რუსებისთვის აშენებული ორი „მისტრალი“ წყნარი ოკეანის ფლოტს გადაეცემა. ეს ხდება იმ რიტორიკის ფონზე, რომელიც რუსეთსა და იაპონიას შორის, კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით არსებობს. „კურილიის კუნძულების შეიარაღება უნდა იყოს საკმარისი და თანამედროვე, რათა უზრუნველვყოთ კუნძულების უსაფრთხოება, რომელიც რუსეთის განუყოფელი ნაწილი და სტრატეგიული რეგიონია,“ – ეს ორი დღის წინ პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა.
„ჩვენ გვსურს კეთილმეზობლური ურთიერთობა ყველასთან, მაგრამ თუ ვინმე შეურაცხყოფს ამ თანამშრომლობას, შესაბამის ღონისძიებებს მივიღებთ“ – დაიმუქრა კრემლის მეთაური. თავის გამოსვლაში მან რამდენჯერმე ახსენა, რომ კურილიის კუნძულები რუსეთის განუყოფელი ნაწილია.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საელჩოში ტოკიოდან შაშხანის ტყვიები და წერილი მიიღეს, მოთხოვნით: „დაგვიბრუნეთ ჩრდილოეთის ტერიტორიები“! ერთი დღით ადრე კი, იაპონური ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია, რომელიც „ჩრდილოეთის მიწების დღეს“ აღნიშნავს, სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით რადიკალური განცხადებებით გამოვიდა. გასული წლის ბოლოს, პრეზიდენტი მედვედევი სამხრეთ კურილიას ესტუმრა, რამაც იაპონელებში მწვავე პროტესტი გამოიწვია.