ექიმი: „თავში დაჭრილი 21 წლის სერგი მირზაშვილი სიკვდილს ებრძვის“

  15:19:49     21-03-2014

წერეთლის გამზირზე ,გვიან ღამით მომხდარი კრიმინალური შემთხვევისას, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 21 წლის სერგი მირზაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია. თავის არეში დაჭრილი ახალგაზრდა „წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში“ გადაიყვანეს.

როგორც „პრესა.ჯი“-ს რეანიმაციულ განყოფილებაში უთხრეს, პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზე, მართვით აპარატზეა მიერთებული. მედიკოსები დაჭრილის მდგომარეობას უკიდურესად მძიმედ აფასებენ.

„რა გითხრათ, თავში დაჭრილი 21 წლის სერგი მირზაშვილი სიკვდილს ებრძვის. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, ის იმყოფება მართვით სუნთქვაზე, წნევის კონტროლი ხდება სპეციალური ხსნარების შეყვანის მეშვეობით, პაციენტი წნევას ვერ ინარჩუნებს.

ნევროლოგიურ სტატუსს რაც შეეხება, ის არ ფასდება, მოკლედ, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა“, - განუცხადებს „პრესა.ჯი“-ს კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში.

მომხდარის შესახებ არ საუბრობენ დაჭრილის მეგობრები და ოჯახის წევრები. დაშავებულის ძმამ ნიკოლოზ მირზაშვილმა მომხდარის დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაშავებული მისმა ნაცნობმა საკუთარ სახლში დაჭრა, თუმცა, კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ახალგაზრდა მირზაშვილთან ერთად მის  სახლში ქეიფობდა.

21 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტი „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე 18,108 მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამ ეტაპზე, ეჭვმიტანილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

რაც შეეხება დაჭრილის მეზობლებს, როგორც ისინი „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას აცხადებენ, გასროლის ხმა არ გაუგიათ და მომხდარის თაობაზე მას შემდეგ შეიტყვეს, რაც დაახლოებით 04:00 საათზე, სახოვრებელ კორპუსთან პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა. 

იხილეთ ჟურნალისტური გამოძიება მარგველაშვილის კლანისა და მისი ოჯახის კრიმინალური საქმიანობის შესახებ