„ყირიმის შემდეგ, კრემლი შეეცდება, ჩახალიანის გამოყენებით ჯავახეთი „აგვიფეთქოს“
18:12:21     17-03-2014
„პუტინის გამარჯვება დროებითია, დღეის მონაცემებით მისი რეიტინგი უტოლდება ღრუბლებს, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში ყირიმი დაღუპავს თვითონ რუსეთს. რუსეთი გაიზიარებს იგივე ბედს, რაც განიცადა საბჭოთა კავშირმა. გაკოტრდება და დაიშლება.“, - ასე აფასებს პოლიტოლოგი „პრესა.ჯი“-სთან რეფერენდუმის შედეგებს, რომლის მიხედვითაც კუნძულზე მცხოვრებთა 97%-მა რუსეთთან მიერთების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
რა სცენარით შეიძლება განვითარდეს უკრაინაში მოვლენები, გადაიქცევა თუ არა, პოლიტიკური კრიზისი სრულმასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებად და რა საფრთხე არსებობს საქართველოში, უკრაინის მოვლენების პარალელურად?
„პრესა.ჯი“: ყირიმის რეფერენდუმის მონაწილეთა 95%-ზე მეტმა რუსეთთან შეერთებას მხარი დაუჭირა, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
სოსო ცინცაძე: დღეს, წინასწარ იმის პროგნოზი, რა მოხდება, ნოსტრადამუსი რომ გააცოცხლოთ ისიც ვერ გიპასუხებთ. როორც იცით, ევროკავშირის წევრები, ბრიუსელში მსჯელობენ იმ სანქციებზე, რომელიც რუსეთს უნდა დაუწესონ.
წინასწარ გაცხადებული სანქციები, არ არის საშიში რუსეთისთვის და ეს უნდა აღინიშნოს, ეს არ არის მომაკვდინებელი ფორმულა. სანქციები შეეხება ცალკეული პიროვნებების ვიზებს და გაიყინება მათი ანგარიშები. ეს სპილოსთვის ნემსის ჩხვლეტაა, თუ რუსეთის პოლიტიკურ იზოლაციაზეა საუბარი, ძალიან მაინტერესებს, რატომ არ არიან ამ სიაში ვლადიმერ პუტინი და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი?
ევროპა აცხადებს, რომ შავი ზღვის ფლოტის უფროსი და მსგავსი რანგის ჩინოვნიკები ვერ წავლენ ევროპაში, რაც ძალიან სასაცილოა, მათ ევროპაში ვიზიტები ისედაც არ აინტერესებთ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ყოფილი ჩეკისტი ივანოვი ისედაც არ დადის ევროპაში.
- საუბარია საბანკო ანგარიშების გაყინვაზეც?
- ამ ხალხს ანგარიშები აქვთ ოფშორულ ზონაში, ათი შერლოკ ჰოლმსი რომ მოიყვანოთ, ამ ფულის ადგილსამყოფელს ვერ მიაგნებენ. ეს სანქციები არ არის მტკივნეული და ეს ორივე მხარემ იცის, სანქციები ფორმალური ხასიათისაა.
ამას ადასტურებს ის განცხადებაც, რომ ევროპა რუსეთთან დიალოგის შესაძლებლობას ღიად ტოვებს. თუ ღებულობ სანქციებს, თუ იზოლაციაზე ღებულობ გადაწყვეტილებას, იქ რა დიალოგზეა საუბარი? ევროპამ ვერ გამოავლინა სათანადო პოლიტიკური ნება. ევროპამ დაამტკიცა თავისი უხერხემლობა. შემოიღო სანქციები, რომლის ეფექტურობა ერთობ ეფემერულია.
- ჯონ მაკკეინის განცხადებით, ყირიმი უკვე დაკარგულია, თუ ეთანხმებით ამერიკელ სენატორს?
- გასათვალისწინებელია, რომ მაკკეინი ოპოზიციაშია, ის მოითხოვდა უფრო მკაცრ ნაბიჯებს, თუმცა მის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. მისი განცხადება რეალურია, თუმცა მეორე საკითხია, რა ხნით არის ყირიმი დაკარგული.
პუტინის გამარჯვება დროებითია, დღეის მონაცემებით მისი რეიტინგი უტოლდება ღრუბლებს, მაგრამ ხანგრძლივ მოქმედ პერსპექტივაში ყირიმი დაღუპავს თვითონ რუსეთს. რუსეთი გაიზიარებს იგივე ბედს, რაც განიცადა საბჭოთა კავშირმა. გაკოტრდება და დაიშლება.
რუსეთის ეკონომიკა ვერ ზიდავს ამდენ ტვირთს: აფხაზეთი, ოსეთი, ჩრდილოეთ კავკასიის შვიდივე რესპუბლიკა, ყველა მათგანი დოტაციურია. ახლა მათ დაემატა ყირიმი. თვითონ ყირიმიც არ არის მომგებიანი, მისი ბიუჯეტის ნახევარი მოდიოდა უკრაინიდან, მეორე ნახევარს იძლეოდა ტურიზმი. წელს ტურისტული სეზონი ჩავარდა
- უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა, ხომ არ უნდა ველოდეთ საომარ მოქმედებებს?
- დასავლეთ უკრაინელებს საკმაოდ კარგად ვიცნობ, ისინი ასე მარტივად არ შეეგუებიან ტერიტორიის დაკარგვას, ქართველებისგან განსხვავებით. თუ ომი გახდა საჭირო, ისე არ იომებენ რგორც ჩვენ გავაკეთეთ 90-იან წლებში.
ჩვენ ვიყავით მხედრიონის და სახალხო ლაშქრის იმედზე. ასე რომ, უკრაინა რუსეთს მოსვენების უფლებას არ მისცემს, ახლა რუსეთი ეიფორიაშია, რამდენიმე კვირა ლოთობის საშუალება და საბაბი მიეცათ, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია.
- ანალიტიკოსები მესამე მსოფლიო ომის დაწყების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავენ...
- მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყება... ეს არც ერთ მხარეს არ აწყობს. ომი არ იქნება, მაგრამ ძალთა დაძაბვა იქნება, არა მგონია რუსეთის ეკონომიკამ ამას გაუძლოს. ორი სამი თვის შემდეგ ვნახავთ, რომ პრობლემების დიდი ტალღა რუსეთისთვის დაიწყება.
თუმცა, ევროპამ სრულიად არაადეკვატური ნაბიჯები გადადგა. ევროპამ რუსეთს ვერ აჩვენა თავისი ძალა. პუტინი ჩეკისტია, ის სცემს პატივს მხოლოდ ძალას, მან კი ევროპისგან ძალა ვერ დაინახა. მეორე მხარეს დღესაც ვერ ხედავს ის ძალას. მოკლევადიან გათვლაში დღეს პუტინი უფრო ადეკვატურია, ვიდრე დასავლეთი. პუტინის ადეკვატურობა ეყრდნობა ევროპის არაადეკვატურებას.
- ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსაც ელის წინ, რამდენად არსებობს იმის საფრთხე რომ უკრაინის სცენარი საქართველოშიც განხორციელდეს?
- პრობლემები გველის წინ, ამიტომ ხელისუფლებას და პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მართებს მეტი ანალიზი, მეტი ინტელექტალური პოტენციალის ჩართვა, სამწუხაროდ, ამას დღეს ვერ ვხედავ. დღეს მთავრობა ლოზუნგებით და გულზე მუშტის ბრახუნით არის დაკავებული.
თუ პუტინს ყირიმი ხახვივით შერჩა, საქართველოსთვის ისევ მოიცლის ისეთი პროვოკაციებით, როგორიცაა მავთულხლართბის კიდევ უფრო ინტენსიური გადმოწევა. ის შეეცდება სეპარატისტული კერების გაღვივებას, შესაძლოა ჯავახეთის თემაც წამოიწიოს. მითუმეტეს კრემლს სამცხე-ჯავახეთში თავისი „მეხუთე კოლონა“ ჰყავს, ჩახალიანის და მათი მეგობრების სახით.
ამ ხელისუფლების კატასტროფული შეცდომა იყო ჩახალიანის ციხიდან გამოშვება. ის და მისი მეგობრები ტიპიური, კლასიკური სეპარატისტები არიან. ჩახალიანი წინააღმდეგია ძლიერი საქართველოსი. ამიტომ, ყირიმის შემდეგ, კრემლი შეეცდება, ჩახალიანისა და სხვების გამოყენებით, ჯავახეთი „აგვიფეთქოს“.