რა ბრალდებით დააკავეს ბაჩო ახალაიას ადვოკატი, გიორგი ონიანი?

  20:36:41     23-02-2014

ექს თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატი და ყოფილი პოლიციელი, გიორგი ონიანი დააკავეს. სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი სახლიც. 

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ონიანი პროკურატურაში გადაიყვანეს. ოფიციალურად, მისი დაკავების მიზეზი უცნობია. პროკურატურას, განცხადება, ოანიანის დაკავების მიზეზებზე, არ გაუვრცელებია. 

თუმცა, მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თემურ დოლიძე ადასტურებს რომ ონიანი თბილისის პროკურატურამ დააკავა. "ამ თემაზე ხვალ, 12 საათზე ბრიფინგი გაიმართება" - აცხადებს იგი.

სავარაუდოდ, ონიანს რამდენიმე წლის წინ ნარკოტიკის ჩადებას ედავებიან. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის წევრი, გიორგი კანდელაკი ავრცელებს. 

თავად ონიანი, მის დაკავებას მოახლოვებულ არჩევნებს უკავშირებს. ის აცხადებს რომ ადგილობრივ არჩევნებში კენჭისყრას აპირებდა. პროკურატურა კი ამტკიცებს რომ ონიანის წინააღმდეგ უტყუარი მტკიცებულებები არსებობს და პოლიტიკა არაფერ შუაშია.