იური ვაზაგაშვილი ბრალდებას პასუხობს: დადეთ ფაქტები...

  14:19:54     08-02-2014

2003 წელს გარდაცვლილი გიორგი გაბუნიას მამის ლევან გაბუნიას ბრალდებას ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი „პრესა.ჯი“-სთან გამოეხმაურა. ვაზაგაშვილი აცხადებს, რომ თუ გაბუნიას ჰქონდა კონკრეტული ფაქტი, მისი შვილის მკვლელობაში ზურა ვაზაგაშვილის მონაწილეობის შესახებ, რატომ დუმდა ბოლო 12 წლის განმავლობაში და რატომ არ შეიტანა პროკურატურაში სარჩელი.

„პრესა.ჯი“: ლევან გაბუნიამ დღეს სკანდალური განცხაება გააკეთა და თქვენი შვილი გიორგი გაბუნიას მკვლელობაში დაადანაშაულა, ჩვენთან საუბარში მან საქმის „ჩაფარცხვაში“ თქვენც დაგდოთ ბრალი...

იური ვაზაგაშვილი: თქვენ თვლით, რომ ეს სერიოზული ბრალდებაა? პირველ რიგში მე ვუთანაგრძნობ ორივე ოჯახს, იმიტომ რომ მე ვიცი შვილის სიკვდილი როგორია და ვიცი რა სიმწარეა ეს. მაგარამ შევარცხვინე ის მამა, რომელსაც ეს ინფორმაცია ჰქონდა და 12 წლის განმავლობაში გაჩუმებული იყო. მაინტერესებს, სად არის მისი მამობრივი ზნეობა, მამობრივი სიყვარული. რატომ არ ამოიღო ხმა აქამდე?

- იცით თუ არა, რამე აღნიშნული საქმის შესახებ...

სანდრო გვირგვლიანის სასამართლო რომ მიმდინარეობდა, მაშინ გავიგეთ ჩვენ, რომ ასეთი ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა. მოვიდა გარდაცვლილის დედა და გვიამბო, რომ პაპუაშვილები იყვნენ მასთან მისულები და უთხრეს, რომ ზურა ვაზაგაშვილმა გადააგდო მისი შვილი შენობიდან, ქალბატონი ამბობდა, რომ პაპუაშვილებმა მას ურჩიეს ეს ამბავი ტელევიზიით გაეხმმაურებინათ. გოგა გაბუნიას დედა მაშინ ამბობდა: გავარკვიე და ვიცი, რომ ჩემ შვილს ზურასთან არავითარი შეხება არასდროს ჰქონიაო,  პირიქთ, განაწყენებული იყო იმათზე... ძალიან კარგი იქნება თუ დაუკავშირდებით იმ ქალბატონს. 

- რაც შეეხება ბექა პაპუაშვილის მკვლელობას, ლევან გაბუნია აცხადებს, რომ პაპუაშვილი თქვენმა შვილმა მოკლა...

- ამ ოჯახზე ეს ინფორმაცია იმიტომ აქვთ ასე აკრეფილი, რომ ბექა პაპუაშვილმა 2002 წელს, კაფეში დაჭრა ჩემი შვილი ზურა. ზურა შეყვარებულთან ერთად იყო, ისინი სამნი ყოფილან, მიყენებული ჭრილობით ზურა საავადმყოფოში მოხვდა. ამოღებულია ისტორიაც და შეგიძლიათ ნახოთ. პაპუაშვილის მიერ დაჭრილი ზურა ბუნებრივია პოლიციამ დაკითხა მოწმის სტატუსით. იქიდან მოდის გაბუნიების ეჭვი, რომ მათი შვილი თითქოს მოკლა ზურამ, რაც აბსურდია. 

2006 წლის 2 მაისს, როცა ზურა მოკლეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაგზავნა ერთ-ერთი პოლიციელი პაპუაშვილების ოჯახში, ამ ყველაფერს ყოფილი პოლიციელი თავის ჩვენებაში ჰყვება. მისი თქმით, დავალებული ჰქონდათ, რომ პაპუაშვილები დაერწმუნებინათ, იმაში, რომ შვილი ზურა ვაზაგაშვილმა მოუკლა და ოჯახს მეორე დღეს "რუსთავი ორი"ს ტელევიზიაში გაეკეთებინა განცხადება ამის შესახებ, თუმცა როგორც ეს პოლიციელი აცხადებს, ოჯახმა ის არ მიიღო და გამოაგდო. 

შემდეგ შს სამინისტრომ მონახა მათი ნათესავი ვინმე უშანგი კელენჯერიძე, რომელიც  გამოვიდა და მკვლელობაში ბრალი დასდო ზურას. გაბუნიას დღეს გაკეთებული განცხადებით გამოდის, რომ როგორც კი ზურას თემა წამოიწევა, ეგრევე აქტიურდებიან კონკრეტული ჯგუფები, ვისაც ამ საქმის გახსნის ძალიან ეშინია. მე მიკვირს ამ ხალხის, რატომ არ შეაქვთ პროკურატურაში სარჩელი? თუ მათ აქვთ მტკიცებულებები, დადონ, ისევე როგორც მე ვდებ კონკრეტულ მასალებს ზურას მკვლელობასთან დაკავშირებით. მე მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან. შეიტანოს სარჩელი პაპუაშვილებმაც, ახლა მე იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ მათი ხელიც ურევია ზურას მკვლელობაში, მკვლელობის დროს მათი ნათესავი მუშაობდა შს სამინისტროში. 

დღეს ეს ადამიანები იმის მაგივრად რომ შვილის მკვლელობის რეალური მიზეზები ეძებონ, ცდილობენ ვაზაგაშვილების ოჯახს კრიმინალის იარლიყი ააკრან.