ავღანეთში დამატებითი ძალების გაგზავნას დეპუტატები ეთანხმებიან

  16:44:43     07-02-2011

საქართველოს მიერ, ავღანეთში დამატებით ძალების გაგზავნას დეპუტატების დიდი ნაწილი დადებითად აფასებს.  საპარლამენტო ოპოზიცია კი მოითხოვს, დაკონკრეტდეს, რა კონტიგენტის გაგზავნაზეა საუბარი.

 

უახლოეს თვეებში, საქართველო ავღანეთში დამატებით ძალებს რომ გაგზავნის, ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან პირობა მისცა ავღანეთის პრეზიდენტს, რომ საქართველო ავღანეთს დაეხმარება პოლიციის რეფორმირებაში, ასევე, ავღანურ ძალებს არტილერისტთა მომზადებასა და ეკონომიკური რეფორმების გატარებაში.

 

საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“  წევრების თქმით, დასაკონკრეტებელია რა იგულისხმა პრეზიდენტმა, ინსტრუქტორების გაგზავნა თუ სამხედრო შეიარაღებული ძალების ზრდა.

ოპოზიციის აზრით, მთავარია მთავრობამ დაასაბუთოს გვაქვს თუ არა ამხელა რესურსი და პროპორციულად შეგვიძლია თუ არა პასუხისმგებლობის აღება და დანაპირების შესრულება.

 

რაც შეხება მმართველ პარტიას, ისინი პრეზიდენტის განცხადებას დადებითად აფასებენ. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილის აზრით,  ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად სწორია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების საკითხი.

 

„ამ საკითხში ჩვენი მონაწილეობა პირდაპირ პროპორციულად ზრდის საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესებას და ძალისხმევას, რომ ჩვენი პრობლემატიკა, უშუალოდ ჩვენი ეროვნული ინტერესები უკეთ და მუდმივად იქნას გათვალისწინებული“ – ასეთია დავით დარჩიაშვილის პოზიცია.

 

პრეზიდენტის განცხადებას ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი.

გაბაშვილის განცხადებით, საქართველო არის უსაფრთხოების კოალიციის ნაწილი და ჩვენ მნიშნელოვანი წვლილი შეგვაქვს  უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ავღანეთში.

 

„ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების შეფასებით, ავღანეთში ჩვენი  სამხედროები ერთერთი ყველაზე ორგანიზებული და სერიოზული სამხედრო ნაწილია. ჩვენი სურვილია, რომ ვიყოთ არა მხოლოდ მიმღებები და გამომყენებლები, არამედ, მიმწოდებლები გლობარული უსაფრთხოებისთვის“ – აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.