რატომ მალავენ მარგველაშვილის მიერ შეწყალებულ პატიმართა ვინაობას?

  15:24:41     17-02-2014

მას შემდეგ, რაც მარგველაშვილი პრეზიდენტად ივანიშვილის ხათრით აირჩიეს, მან რამდენიმე ასეული პატიმარი შეიწყალა. თუმცა, შეწყალებულ პატიმართა სია რატომღაც გასაიდუმლოებულია.

შეწყალების კომისიის წევრი, ზვიად ქორიძე შეწყალებული პატიმრების ვინაობის გასაიდუმლოებას, „პერსონალური ინფორმაციის“ მოტივით ხსნის.

ქორიძე აცხადებს რომ მას არ აქვს უფლება, გაასაჯაროვოს შეწყალებულ პირთა  ვინაობა იქამდე, ვიდრე ამას თავად შეწყალებული პატიმარი არ გადაწყვეტს.

„შეწყალების კომისია რეკომენდაციას უწევს ამა თუ იმ პატიმარს. შემდეგ კი, პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას, შეიწყალოს თუ არა, კომისიის მიერ წარდგენილი პატიმარი.

რაც შეეხება შეწყალებული პატიმრის ვინაობას, ეს არც უნდა იყოს საჯარო, რადგან პერსონალური ინფორმაციაა. რატომ ითხოვთ ჩემგან ასე დაჟინებით კანონის დარღვევას“, - აცხადებს ქორიძე.

იგივეს ამბობს, შეწყალების კომისიის წევრი, ადვოკატი ლია მუხაშავრიაც. მისი თქმით, იმის გამო რომ შეწყალებულ პატიმართა ვინაობა მოიცავს პერსონალურ ინფორმაციას, მისი გაცემა არ შეუძლია.

ისმის კითხვა, რატომ უმალავენ საზოგადოებას იმ პატიმართა ვინაობას, რომელიც მარგველაშვილმა შეიწყალა?

პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და ეს განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში, ოფიციალურად ითვლება დამნაშავედ და მისი დანაშაულის შესახებ ინფორმაციაც საჯაროა (სპეციალური შემთხვევების გარდა)...

და თუ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს ამა თუ იმ საქმეზე გამტყუნებული მსჯავრდებულის ვინაობა და საქმის დეტალები, რატომ არ უნდა ფლობდეს ინფორმაციას, მისი შეწყალების შესახებ?

„პრესა.ჯი“: ქალბატონო ელენე, თქვენ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყავით, რატომ არის გასაიდუმლოებული პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმართა ვინაობა?

ელენე თევდორაძე: შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ეს ინფორმაცია სრულად ჰქონდა სასჯელაღსრულების სამინისტროს. სწორედ ისინი ავრცელებდნენ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმართა ვინაობის თაობაზე მონაცემებს.

- თუმცა, მარგველაშვილის ადმინისტრაცია და შეწყალების კომისიის დღევანდელი წევრები გვეუბნებიან, რომ შეწყალებულ პატიმართა ვინაობა საიდუმლოა, რადგან ეს პერსონალური ინფორმაციაა...

- მაპატიეთ, მაგრამ ესაა სრული სისულელე. ვინც ასეთ სისულელეს ამბობს, არაკომპეტენტურია. აბა, როგორ აქვთ ინფორმაცია, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრების ვინაობის შესახებ? რატომ უნდა იყოს საიდუმლო შეწყალებული პატიმრის სახელი და გვარი?

სააკაშვილის ხელისუფლების დროს, სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებდა მსგავს სიას. ხოლო, რატომ მალავენ ახლა, შეწყალებული პატიმრების ვინაობას, არ ვიცი“.

„პრესა.ჯი“, სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელს დაუკავშირდა კითხვით: რატომ არ ქვეყნდება სამინისტროს საიტზე შეწყალებულ პატიმართა ვინაობა?

სამინისტროს წარმომადგენელმა გვითხრა რომ მსგავსი სახის ინფორმაცია შეწყალების კომისიამ უნდა მოგვაწოდოს. „ისინი არიან მთავარი მოქმედი პირები.

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრების თაობაზე ჩვენ გვაქვს სრული ინფორმაცია, მაგრამ ეს შეწყალების კომისიამ უნდა გაავრცელოს და არა - სასჯელაღსრულების სამინისტრომ“, - გვითხრეს სუბარის უწყებაში.

P.S: ერთი მხრივ, თუ მარგველაშვილის მიერ შეწყალებული პატიმრის ვინაობა საიდუმლოა, მეორე მხრივ კი, არსებობს ეჭვი იმის შესახებ რომ პრეზიდენტმა ძველი მეგობრები და მეგობარი ქალბატონის ახლობლები შეიწყალა, როგორ უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის გადამოწმება?

ისღა დაგვრჩენია, საზოგადოება ბრმად ენდოს მარგველაშვილის მიერ დაკომპლექტებულ შეწყალების კომისიას. იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათი წევრების უმრავლესობას, შესაძლოა, წარმოდგენაც კი არ ჰქონდეთ იმაზე, თუ რა აკავშირებს ამა თუ იმ შეწყალებულ პატიმარს, მარგველაშვილთან და მის მეგობარ ქალბატონ მაკა ჩიჩუასთან.