"შპიგელი" და "ბლუმბერგი" რუსული ეკონომიკის რეცესიის შესახებ - ფაქტები
15:09:27     24-03-2014
ყირიმში განვითარებული მოვლენების გამო, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ შეაჩერა ეს პროექტი მანამ, სანამ ამასთან დაკავშირებით კონცერნი ახალ მითითებებს არ მიიღებს.
„გერმანიის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ განვითარებული მოვლენების შემდეგ და დღეისათვის შექმნილი რეალობის ფონზე, რუსული მხარისათვის საბრძოლო მომზადების ცენტრის აშენება გაუმართლებელია“ - ციტირებს ჟურნალი გერმანული უწყების ოფიციალურ განცხადებას.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანატოლი ანტონოვის თქმით, გერმანული მხარის გადაწყვეტილება არაკონსტრუქციულია. მისი თქმით, გერმანიის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი ამერიკის ზეწოლის გამო მიიღო.
„ასეთი ტიპის კონტაქტებზე უარის თქმა სრულიად აქარწყლებს იმ პოზიტიურ ტენდენციებს რომელნიც ბოლო წლებში გამოიკვეთა. მათ შორის, ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს როგორებიცაა: ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით ურთიერთანამშრომლობა, სამხედრო საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ დიალოგი და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის პერსპექტივები“ - ციტირებს „შპიგელი“ ანტონოვის განცხადებას.
ჟურნალის ინფორმაციით, რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა გერმანიის გარდა, საფრანგეთმაც შეწყვიტა. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის, განცხადებით, რუსეთსა და საფრანგეთს შორის, თავდაცვის მინისტრების დონეზე ყოველგვარი კონტაქტები იყინება და უახლოეს მომავალში აღარც ერთობლივი წვრთნები გაიმართება.
ევროპის წამყვანი ქვეყნების მიერ რუსეთთან სამხედრო თუ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე უარის თქმა არ არის ერთადერთი უსიამოვნება რომელიც რუსეთს ელის.
მაგალითად, „ბლუმბერგის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, შემოღებული სანქციების გამო, რუსეთის ეკონომიკას რეცესია ემუქრება. სავარაუდოდ, სწორედ აქამდე მივა რუსეთი, თუ ამერიკისა და ევროპის ლიდერები გადაწყვეტენ, რომ რუსეთისთვის „ჭანჭიკების მოჭერა“ ეკონომიკური სანქციებით განაგრძონ.
რუსული ბანკების - მათ შორის, სახელმწიფო „ვნეშ ტორგ ბანკის“ - ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მსოფლიოს მეცხრე ეკონომიკა (ანუ, რუსეთის) დაღმასვლას განაგრძობს კიდევ მინიმუმ, ორი კვარტლის განმავლობაში, რადგან ყირიმში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ დასავლეთის მიერ შემოღებული საჯარიმო სანქციები რუსეთში ინვესტიციების შედინებას აჩერებს, რაც თავის მხრივ, ძალიან აძვირებს სესხებს.
პუტინმა, ყირიმის დაპყრობით, რეიტინგი აიწია და ახლა ცდილობს, მოსალოდნელი საფრთხე არ შეიჩმნიოს, მაგრამ „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, რუსეთის ბირჟებს ამ წლის ყველაზე უარესი მაჩვენებლები აქვთ.
ეკონომისტები და ეკონომიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ სანქციებისგან რუსეთის ეკონომიკა მართლაც სერიოზულად დაზარალდება - ბევრად უფრო მეტად ვიდრე, დასავლური. მაგალითად, ასეთი განცხადება გააკეთა „ბლუმბერგთან“ საუბრისას, დიპლომატიასა და ეკონომიკურ საკითხებში რუმინეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა, მირჩა ჯოანემ.
„ჩვენ გავხდით მოწმენი ახალი, ეკონომიკური ცივი ომის ხანის დაწყებისა. ვფიქრობ, იმისათვის, რომ გაჩნდეს თუნდაც რაიმე ტიპის ეკონომიკური წონასწორობა, მინიმუმ რამდენიმე წელი მაინც უნდა გავიდეს.
ამ დროის განმავლობაში, ეკონომიკური ზარალის გამო, ძალიან მაღალი საფასურის გადახდა სწორედ რუს ხალხს მოუწევს მიუხედავად იმისა, რომ ახლა, შესაძლოა, მათ ძალიანაც პატრიოტულად ეჩვენებათ პუტინის ქმედებები და ტაშს უკრავენ.
ამ ყველაფრით, ეკონომიკური თვალსაზრისით, სწორედ რუსეთი დაზარალდება, რადგან მეტისმეტად დიდია განსხვავება ამერიკა-ევროკავშირისა და რუსეთის ეკონომიკებს შორის“- აღნიშნა ჯოანემ ბლუმბერგთან საუბრისას.