ვინ და რატომ მოკლა დავით ყიფიანი კიევში?

  10:52:43     21-02-2014

კიევში კიდევ ერთი ქართველი, დავით ყიფიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ყიფიანის ცხედარი კრეშატნიკის მოედანზე იპოვეს და მას სნაიპერის ტყვია აქვს მოხვედრილი. 

საქართველოს ელჩი, უკრაინაში, მიხეილ უკლება აცხადებს რომ დავით ყიფიანის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს და მას ექსპერტიზა უტარდება. 

უკლებას თქმით, საელჩოს არ აქვს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ რომ დავით ყიფიანი სნაიპერის ტყვიით არის მოკლული.

დავით ყიფიანი უკრაინაში ერთი წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად. ის ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო დ აქტიურად მონაწილეობდა კიევის საპროტესტო აქციებში.
სნაიპერის მიერ მოკლულ დავით ყიფიანზე საუბრობს პრეზიდენტი სააკაშვილი. ის აცხადებს რომ ცოტა ხნის წინ, "დათო კიევში ნახა"... სააკაშვილი პასუხობს კითხვას, რატომ იყო დავით ყიფიანი უკრაინულ მაიდანზე....

"კიევში ორი ტყვიით მოკლეს დათო ყიფიანი, საუკეთესო ქართველი ახალგაზრდა. რისთვის იყო ის უკრაინაში? უკრაინის მტრები ამბობენ, რომ დათოსნაირი ბიჭები დაქირავებულები არიან. დეკემბერში, კიევში ყოფნისას მე ვნახე დათო და მისი თანამებრძოლები, თავი უხერხულად ვიგრძენი, რომ მათ მატერიალურად ვერ ვეხმარებოდი. ისინი თავისი კაპიკ-კაპიკ ნაგროვები ფულით ჩავიდნენ კიევში და დიდ ხელმოკლეობას განიცდიდნენ.

დათო იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ წევრი, მაგრამ იქ არ ყოფილა პარტიული ან რაიმე სხვა პოლიტიკური ინტერესებისათვის. ბევრი კითხვას სვამს თუ რას აკეთებენ ქართველები უკრაინაში, ამბობენ, რომ ეს არ არის ჩვენი ბრძოლა, სინამდვილეში მაიდანზე, სადაც ჩვენ თვალწინ ხდება რუსეთის იმპერიის დასამარება, საქართველოს ბედი წყდება. სწორედ იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რატომ იყო დათო ყიფიანი უკრაინაში უნდა გავიგოთ ის, თუ რატომ ჩამოდიოდნენ უკრაინელები საქართველოში.

დათომდე ცოტა ხნით ადრე დაღუპული იური ვერბიცკი უკრაინული პრესის ცნობით საქართველოს დასაცავად იბრძოდა აფხაზეთში. ყველას ვისაც აფხაზეთის ომი ახსოვს, იცის ისტორია რუსეთის სპეცრაზმის მიერ გარშემორტყმულ უკრაინელ მებრძოლებზე. უკრაინელები ხმამაღლა ყვიროდნენ “Грузины не сдаются” და ბოლო ტყვიამდე ებრძოდნენ მტერს. მაშინ, უკრაინელები იბძოდნენ საქართველოსთვის და ე.ი უკრაინისთვის. დათო კიევში იბრძოდა უკრაინისთვის და ე.ი საქართველოსთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის და ე.ი თავისუფლებისთვის!

დათოს პატარა შვილს, მამა ალბათ არ ემახსოვრება, მაგრამ ის გაიზრდება იმპერიისგან გათავისუფლებული უკრაინისა და საქართველოს პირობებში და ყოველთვის ეცოდინება, რომ საქართველოს დროშა ამაყად ფრიალებდა მაიდანზე. დათოს დაუპირეს ამ დროშის ხელიდან გამოგლეჯა, მან დროშა არ დახარა, ღირსება შეინაჩუნა და შემდეგ თავიც გაწირა, მაგრამ უკრაინული მაიდანიდან ის გამარჯვებული წავიდა",- წერს სააკაშვილი.

რაც შეეხება კიევში გარდაცვლილ კიდევ ერთ ქართველს, ზურაბ ხურციას, იგი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ხურცია მაიდანზე გულის შეტევით გარდაიცვალა.

ბოლო დღეებია კიევში სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება. არსებული მონაცემებით დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი.