ივანე ჯავახიშვილი "მელიაი ტულეფიას" ჩვეულების შესახებ

  01:31:42     28-03-2014

ივანე ჯავახიშვილი - ქართველი ერის ისტორია

(პირველი ტომი, თავი მეორე - ქართველების წარმართობა)

არსენ ონიანმა 1917 წელს პირველად აღწერა "ადრეკილაჲ"-ს დღესასწაული (იხ. მისი "ლუშნუ ამბჳარ").  მაგრამ ეს წარმართული რწმენისა და თაყვანისცემის ნაშთი სრულად ადრეკილაჲს დღესასწაულში ან დაცული არ უნდა იყოს, ან თვით არს. ონიანის აღწერილობა არ უნდა იყოს სრული. იმ ცნობის მიხედვით თითქოს ადრეკილაჲს მთელი დღესასწაული მეფერხულეთა საგალობლით უნდა ამოიწურებოდეს. 

ონიანის სიტყვით ყველიერის შემდგომ მეორე დღეს დილას შავი ორბაშათი ჰქვია. ამ დიდმარხვის პირველ დღეს ლაშხელებმა დიდი დღესასწაული იციან, რომელსაც სვანურად "ლიმურყჳამალ", მურყვამობა, ე. ი. კოშკობა ეწოდება. იმ მურყვამობის დღეს მთელი ხევი ჟაჴუნდერში მოედანზე იკრიბება, ლაშხელი ხომ იშვიათად თუ დააკლდება. ამ დღეს ჯერ ზემოლაშხელები მოდიან ხოლმე საყვირითა და დროშით. ს. მაულდს ზემოლაშხელები საყვირს უკრავენ და თოვლის დიდ "მურყვამს", ანუ კოშკს აკეთებენ და იქ დროშას არჭობენ. ამის შემდგომ ჭიდაობაც იწყება მოპირდაპირე (ე. ი. ზემო და ქვემო ლაშხელთა) მხარეთა შორის, რომელთაც "კესარ"-ად, ე. ი. კეისარად წოდებული თითო მეთაური ჰყავთ. საითაც კეისარი წაიქცევა დამარცხების დროს, იქითკენ იმ თოვლის კოშკსაც გადააქცევენ და ამისდა მიხედვით მომავალი მოსავლის ვითარებასაც არკვევენ ხოლმე. 

ონიანის სიტყვით 8 სხვადასხვა ჩვეულება იციან, რომელთაგან პირველი არის "ადრეკილაჲ", მეორე "მელჲაჲ ტულეფჲაჲ", მესამე "კჳირიაჲ", მეოთხე ფერხული ("ჭიშხაშ"). დანარჩენი 4 მხოლოდ სხვადასხვა სიმღერაა, რომელთა შინაარსი დროთა განმავლობაში ისე უნდა იყოს შეცვლილი, რომ ზემოდასახელებულ დღესასწაულთან ეხლანდელ ლექსებს საერთო აღარაფერი აქვთ. შემდეგ ონიანის აღწერილობაში მოთხრობილია ჯერ "ადრეკილაჲს", შემდეგ "მელჲაჲ ტელეფჲაჲ"-სა და მერმე "კჳირიაჲ"-ს ჩვეულება. 

ონიანის ცნობითგან არა ჩანს, მურყვამობის დღეს ეს დღესასწაული სწორედ ამ თანამიმდევნოებით არის ხოლმე ასრულებული, თუ ამ მხრივ არავითარი წესრიგი აღარ არსებობს და მისი მოთხრობა თვით მისგანვეა დალაგებული. როგორც უნდა იყოს, ცხადია, თავდაპირველად ამ დღესასწაულს არ შეიძლება მტკიცე წესრიგი არ ჰქონოდა და უეჭველია ონიანის აღწერილობაში მოთხრობილი წესრიგი თავდაპირველი წესრიგის გამომხატველად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს. 

"ადრეკილაჲს" ჩვეულება ლაშხეთში ონიანის სიტყვით ასე სცოდნიათ: მეფერხულენი რვა კაცი ერთი მხრით დადგებიან, რვა კიდევ მეორე მხრით და სიმღერას დასძახებენ, რომელიც ასე იწყება: "ადრეკილაჲ წაგვივიდა და მოგვივიდა". ყოველ წინადადებას ჯერ პირველი წყება ამბობს სვანურად, მერმე მეორე იმეორებს მას ქართულად. 

ამ სიმღერის მეორე წინადადებად მეფერხულენი ამბობენ ხოლმე: "ა თქვენისთანა ვაჟებს (ე. ი. მამაკაცებს) თხემებზე ძაღლის სკორემც მოგვიცხია, მოგვიცხია"-ო. ამ მეორე წარსათქმელს მესამე და შემდეგი წარსათქმელი მისდევს, რომლებშიაც "ამისთანა ვაჟებს" მათი სხეულის ყოველ ასოს ასეთსავე უკადრისობას ემუქრებიან. არს. ონიანის აღწერილობით ლაშხური ადრეკილაჲ-ს ჩვეულებაც ეს არის მხოლოდ. 

"მელჲაჲ ტულეფია"-ს წესი იმაში მდგომარეობს, რომ ერთ კაცს შარვალსა და პერანგის ამხანაგს მთლად ჩაჰხდიან ისე, რომ სარცხვინელნი უჩანდეს, ამ ტიტველა მამაკაცს უკან მეორე კაცი მოჰკიდებს ხელს, ამ მეორეს ამნაირადვე მესამე, მესამეს კიდევ მეოთხე და ასე რამდენიც იქნებიან. ამგვარად უკანანი წინა შიშველა კაცს ჰფარავენ. იმ შიშველა კაცს თავისი სარცხვინელნი ხელში უკავია, უკანანი კი მას უკანიდან უქაქუნებენ და თან გაიძახიან: "მელიაჲ ტულეფია, ჲოჰ-ჲოჰ!" შიშველა კაცს კი ხელში წკეპლა უჭირავს და უკანიდან მოქაქუნეებს იმ წკეპლას გადაუჭერს ხოლმე. "მელიაჲ ტულეფია"-ს მთელი ჩვეულების აღწერილობაც არს. ონიანის მონათხრობში ამით თავდება. იშლებიან თუ არა ამის შემდგომ მონაწილენი, ან თუ რჩებიან იქვე, როგორ ატარებენ დროს, ამაზე არაფერი აქვს ნათქვამი. 
...

ქვემო სვანეთში "ადრეკილაჲ"-ს და "მელიაჲ-ტულეფიაჲ"-ს სახელითა და ველური პირველყოფილობით დაცული ეს დღესასწაული ზემო სვანეთში "საქმისაჲ"-ს სახელით არის შენახული. ჯერ კიდევ რაფ. ერისთავს ჰქონდა ამის შესახებ ცნობები 1898 წ. დაბეჭდილ შენიშვნებში მოთავსებული. ეს დღესასწაული დაწვრილებით აღწერილია ე. გაბლიანის ნაშრომში "ძველი და ახალი სვანეთი" (თბილისი, 1925 წ. გვ. 126 ― 127). 

...

უეჭველია, ძველი ქართული წარმართული დღესასწაული მარტო ქართლკახეთში კი არ არის დამახინჯებული და შეცვლილი, არამედ თვით სვანეთშიაც ველური პირველყოფილობა, რასაკვირველია, ლაშხურ ჩვეულებებში უკეთესად არის დაცული, მაგრამ სრული შეცდომა იქნებოდა, რომ ის ამ დღესასწაულის თავდაპირველი სახის დამცველად მიგვეჩნია. პირიქით, ლაშხურ ჩვეულებებს ამ დღესასწაულის დანიშნულებაცა და წინათ მათ შორის არსებული კავშირი და თანამიმდევნობა თითქმის სრულებით დავიწყებული აქვს. 

როგორც არს. ონიანის აღწერილობიდან ჩანს, ლაშხეთში "მურყვამობის" დღესასწაულის დროს პირველად ადრეკილაჲს ჩვეულებას უნდა ასრულებდნენ, შემდეგ "მელიაჲ ტულეფიაჲ" მისდევს და მერმე "კჳირიაჲ"-ს შესახებ აქვს ონიანს ცნობა მოთავსებული. ნამდვილად კი ადრეკილაჲს შესახები ცნობა "მელიაჲ ტულეფია"-ს შესახებ ცნობასთან მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული და თუმცა არს. ონიანის აღწერილობით "ადრეკილაჲ"-ს პირველი ადგილი აქვს მიკუთვნებული, "მელიაჲ ტულეფია"-ს კი მეორე, მაგრამ არსებითად და თავდაპირველად სწორედ წინა -უკმო უნდა ყოფილიყო და უ-მელიაჲ-ტულეფია-ოდ ადრეკილაჲს შესახები ცნობა სრულებით გაუგებარია და ადრეკილაჲს ფერხული და მეფერხულენიც თავდაპირველად უეჭველია "მელიაჲ ტულეფიაჲ"-ს დღესასწაულის ერთ-ერთი ნაწილთაგანი უნდა ყოფილიყო. 

...

სვანური ცნობებისა და რწმენის მიხედვით ადამიანი ვერ მიხვდება, თუ რა კავშირი უნდა ჰქონდეს მურყვამობის, ანუ ადრეკილაჲსა და მელიაჲ-ტულეფიაჲს დღესასწაულთან კჳირიაჲს დიდებასა და საგალობელს, მაგრამ თუ ფშავ-ხევსურულ რწმენას გავიხსენებთ და გვეცოდინება, რომ "წულის მომატება, ანუ შვილიერება, სწორედ კჳირიაზე" იყო დამოკიდებულიდა ხალხური რწმენით შვილის მიმცემ და საერთოდ შვილოსნობის მფარველ ღვთაებად "კჳირია" ითვლებოდა, მაშინ ადვილი გასაგები იქნება ის კავშირიც, რომელიც თავდაპირველად კჳირიაჲს დიდებასა და ადრეკილაჲს წესებს შორის უნდა არსებულიყო.

...

არსენ ონიანს აღნიშნული აქვს, რომ "არც ერთი სასოფლო ლოცვა არ იქნება, რომ პირველად "კჳირიაჲ" არ ახსენონ"-ო. თუ არც ერთი დღესასწაული არ შეიძლება იყოს, რომ პირველად კჳრიაჲს ხსენებითა და საგალობლით არ დაიწყონ, მით უმეტეს, მაშასადამე, კჳრიაჲს ლოცვა-ვედრებას მურყვამობა-ადრეკილაჲს დღესასწაულის დროს უნდა პირველი ადგილი ჰქონდეს დათმობილი. მურყვამობის პირვანდელი დედააზრისა და მიკუთვნილობის დავიწყებისა და თვით დღესასწაულის ზნეჩვეულებათა არევის გამო, კჳირიაჲს განსაკუთრებული მნიშვნელობის შეგნება და მისი თაყვანისცემის წესი, იმგვარადვე როგორც საგალობელი, სვანებს დაჰვიწყებიათ და სულ ხუთიოდე მოხუცებულს-ღა სცოდნია. 

მაშასადამე, მურყვამობა სქესობრივი სიყვარულისა და შვილოსნობის მფარველი ღვთაების "კჳრიაჲ"-ს დღესასწაულის ნაშთი უნდა იყოს. სვანური თანამედროვე ცნობითაც კჳრიაჲ "ღერბეთ"-ად იწოდება, რაც საზოგადო ქართული ღმერთის შესატყვისი ფორმაა, ე. ი. ძლიერ ღმერთად არის მიჩნეული. 

ეხლა რომ იმ საკითხის გამორკვევას შევუდგეთ, თუ რას წარმოადგენდა კჳრიაჲს დღესასწაული და თაყვანისცემა თავდაპირველად, უნდა ყურადღება იმ გარემოებას მიექცეს, რომ როგორც ქვემოსვანურ ადრეკილაჲსა და მეტადრე მელიაჲ ტულეფიაჲს ჩვეულებაში, ისევე ზემოსვანური საქმისაჲს დღესასწაულში, აგრეთვე ქართლ-კახურ ყეენობაშიაც ორ ნაწილად დაყოფილი ხალხი იღებს მონაწილეობას, თითოეულს ამ ორ ჯგუფთაგანს თავ-თავისი მეთაური ჰყავს. მოპირდაპირე ჯგუფები ერთიერთმანეთს ებრძვიან და, ხალხის რწმენით, რომელი მხარისკენაც კოშკს გადააქცევენ, იქითკენ კარგი მოსავალი იქნება. ასეა თანამედროვე სვანური წესით.

...

სქესობრივი გრძნობისა და განაყოფიერების ძალის გაღმერთება-თაყვანისცემის ამ დღესასწაულის თავდაპირველი დედააზრი საქმისაჲსა და კონკილას წყალობით იქ მკაფიოდ არის განსახიერებულ-გამოაშკარავებული, ადრეკილაჲს ფერხული და უშნო სიტყვები კი მეტად ბუნდოვანია და თავის-და-თავად და მარტოდ-მარტო გაუგებარიც იქნებოდა, სხვა ცნობებიც რომ არ გვქონოდა. 

ხოლო თუ ზემოსვანური საქმისაჲს და ქართლ კახური ყეენობის ჩვეულებებს ქვემოსვანური ადრეკილაჲს ფერხულს კი არა, არამედ "მელიაჲ ტულეფიაჲ"-ს შევადარებთ, მაშინ ეს ქვემოსვანური ჩვეულება, რა თქმა უნდა, თავდაპირველი წესების საქმისაჲ -ყეენობაზე უკეთეს დამცველად უნდა მივიჩნიოთ. უეჭველია, ხის "საქმისაჲ", ან და "კონკილა", მით უმეტეს, რასაკვირველია, კანჭის ძვალი, "მელიაჲ ტულეფიაჲ"-ს ჩვეულებაში "ადრეკილაჲ"-ს ცოცხალი განმასახიერებელ-წარმომადგენელი ტიტველი მამაკაცის მონაწილეობის პირველყოფილი წესის მხოლოდ გაკეთილშობილების მცდელობა არის, რაც უთუოდ ამ დღესასწაულის მონაწილეთა თანდათანი კულტურული დაწინაურებით წარმოშობილი მორცხვობისა და მორიდების გრძნობის ხალხის შეგნებაზე უფროდაუფრო გაძლიერებული გავლენის შედეგი უნდა იყოს. 

მაგრამ რამდენადაც ბუნებრივი ხელოვნურ და სიმბოლურ მიმბაძველობაზე უფრო პირველყოფილია, იმდენადვე "მელიაჲ ტულეფიაჲ" ამ თაყვანისცემისა და დღესასწაულის საქმისაჲზე, ყეენობასა და თვით ადრეკილაჲზე უძველეს და პირველად ჩვეულებად უნდა იქნეს მიჩნეული. ამგვარად საფიქრებელია, რომ თავდაპირველად კჳირიას დღესასწაულში ადრეკილაჲ ცოცხლივ და ბუნებრივად იყო წარმოდგენილი და მხოლოდ შემდეგში ამის მაგიერ საქმისაჲ იქმნა შემოღებული, ამასთანავე ჯერ ხისაგან გაკეთებული მიმბაძველობის სახით, ხოლო შემდეგ კანჭის ძვლის საშუალებით უბრალო სიმბოლურ განსახიერებად შეიცვალა, რომ ბოლოს, როგორც ჯავახეთში, მხოლოდ სარტყელი-ღა დარჩენილიყო. 

საფიქრებელია, რომ "ადრეკილაჲ"-ს ეხლანდელი ფერხული "მელიაჲ ტულეფიაჲ"-ში დაცული დღეობის ერთი ნაწილთაგანი, სახელდობრ მისი გაგრძელება, ან უფრო რომ მისი დასასრული უნდა იყოს. ამასთანავე ამ ფერხულის სიტყვები, რომელნიც "ამისთანა მამაკაცებს" სხვადასხვა უწმაწურ უკადრისობას უქადიან, გვაფიქრებინებს, რომ ფერხულის დაცული ნაწილის სიტყვები დამარცხებული მხარის მეთაურის გამაწბილებელ სიმღერას უნდა წარმოადგენდეს. ხოლო ამ ფერხულს პირველი და უეჭველია მთავარი სახელდობრ გამარჯვებული მხარის ადრეკილაჲს მადიდებელი, ნაწილი ამჟამად, ან დაკარგული უნდა იყოს, ან ჯერ ჩაწერილი არ არის. 

ძნელი გამოსარკვევია, თუ რას უნდა ჰნიშნავდეს "მელიაჲ ტულეფიაჲ" საფიქრებელია, რომ როგორც ამ წარმართული დღესასწაულის სხვა ძირითადი სახელებივით, როგორიც "ადრეკილაჲ" და "საქმისაჲ" არის, ეს ორი სიტყვაც აგრეთვე ქართული სიტყვები იყოს, მხოლოდ დროთა განმავლობაში ძალზე დამახინჯებული. 

აღსანიშნავია, რომ ჯავახეთში ყეენისათვის წელზე შემოსარტყმელს თივისგან დაგრეხილ თოკს "თულო"-ს უწოდებენ. ს. ორბელიანის სიტყვით კი "თულო ფუნდრუკია ერთი" (ლექსიკონი), ე. ი. მამაკაცთა რაღაც ცეკვა ყოფილა. ამიტომ "თულო" თავდაპირველად ამ სარტყელის სახელი არ უნდა ყოფილიყო. 

ამასთანავე საბასავე სიტყვით "ტულაობა" ერთი მხრით "ფუვილით ძრვა"-ს ჰნიშნავდა და მეორე მხრით "თევზთა პეპლვა"-ს (ლექსიკ.), ე. ი. სქესობრივ კავშირს. უნებლიეთ იბადება აზრი, ქვემოსვანური "მელიაჲ ტულეფიაჲ"-ს მეორე სიტყვა "ტულეფიაჲ"-ც ხომ ამავე "ტულაობა"-სა და "თულო"-სთან, ან "ტულობა" და "თულო" ხომ "ტულეფია"-სთან არ არის დაკავშირებული? ასეთი საკითხი მით უფრო ბუნებრივად გვეჩვენება, რომ თევზების სქესობრივი განაყოფიერების აღმნიშვნელი ტერმინი "ტულაობა" "ფუვილით" მოძრაობის აღმნიშვნელი ყოფილა და "თულო"-ც მამაკაცთა რაღაც თამაშობის, ე. ი. მოძრაობის, ეგების ადრეკილაჲ-საქმისას წესებში მიღებული ფერხულის მსგავსი სარწმუნოებრივი ცეკვის სახელი იყო. იქნება მნიშვნელობას მოკლებული არ იყოს და ამ საკითხის გასაშუქებლად გამოდგეს ის გარემოებაც, რომ კლაპროტის ცნობით დაღესტნის ენებში, მაგ. აკუშურში "ტუნა", კუბაჩურში "დუნა" და ჩაჩნურ-ღლიღვურ-წოვურში "ტენ" penis-ს ჰნიშნავს. ეგების ქართულ "ტულაობა"-ც ამავე მნიშვნელობის სიტყვიდან ნაწარმოები ნასახელარი ზმნა იყოს? თუ ეს ასეა, მაშინ ჯავახური "თულოც" თავდაპირველად იმ თივის სარტყელის სახელი კი არ უნდა ყოფილიყო, რომელიც ეხლა ჯავახეთის ყეენყადის შერჩა, არამედ იმის აღმნიშვნელი იქნებოდა, რაც ამ თოკზე ეკიდა ხოლმე.

მაგრამ მაინც სიფრთხილე სჯობია და ამ საკითხს ჯერ კიდევ შესწავლა სჭირდება. რამდენად სიფხიზლით უნდა მოეპყრას მკვლევარი ეტიმოლოგიებს, შემდეგი მაგალითიც ცხადჰყოფს. სერ. მაკალათიას ნათქვამი აქვს: "ქართლში ერთგვარი ტკბილი ნამცხვარიც არსებობს "ფალუსტაკად" წოდებული, რომელიც ჩვენთვის, გარდა თავისი სახელწოდებისა, უმეტესად იმით არის საყურადღებო, რომ ამ ნამცხვარს განსაკუთრებით ახალ სიძეს მიართმევენ"-ო. ეტყობა ავტორს "ფალუსტაკი"-ს სახელი ფალოსის სახელისაგან ნაწარმოებ სიტყვად მიაჩნია. ნამდვილად კი ამ ტერმინს ფალოსთან საერთო არაფერი აქვს. საბა ორბელიანსაც იგი თავის ლექსიკონში მოეპოვება, ამასთანავე უძველესი ფორმით, და მისი მნიშვნელობაც განმარტებული აქვს, XVIII ს. დამდეგს ამ კვერს "ფალუტაკი" ეწოდებოდა და საბას სიტყვით "ერბოსა, თაფლსა და ფქვილისაგან შემზადებული" ნამცხვარის სახელი იყო. ზოგჯერ "ერბოს ნაცვლად ზეთისა"-განაც აკეთებდნენ. "ფალუტაკი" კი სპარსული ტერმინი "ფალუდაგი" არის, რომელიც მართლაც ფქვილისა, თაფლისა და ცხვრის ნახარშისაგან შემზადებულ შესქელებულ, შეყინულ თათარას აღნიშნავს. რაკი ეს ტერმინი სპარსულ ზმნა "ფალუდან"-ისაგან ნაწარმოები სიტყვა ნახარშსა ჰნიშნავს და ნამდვილი სპარსული სიტყვაა, ფალოსთან და ფალოსის კულტთან მას არავითარი კავშირი არა აქვს.