იუთუბიზე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ამსახველი ვიდეო გავრცელდა (+18)
21:29:55     19-03-2014
იუთუბიზე ეს ფოტოები ჰაკიმ ფაშას სახელით გავრცელდა. თუმცა, უნდა ითქვას რომ ფოტო-მასალა გამოძიებისათვის ისედაც ცნობილი იყო ერთი მარტივი მიზეზის გამო. ფოტო-მასალა თავად კრიმინალისტებისა და გამომძიებლების გადაღებულია, ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, რასაც გოგლა ჟვანიაც ადასტურებს.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩიჩუას თქმით, ჟვანიას მხოლოდ ერთი დაზიანება (ტუჩთან) აღენიშნებოდა.
საქართველოს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას მტკიცებით, სოციალური ქსელით გავრცელებული ფოტოები ფალსიფიცირებულია.
როგორც ჩაჩუამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჟვანიას ცხედარს ტუჩზე, მხოლოდ ერთი დაზიანება აღენიშნებოდა.
"ჩვენ ვნახეთ მხოლოდ ტუჩის არეში არსებული დაზიანება და სხვა არაფერი. მეორე ცხედარს, რაულ იუსუპოვს საერთოდ არავითარი დაზიანება არ ჰქონდა. შესაბამისად, ეს წერია დასკვნაში. მე არ ვიცი საიდანაა ეს კადრები. მე ვიცი, რომ ამ ყველაფერს ვიდეოზე იღებდა პროკურატურა და ვთხოვ, წარმოადგინონ ის ვიდეო, რომლითაც დადასტურდება, რომ აღნიშნული ერთი დაზიანების გარდა ჟვანიას ცხედარს სხვა დაზიანება არ ჰქონია", - განაცხადა ლევან ჩაჩუამ.
მისივე განმარტებით, ფოტოების ავთენტურობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. "უნდა ჩატარდეს ფოტოების ავთენტურობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა და მე ამის შესახებ აუცილებლად განვაცხადებ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ესაა ფალსიფიცირებული კადრები", - აღნიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა.