როგორ გაილუმპა წვიმაში რეზო თაბუკაშვილი მედეა ჯაფარიძესთან ქორწილის დღეს

  02:18:36     26-03-2014

"თუ შექსპირს, როგორც ლირიკოსს, თავი არ მოეჭრა საქართველოში, შენს გაჩენას უმადლოდეს, ჩემო სიყვარულო" – რეზო თაბუკაშვილის მიერ ნათარგმნი შექსპირის სონეტების კრებული, რომელიც 1948 წელს გამოვიდა, მის ულამაზეს ცოლს და დიდ სიყვარულს, მსახიობ მედეა ჯაფარიძეს ეძღვნებოდა. კრებულზე ეს წარწერა კი 30 წლის შემდეგ გააკეთა.
რეზო თაბუკაშვილის რძალმა (მწერალ ლაშა თაბუკაშვილის მეუღლემ), ქალბატონმა მედეა თაბუკაშვილმა, გამოსცა წიგნი, რომელიც მწერლის, დრამატურგის, მთარგმნელის, რეჟისორის, რეზო თაბუკაშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას მიეძღვნა. წიგნში შეტანილია სცენარები, ლექსები, თარგმანები, გამოსვლები და დღიური. ქალბატონი მედეას თავაზიანი თანხმობით, ამ წიგნის ფრაგმენტები გამოვიყენეთ ქართველი ხალხის რჩეული შვილის პორტრეტიდან რამდენიმე შტრიხის გასაცოცხლებლად.
რეზო თაბუკაშვილი დაიბადა 1927 წლის 2 აგვისტოს პედაგოგ შალვა თაბუკაშვილის ოჯახში. პირველი ვაჟთა სკოლის დამთავრების შემდეგ, 1943 წელს, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე, რომელიც 1947 წელს წარმატებით დაამთავრა. შემდეგ ინგლისში გაანაწილეს, მაგრამ რეზომ უარი თქვა დიპლომატის კარიერაზე და სამშობლოში დაბრუნდა. თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობა მან საკუთარ, მშობელ ერს მიუძღვნა.
რეზო თაბუკაშვილმა აღმოუჩინა და დაუბრუნა ქართველ ხალხს მიხეილ თამარაშვილის, მიხეილ თარხნიშვილის, პეტრე ხარისჭირაშვილის, გრიგოლ ფერაძის, პაპავების ოჯახის, ვიტორიო სელას და სხვათა სახელები. მისი პირადი ინიციატივითა და მონაწილეობით საქართველოს საგანძურს ბევრი უნიკალური ნივთი დაუბრუნდა, მათ შორის – ვიტორიო სელას ფოტოარქივი; ერეკლე მეფის წერილები ვენეციის გამგებლისადმი (1782 წელი); პაპავების არქივი; სულხან–საბა ორბელიანის სამაჯური, რომელიც რომის პაპმა აჩუქა; ქეთევან დედოფლის მოქსოვილი ფარდაგი – სიონის საკურთხევლის გადასაფარებელი და სხვა.
თაბუკაშვილის წყალობით საქართველოში ცნობილი გახდა მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უგზო–უკვლოდ დაკარგული, გმირულად დაღუპული 80–ზე მეტი ქართველი მეომრის გვარი და დასაფლავების ადგილი. მთელი 20 წელი მოანდომა ჰოლანდიაში, კუნძულ ტექსელზე, ქართული ბატალიონის გმირული და ტრაგიკული ამბოხების შესწავლას. მისი წყალობით მოხდა ქართველი გმირების ზნეობრივი და იურიდიული რეაბილიტაცია.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მისი მუშაობის შედეგად საქართველოს ისტორიასთან და კულტურასთან დაკავშირებული 7 მემორიალი დაიდგა. მან გადაიღო 12 დოკუმენტური ფილმი, რომლებიც კინემატოგრაფიაში ახალი ჟანრის დამკვიდრებად ითვლება.
დიდი მოღვაწე 1990 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა. სიცოცხლის მიწურულს, 1989 წელს უნივერსიტეტში ერთ–ერთი თავის გამოსვლაში ის ამბობდა: "დღეს პატრიოტიზმი გახდა თავშესაფარი უამრავი, აბსოლუტურად უმაქნისი ადამიანისა და ის ისეთი ტონით გელაპარაკება იქიდან, რომ ჰკითხო, ვინ ხარ, გეუბნება, პატრიოტიო. პატრიოტობა პროფესია არ არის, პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი. ის პროფესიონალიზმი, რომელსაც შენს სამშობლოს მოახმარ...".
მიხეილ თამარაშვილის სამშობლოში დაბრუნება
ამონარიდი რეზო თაბუკაშვილის ინტერვიუდან:
"...ამას არც ვყვები და არც ვწერ არსად, მაგრამ თვენახევარი წყდებოდა საკითხი, დავესაჯეთ თუ მოეცათ საშუალება დასაფლავებისა (საუბარია მიხეილ თამარაშვილის ნეშტის ჩამოსვენებაზე). კუბო დამალული მქონდა. იყო საშიშროება, რომ უბრალოდ მოიპარავდნენ. მერე იტყოდნენ, რომ თაბუკაშვილმა იქ ვიღაც მოთხარა, მერე სიმთვრალეში სადღაც დაკარგა. რა, გაუჭირდებოდათ ამის გაკეთება? ჩამოსვენება დღეს გახდა ჩვეულებრივი ამბავი, მაშინ ეს წარმოუდგენელი იყო. ცეკა–ს ბიუროზე ასეთი გამოსვლაც იყო: თაბუკაშვილმა ცეკა–ს კუბო მიაყენა რესპუბლიკის უკითხავად, უნდა დავსაჯოთ, დღეს თამარაშვილი ჩამოგისვენათ, არავინ რომ არ იცის, ვინ არის, სრულიად უცნობი და ხვალ შეიძლება რობაქიძე მოგაყენოთ კარზეო...".
გიგა ლორთქიფანიძის მოგონებიდან:
"მახსოვს, როდესაც თამარაშვილის ცხედარს იტალიიდან საქართველოში მოასვენებდა, რეზოს ერთი კურიოზიც გადახდა თავს. თვითმფრინავის სალონში ცხედრის შეტანის უფლება არ მისცეს და საბარგო განყოფილებაში გააგზავნეს.
– თამარაშვილი საბარგო განყოფილებაში როგორ ჩავაბარო?! – გაიკვირვა რეზომ და ერთი ამბავი ატეხა.
– მამაა მისი? – იკითხეს მისულმა პოლიციელებმა.
– არა, – უპასუხეს.
– ძმა არის?
– არა.
– აბა, ვინ არის?
– მეცნიერია, დიდი ქართველი, – იყო პასუხი.
– როგორ, მისი არაფერია და მაინც არ ჰკადრებს საბარგო განყოფილებას! მაშინ ჩვენ შევიტანთ სალონში, – თქვეს გაკვირვებულმა პოლიციელებმა".
მოსკოვიდან გამოქცეული მედეა
ნიტა ტაბიძე, პოეტ ტიციან ტაბიძის ქალიშვილი:
"გუშინდელივით მახსოვს: ღამის 12 საათია, რეკავს ტელეფონი. "მედიკო, რა მოხდა, – ვეკითხები, – რა გინდა თბილისში?". "ახლა ჩამოვფრინდი, პირდაპირ აეროპორტიდან მოვდივარ, აუცილებლად უნდა მოხვიდე ჩემთან". რა მექნა? წავედი...
სახლს რომ მივუახლოვდი, ვხედავ, აივანზე დგას და მელოდება. ვეკითხები: "რა მოგივიდა?" "უბედურება დამემართა, რეზოს საზღვარგარეთ აგზავნიან, ეგ კი უარს ამბობს". რეზო ვინ არის–მეთქი. თურმე რეზო მოსკოვში გაიცნო იოსებ ნონეშვილისა და რეზო ხერგიანის საღამოზე. მერე სახლამდე მიუცილებია, თან მთელი გზა ლექსებს უკითხავდა...
"მოკლედ, რეზო ახლა უარს ამბობს საზღვარგარეთ წასვლაზე და სხვა რა გზა მქონდა, გამოვეცალე, დავაგდე ყველაფერი და გამოვიქეცი თბილისში. რატომ უნდა აირიოს ახალგაზრდა კაცმა მთელი ცხოვრება ჩემ გამო... მე ვუღუპავ კარიერას. თან უცხო ქვეყნების ნახვა მისი ოცნებაა, მაგიტომაც ჩააბარა დიპლომატიურზე, მანამდე კინაღამ "მატროსად" წავიდა გემზე. ახლა კი ჩემი გულისთვის ყველაფერზე უარს ამბობს". ამას ყვება და უცებ კარი იღება და შემოდის რეზო...
გაუგია მედიკოს გაქცევის ამბავი, მივარდნილა აეროპორტში და ბოლო რეისისთვის მიუსწრია. ასე უცნაურად მოხდა ჩემი და რეზოს გაცნობა. მერე განუყრელი მეგობრები გავხდით. რეზო და მედეა კი – ეს მართლაც გასაოცარი სიყვარული იყო".
გალუმპული ნეფე
ნიტა ტაბიძის მოგონებებიდან:
კარგად მახსოვს მედეას და რეზოს ქორწილის დღე. სტუმრები 4 საათისთვის იყვნენ დაპატიჟებული, მაგრამ რეზომ აიჩემა, დილაადრიანად მოვაწეროთ ხელი, ხომ იცით ქალის ამბავი, უცებ არ გადაიფიქროსო. მე და გივი დოლიძე მეჯვარეები ვიყავით. მივედით "ზაგსში", ჩატარდა რიტუალი, გარეთ გამოვედით, რა ვქნათ ახლა, წინ უამრავი დროა. მე და მედიკომ საპარიკმახეროში გადავწყვიტეთ შესვლა. ბიჭებმა გაისეირნეს. გამოვედით საპარიკმახეროდან, მაგრამ წინ კიდევ 4 საათი გვქონდა. ამ დროს თქეში წამოვიდა. ჩვენ შევასწარით სადარბაზოში, მხოლოდ რეზო გაილუმპა. შარვალიც შედგა და დაუმოკლდა. რეზო დადგა წვიმაში და შესძახა, რა დროს ჩემი ცოლია, ბოვში ჯერ ვიზრდები კიდევო.
ბოლოს დროის გასაყვანად კინოში შევედით. რაღაც მძიმე სურათი გადიოდა. ფილმი ომზე იყო და განსაკუთრებით პატარა ბავშვების უბედურებამ იმოქმედა ჩვენზე. გამოვედით ცრემლებისგან დასიებული თვალებით. მოვდივართ შუა რუსთაველზე და ცრემლს ძლივს ვიკავებთ მექორწილეები. იმავე საღამოს ჭორი გავრცელდა თბილისში, საწყალი რეზო და მედეა სახლში არ შეუშვიათ და ქუჩაში უპატრონოდ დაყრილები მწარედ მოთქვამდნენო.
პასტერნაკის გაცილება
ნიტა ტაბიძის მოგონებიდან:
"თბილისში ჩამოსული ყველა რუსი მწერლის მეგზური იყო რეზო. მახსოვს ბორის პასტერნაკის ბოლო ჩამოსვლა ჩემთან. ქართველ მწერლებს აკრძალული ჰქონდათ მასთან შეხვედრა. ის უკვე გარიცხული იყო საკავშირო მწერალთა კავშირიდან, გაზეთებში მისი საწინააღმდეგო წერილები პანტაპუნტით იბეჭდებოდა...
რეზო და მედიკო ყოველდღე, როგორც სამსახურში, მოდიოდნენ ჩვენთან. მერე ბორისი და რეზო სეირნობდნენ. ეს სეირნობები რამდენიმე საათს გრძელდებოდა. ბოლოს, როცა დადგა გამგზავრების დრო, პასტერნაკის გასაცილებლად სულ რამდენიმე კაცი წავედით სადგურში. რეზო მისდევდა დაძრულ მატარებელს. პასტერნაკი კიბეზე იდგა და ხელს უქნევდა, მერე, რეზო რომ აღარ მოეშვა და სდია ვაგონს, ბორისმა დაუძახა: "რეზო, პოიშჩიტე მენია უ ნინოჩკი, დოლჟნო–ბიტ ია ტამ ოსტალსია" (ნინოსთან მეძებეთ, მგონი, იქ დავრჩიო).
კარი, რომელიც არ იკეტებოდა
თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე იხსენებდა:
"როგორი ლამაზიც იყო რეზო თაბუკაშვილი, ისეთივე ლამაზი ცხოვრების თანამგზავრი ჰყავდა. დოსტოევსკის უთქვამს: "სილამაზე გადაარჩენს სამყაროს". რეზოს და მედიკოსნაირ ადამიანებზეა ეს ნათქვამი.
ერთ სახლში მოგვცეს ბინა. ჯერ რადიატორები არ მოეწონათ კედელზე და ჩამოხსნეს. მთელი ზამთარი ყველას გათბობა ჰქონდა, მხოლოდ ისინი იყინებოდნენ სიცივეში. საერთოდ სადარბაზოს კარი ბევრს ამბობს თავის პატრონზე. აი, როგორი კარი ჰქონდათ მათ: ჯერ გასაღებს ტილოს ქვეშ ინახავდნენ. მერე გასაღები დაკარგეს, აიღეს და კარზე პატარა სარკმელი ამოჭრეს, რომელშიც ხელს ყოფდნენ და გარედან შიგნით კეტავდნენ.
საერთოდ, პოლიტიკურ თუ შემოქმედებით კამათს ლოგინში მართავდნენ. კარს ღიას ტოვებდნენ, რომ ვინმეს მოსვლის შემთხვევაში მის გასაღებად არ შეწუხებულიყვნენ. ერთხელ შევედი და მედიკომ რომ დამინახა, არც აცია და არც აცხელა, პირდაპირ მითხრა: "ნათელა, ძვირფასო, გაიხადე და დაწექი". იმის მაგივრად, რომ ეთქვა, მე ჩავიცვამ და ავდგებიო. ჩათვალა, რომ დაღლილი ვიქნებოდი და დასვენება მჭირდებოდა".
1956 წლის 9 მარტი თაბუკაშვილების სახლის ფანჯრიდან
მწერალი ლაშა თაბუკაშვილი, რეზო თაბუკაშვილისა და მედეა ჯაფარიძის ვაჟიშვილი:
"5 წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში... ტყვიით ფეხში დაჭრილი ბიჭი მამამ და დედამ სახლში ამოიყვანეს... სროლა... ჩემი ძიძა, ნასტია, პირჯვარს მაწერინებდა ფანჯარასთან... ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა "პარადის" თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრის ქვეშ იდგა ხოლმე... მეძინა... რეზო მოვიდა გვიან... ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელ რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ მამამ ხმამაღლა რუსულ ენაზე მათ გასაგონად მითხრა, აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათებიო. მერე დამსვა ძირს და აივნიდან ქუჩაში ჩახტა მთვრალი ჯარისკაცისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად... ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, რატომ დაინდეს ან ერთი, ან მეორე... ალბათ მედიკო ძალიან ლამაზი იყო".
დამშვიდობება
ლაშა თაბუკაშვილი:
"მამა 3 აგვისტოს გარდაიცვალა. 2–ში მისი დაბადების დღე იყო. ამ დღეს მან მოისურვა, ყველა თავისი მეგობარი შეეკრიბა. მათთან ერთად რეზომ ისურვა, გამოთხოვებოდა იმათაც, ვინც ცხოვრებაში შერისხული ჰყავდა მის მოწყალე გულს. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ყველანი მოვიდნენ და საშუალება მისცეს რეზოს, ისე წასულიყო ამქვეყნიდან, რომ წყენა არ გაეყოლებინა.
იმ დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე რეზომ ანდერძი დაუტოვა შვილიშვილებს – პატარა რეზოს და ბომბოს:
"მშვიდობას ვეტყვი მალე ქართულ ზეცის საფირონს
და მცირე ტალღად შევერწყმები ზღვას უნაპიროს,
ქარს იმქვეყნიურს დავახვედრებ მალე წინ აფრას,
დიდებულია! გარდვიქცევი უცებ წინაპრად.
და თუმცა ჩემი გამგზავრება ჰგავდა წვალებას,
სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას.
მე წავალ, რადგან დრო აღარ მაქვს უკვე არჩევნის,
მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები.
მეც გიმეგზურებთ, ცხოვრების გზას როცა გაჰყვებით,
მე დაგინახავთ, მაგრამ ვეღარ დაგენახვებით;
მე არასოდეს არ ვიქნები თქვენთან მოდავე,
სამშობლო თქვენი თუ არასდროს არ იცოტავეთ,
მაგრამ იცოდეთ: მე იმ დღიდან თქვენთან არა ვარ,
თუ ასპარეზად საქართველო გეპატარავათ...
გაჭირვებაშიც არასოდეს სჩანდეთ საბრალოდ,
ვინმეს სიგლახე კაცთა მოდგმას არ დააბრალოთ,
ტკბილი გექნებათ სიყმაწვილე, მერე სიბერეც,
სხვათა მიღწევით სიხარული თუ გაიბევრეთ".
ტარიელ ჭანტურია, პოეტი:
"ათასი ნიჭიდან, რომელიც რეზოს ჰქონდა მომადლებული, ერთი ილუზიონისტისაც იყო: სუფრასთან, მეგობართა წრეში, იგი უცებ დანას აიღებდა, გამეტებულად დაისვამდა ხელზე და ჭრილობიდან იფეთქებდა სისხლი. რამდენი გვიცინია ამაზე ყველას, როცა ბოლოს დავრწმუნებულვართ, რომ ამ უცნაურმა კაცმა ასე მარჯვედ აგვიხვია თვალი...
მივყვებოდით ჩვენ, მის ჩვეულ პიროვნებაზე შეყვარებული ათასები, მის უღმერთოდ ნაადრევ კუბოს და გულში ყველას გვინდოდა, რომ მისი ჭრილობებიც, მისი სისხლიც და სიკვდილიც მასვე ექცია ილუზიად...".
თეონა კენჭიაშვილი, ჟურნალი სარკე