ორი მკვლელობა წერეთელზე, ერთ კვირაში - რატომ მოკლეს გუშინ, 26 წლის ახალგაზრდა?

  12:03:31     25-03-2014

ერთი კვირის განმავლობაში, თბილისში, წერეთლის გამზირზე ორი მკვლელობა მოხდა. 21 მარტს დაახლოებით 04:00 საათზე საკუთარ სახლთან 21 წლის სერგი მირზაშვილი, ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში დაჭრეს. ჭრილობა უმძიმესი იყო. სერგი, დღეს დილით, „წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. გუშინ კი, კვლავ წერეთელზე, 26 წლის მამაკაცი ცივი იარაღით, სასტიკად მოკლეს.

გვიან ღამით,  წერეთლის გამზირზე, 26 წლის ახალგაზრდა მამაკაცს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა 8 ჭრილობა ცივი იარაღით  მიაყენა. დაჭრილმა ტაქსის გაჩერება მოახერხა, თუმცა ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიცია. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

შს სამინისტროში „პრესა.ჯი“-ს შემზარავი ფაქტი დაუდასტურეს, თუმცა დამატებით დეტალებზე უწყება ამ ეტაპზე არ საუბრობს.

გავრცელებული ინფორმაციით,  წერეთლის გამზირზე, გუშინ მომხდარი მკვლელობა, შესაძლოა 21 წლის სერგი მირზაშვილის გარდაცვალებას უკავშირდებოდეს. თუმცა, სერგის ახლობლები ამ ინფორმაციას უარყოფენ.

„პრესა.ჯი“ საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" პრეზიდენტთანთან, ბატონ კობა მირზაშვილთან დაკავშირებას ცდილობდა. თუმცა, მის ტელეფონს ბატონი კობას მეგობარმა, თემურ ალექსაიამ უპასუხა. სწორედ მან გვითხრა რომ კობა მირზაშვილის შვილი, სერგი მირზაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა.

„პრესა.ჯი“-ს კითხვებს კობა მირზაშვილის მეგობარმა, თემურ ალექსაიამ უპასუხა.

„პრესა.ჯი“: გუშინ, გვიან ღამით, წერეთლის გამზირზე 26 წლის მამაკაცი მოკლეს, უკავშირდება თუ არა, ეს ფაქტი სერგი მირზაშვილის მკვლელობას?

- არა, არ უკავშირდება. ჩვენც გავიგეთ გუშინ მომხდარი ამბავი...

- როდის გარდაიცვალა 21 წლის სერგი მირზაშვილი?

- დღეს გამთენიისას, ამიტომ ბატონი კობას ახლა ჟურნალისტებისთვის არ სცალია, ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა.

- თუ არიან დაკავებულები სერგი მირზაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილები?

- ჩემი ინფომაციით, ორია დაკავებული, ზუსტად არ ვიცი მაგრამ გუშინ საავადმყოფოში გვითხრეს რომ მესამეც ჩაბარდა, თუმცა ამას დანამდვილებით ვერ გეტყვით. ზუსტად ვიცით რომ ორი დაკავებულია, ერთი კი მიმალვაში იყო.

მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა და ნარკო-სკანდალი, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ოჯახს უკავშირდება - იხილეთ ჟურნალისტური გამოძიება