ალასანია და „ზლოი“ - ვის ლობირებენ თავდაცვაში?

  15:24:17     03-03-2014

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უახლოესი მეგობრის, ნიკა აგლაძეს დაწინაურებას გეგმავს.

ნიკა აგლაძე, რომელიც მეგის ქარდავას რეკომენდაციით წინა ხელისუფლების დროს ქუთაისის სამხარეო პოლიციაში მუშაობდა, დღეს სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილეა.

„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, ალასანია უახლოეს ხანში, მის  მოადგილედ გადაყვანას აპირებს. როგორ და რატომ დაიახლოვა თავდაცვის მინისტრმა მეგის ქარდავას უახლოესი მეგობარი, ამაზე დღეს სამინისტროს პასუხი არ აქვს.

ვინ არის ნიკა აგლაძე? აგლაძე, მეტსახელად „ზლოი“, პატიმართა წამებისთვის ბრალდებულისა და ძებნილის, მეგის ქარდავას კადრი და ნათესავია. ქარდავა მისი ბავშვის ნათლიაა.

„პრესა.ჯი“ დაინტერესდა, როგორ აღმოჩნდა ახალი ხელისუფლების მიერ ლამის მონსტრად შერაცხულის, პატიმართა წამებაში ბრალდებულისა და ძებნილის, მეგის ქარდავას კადრი თავდაცვის სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე. ამ კითხვით, ჩვენ ალასანიას მოადგილესა და პრესსამსახურს დავუკავშირდით.

თავდაცვის მისნიტრის მოადგილე ვაკო ავალიანის განცხადებით, მისთვის ირაკლი აგლაძის შესაძლო დაწინაურების შესახებ ცნობილი არ არის.

„პრესა.ჯი“: ნიკა აგლაძე, მეტსახელად „ზლოი“, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ინიშნება?

ვაკო ავალიანი: არ ვიცი, მინისტრს ხუთი მოადგილე უკვე ჰყავს.

- როგორც ცნობილია, ნიკა აგლაძე სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილეა. წინა მთავრობის დროს ქუთაისის სამხარეო პოლიციაში მუშაობდა და თქვენი ხელისუფლების მიერ დამნაშავედ შერაცხულ მეგის ქარდავას კადრი და ნათესავია (ქარდავა აგლაძის შვილის ნათლიაა). ამიტომ, გვაინტერესებს, საიდან და როგორ მოხვდა ნიკა აგლაძე ალასანიას გარემოცვაში?

- არ ვიცი, თუ მიმართავთ პრესსმსახურს ოფიციალურად გიპასუხებენ, ოფიციალურად გაგცემენ პასუხს, კარგი?

- თქვენ არ ხართ კომპეტენტური?

- ერთი კვირის წინ დავბრუნდი საქართველოში და თუ ასე გაინტერესებთ ეს საკითხი, მიმართეთ პრესსმსახურს“.

„პრესა.ჯი“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელ ლევან ჯორბენაძეს დაუკავშირდა, რომელმაც თავის მხრივ, წერილობითი მიმართვა გვთხოვა და დასძინა, რომ დღეს ამ ინფორმაციის მოძიება-გადამოწმება გაუჭირდება, რადგან ისვენებს.

„რაც შეეხება ნიკა აგლაძის წარსულს, ამ საკითხზე მოგვმართეთ ოფიციალურად და მიიღებთ პასუხს. თუმცა, დღეს ვერ შევძლებთ ამ ინფორმაციის მოძიება-გადამოწმებას, რადგან დასვენების დღა“,- გვითხრა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

„პრესა.ჯი“ მომავალშიც გააგრძელებს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესების გაშუქებას, რადგან ალასანიას უწყების მიმართ საკმაოდ საინტერესო ინფორმაციები არსებობს. მათ შორის მინისტრის პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესების შესახებაც.