ფირცხალავა იური ვაზაგაშვილს ქურდულ სამყაროსთან კავშირს ახსენებს, ვაზაგაშვილი მტკიცებულებებს ითხოვს

  17:11:10     24-02-2014

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, რომ 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი „კრიმინალური წარსულის გამოყენებით, ცდილობს პოლიციას ჩირქი მოსცხოს“.

ფირცხალავა „პრესა.ჯი“-სთან ამბობს, რომ ვაზაგაშვილმა ახალი ცილისმწამებლური კამპანია წამოიწყო. ფირცხალავას თქმით, ვაზაგაშვილი პოლიციის ყოფილი ინფორმატორის მეშვეობით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის იბრძვის.

„პრესა.ჯი“: იქნებ დეტალურად მოგვიყვეთ, რა ინფორმაციას ფლობთ...

ირაკლი ფირცხალავა: ვაზაგაშვილმა გეგუთის ციხეში შეაგზავნა ადვოკატი და დააკითხინა პატიმარი ვინმე შავიძე, რომელიც ჩვენებაში ამბობს, რომ თითქოს 2008 წელს მე და გიორგი ხიზანიშვილმა დავავალეთ მას რაღაცეები და პლუს ლია მეტრეველის მკვლელობა.

-იცნობთ თუ არა პატიმარ ლაშა შავიძეს, რომლის ჩვენებაზე დაყრდნობით ამბობს ვაზაგაშვილი, რომ თქვენ უნდა გასამართლდეთ?

-მე პირადად შავიძეს არ ვიცნობ. თუმცა როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, ეს პიროვნება იყო პოლიციის ინფორმატორი. ის წლების განმავლობაში ინფორმაციას აწვდიდა სამართალდამცავებს. მერე რატომღაც ჩათვალა რომ ეს ინფორმატორობა მას დაიცავდა და ჩაიდინა დანაშაული. თუ არ ვცდები, 100 გრამამდე ჰეროინით დაიჭირეს ეს ადამიანი, მას გარკვეული ე.წ კანალი თურქეთიდან ჰქონდა აწყობილი და დააპატიმრეს კიდეც. დღეს კი იური ვაზაგაშვილი ამ პატიმარზე დაყრდნობით ითხოვს ჩემ გასამართლებას და საერთოდ, რაც ხდება დღეს ვითომ ციხეებიდან სკანდალური ინფორმაციების გასაჯაროვება, ამის ორგანიზატორი გახლავთ იური ვაზაგაშვილი. რაც შეეხება ბრალდებას, რომ მე და ხიზანიშვილმა მეტრეველის ლიკვიდაცია შევუკვეთეთ, სრული აბსურდია და მორიგი ცილისწამება. იური ვაზაგაშვილი თვითონ არის კრიმინალი და კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი. სამწუხაროდ, ამას მტკიცებით ფორმაში ვერ ვამბობ, იმიტომ რომ ყველა დოკუმენტი გაანადგურა ბატონმა ვაზაგაშვილმა.

-რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ ვაზაგაშვილის კრიმინალურ წარსულზე?

-მას კავშირი აქვს ძველი და ახალი ქურდული სამყაროს პლეადასთან. ეს კაცი ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს რომ ჩირქი მოსცხოს პოლიციას. ის ამას აკეთებს ფულის გამოყენებით.

„პრესა.ჯი“  ფირცხალავას განცხადებებზე კომენტარისთვის იური ვაზაგაშვილს დაუკავშირდა. კორტებთან ლიკვიდირებილი ახალგაზრდის მამა აცხადებს, რომ მას ფირცხალავას და სხვა პირების მიერ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებები გააჩნია და მათაც მოუწოდებს, რომ ბრალდებას თან მტკიცებულებები დაურთონ.

იური ვაზაგაშვილი: პატიმარი ლაშა შავიძე ქალბატონ ია მეტრეველს მთელი ექვსი თვის განმავლობაში უკავშირდებოდა და ითხოვდა მასთან შეხვედრას, მას შემდეგ რაც ქალბატონმა იამ მე ჩამაყენა საქმის კურსში. შემდეგ მე გავუშვი პატიმართან ჩემი ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი, რომელმაც პატიმარი დაკითხა. დაკითხვის ოქმის ასლი ჩვენც გაგვაჩნია და ქალბატონ იასაც მივეცით, რომელმაც ეს ოქმი სახალხო დამცველის აპარატში შეიტანა. საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა. ჩემი ინფორმაციით, ომბუდსმენის წარმომადგენლებმაც დაკითხეს პატიმარი, იქ მარტო შავიძე არ არის.

„პრესა.ჯი“: ამ საკითხის კომენტირებისას ირაკლი ფირცხალავამ თქვა, რომ თქვენ კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი ხართ და კრიმინალებთან გარიგებით გინდათ ჩირქი მოსცხოთ პოლიციას...

-კრიმინალად მათ მე გამომაცხადეს, როცა ავტომობილის მოპარვაში დამადანაშაულეს. თითქოს მე მანქანა 2004 წლელს ბათუმიდან მოვიპარე. რის შემდეგაც თავს დამესხნენ, მანქანა წამართვეს, ტელევიზიით გამოვიდა სამმართველოს უფროსი და განაცხადა, რომ მოპარული მანქანით ვინმე იური ვაზაგაშვილი გადაადგილდებოდა. მათ სასამართლოს გადაწყვეტილება ჰქონდათ და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამომართვეს მანქანა. მაშინ ჩვენ მტკიცებულებები წარუდგინეთ და ავხსენით, რომ როგორ დაკარგავდნენ 2004 წლის მაისში ავტომანქანას, როცა ეს მანქანა 2003 წელს დაზღვეული გვყავდა სადაზღვეო კომპანიაში. ახლა რაც შეეხება ფირცხალავას ბრალდებას, მე მისგან განსხვავებით მაქვს მტკიცებულებები, მე ვასახელებ იმ კრიმინალებს, რომლებიც დღეს არიან მოკალათებულნი. რატომ ვცხებ პოლიციას ჩირქს? პირიქით, გული მტკივა, რომ შს სამინისტროში არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენი წესიერი ადამიანების სახელს არცხვენენ. პოლიციის მუნდირის შეურაცხყოფაა, როცა მკვლელები სხედან შს სამინისტროში. მე ყველაზე არ მაქვს საუბარი, კონკრეტულ ადამიანებზე ვსაუბრობ, ვასახელებ მათ, ვის წინააღმდეგაც მაქვს მტკიცებულებები, როგორც დალაქიშვილზე ვიძახი. უშუალოდ დალაქიშვილმა, ბეროძემ, ცააძემ და რაზმაძემ დაუწყეს სროლა კორტებთან მანქანას.

-ფირცხალავა ამბობს, რომ თქვენ კრიმინალური წარსული გაქვთ...

-რას გულისხმობს კრიმინალურ წარსულში? ახლა ამათმა ლევან გაბუნია გამოაჩინეს, რომ თითქოს მისი შვილი ზურა ვაზაგაშვილმა მოკლა. რომ თურმე მისი შვილი იყო ერთადერთი მოწმე ბექა პაპუაშვილის მკვლელობის... ჯერ ერთი იტყუება, გიორგი გაბუნია ერთადერთი მოწმე ნამდვილად არ ყოფილა, რადგან იყვნენ სხვა მოწმეებიც. მეორე ტყუილიც, თუ გარდაცვლილმა გიორგი გაბუნიამ იცოდა, რომ პაპუაშვილის მკვლელი იყო ზურა, რატომ აჰყვა მას, როგორც ბატონი ლევანი ამბობს, სახურავზე? ეს ლევან გაბუნია გამოაჩინეს ზურას დაბადების წინა დღეს და ამ მეთოდით მეომებიან. თუ ომი უნდათ, მეომონ ბატონო. დადონ მტკიცებულებები ჩემი და ჩემი შვილის წარსულზე.

მე კი კიდევ ერთხელ ვაცხადებ და ვდებ მტკიცებულებას რომ ფირცხალავა ყაჩაღია, აგერ კოკაიას მთელი ფირმა წაართვა და მეუღლის სახელზე გააფორმა. გენერალ თამაზაშვილს იარაღები ამ ჯგფუმა ჩაუდო და უსამართლოდ ჰყავდათ ციხეში. აგერ, ეს პოლიციელი რას წერს, ფირცხალავამ, კოდუამ და ახალაიამ რა გაუკეთეს. როგორ გადაუტეხეს მას სოდში ხელი და რა დღეში ჰყავდა. ეს მტკიცებულებებია, ხალხო. ასე რომ ჰაერზე საუბარს ჯობია დადოს ფაქტები ჩემი კრიმინალობის შესახებ ან ზურას კრიმინალობის შესახებ.  კრიმინალური დეპარტამენტის უფროსი იყო და თუ ზურა კრიმინალი იყო, რატომ არ დაიჭირა? 2 მაისსს მიშიკო შეროზენაშვილის გასვენება იყო, გეცოდინებათ ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. ოჯახს კაცი მიუგზავნეს, რომ ზურამ მოკლა თქვენი შვილი და იმიტომ მოვკალით ზურაო, ვინ არიან –ბანდიტები თუ ქურდები? გამარკვიეთ ვინ იყვნენ სამინიტროში. რომ არა თქვენდამი, ჟურნალისტისადმი პატივისცემისა მე ამ ფირცხალავას ნათქვამზე კომენტარს არც კი ვიკადრებ – მკვლელი, გარეწარი, ბანდიტია...

-თქვენ თვლით, რომ ფირცხალავა და მისი გუნდი ომს გიცხადებენ, ისინი ფაქტებზე საუბრობენ

-დადიან კასპში, სადაც გავიზარდე და ეძებენ რაღაც ინფორმაციებს ჩემზე, ახალგაზრდობაში ვინმესთან ხომ არ მიჩხუბია და ასე შემდეგ... სირცხვილია უბრალოდ. რაღაცას აპირებენ ალბათ, ნახეთ რა დონის "დიშოვი“ ხალხია, ცდილობენ რამე ახალი შეთითხნონ. 22 წლის შვილი მიწაში ჩამიწვინეს და იმის მაგივდად რომ თავები ჩაღუნონ, აქეთ გვაწვებიან.