„ამნისტირებულმა პატიმარმა ჩემი დისშვილი გაგუდა“ - მკვლელობის დეტალები
12:51:47     04-02-2014
სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს მოსახლეობა 29 წლის გიორგი ლეკიაშვილის ცხედარს ორ კვირაზე მეტია, მდინარეში საკუთარი ძალებით ეძებს. სოფლის ახალგაზრდობა ფეხზე დგას, ისინი მეგობრის მკვლელობისთვის დაკავებული 39 წლის გოჩა ხუხიაშვილის სახლ-კარის გადაწვით იმუქრებიან.
საქმე ეხება 2014 წლის 14 იანვარს, ძველით ახალ წელს მომხდარ მკვლელობას. შემზარავი მკვლელობის შესახებ „პრესა.ჯი“-ს მოკლულის ბიძამ, ზაზა ჯოხარიძემ უამბო, რომელიც სასამართლოს არაობიექტურობაში ადანაშაულებს.
„პრესა.ჯი“: იქნებ დაწვრილებით მოგვიყვეთ, რა მოხდა 14 იანვარს?
ზაზა ჯოხარიძე: გიორგი 20 წელიწადი ჩემთან ცხოვრობდა, სამეურნეო საქმეებში მეხმარებოდა, მისი მშობლები სიღნაღში ცხოვრობენ, მათთანაც ხშირად მიდიოდა. ამიტომ არავის გაგკვირვებია რომ 14 იანვარს სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. ვიფიქრე მშობლებთან უნდა ახალი წლის დღეები გაატაროსთქო.
თუმცა, როცა დასთან მოვიკითხე და გავიგე რომ მათთან არ იყო, მივმართე პოლიციას, სიღნაღის პოლიცია საქმეში მალევე ჩაერთო და რამდენიმე დღეში შევიტყვეთ ეს შემზარავი ფაქტი. ჩემი დისშვილი მასზე 10 წლით უფროსმა, ამნისტირებულმა პატიმარმა, გოჩა ხუხიაშვილმა საკუთარ სახლში გაგუდა, შემნდეგ კი თანამზრახველთან ერთად ალაზანში გადაგდო.
- თქვენი აზრით, რა იყო მკვლელობის მოტივი?
- ჩემი ვარაუდით, ეს კონფლიქტი ფულის გამოძალვას უკავშიდება, რადგან გიორგის ჯიბეზე 300 ლარამდე ჰქონდა. როგორც დაკავებულს პოლიციისთვის უთქვამს, გიორგი სახლში წაიყვანა და იქ სვამდნენ. ურთიერთშელაპარაკებისას გიორგის სკამს ფეხი ვკარი და გონება რომ დაკარგა, გავგუდეო.
მან მკვლელობა თავის სახლში ჩაიდინა. მოკლული ბიჭი ერთი დღე იმავე სახლში დამალა, მერე კი მეგობრისთვის, ალიკა კვიჟინაძისთვის უთქვამს გიორგი მოვკალი და გვამის მოშორებაში დამეხმარეო... კვიჟინაძემ მკვლელს უარი უთხრა თხოვნის შესრულებაზე, თუმცა დამალა ამხელა დანაშაული და ხელი დააფარა ხუხიაშვილს.
- თქვენი ინფორმაციით, ვისი დახმარებით შეძლო ეჭვმიტანილმა ცხედრის მოშორება?
- ხუხიაშვშვილს თანამზრახველის პოვნა არ გასჭირვებია, გვამის მოშორებაში მას თბილისიდან ჩამოსული ნათესავი დაეხმარა (ბიძაშვილის ქმარი). სწორედ მისი მანქანით გადაიტანეს ცხედარი და გადააგდეს ალაზანში.
როგორც ვიცი, დაკავებისას კვიჟინაძემაც და ხუხიაშვილის სიძემაც აღიარეს რომ ერთმა დამალა მკვლელობა, მეორემ კი ცხედარი გადაატანინა ეჭვმიტანილს, პოლიციამ დააკავა კიდეც ისინი. თუმცა, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა ორივე მათგანი. მკვლელი კი დატოვა პატიმრობაში. ვითხოვთ დააკავონ დანაშაულის ხელისშემწყობები. წინააღმდეგ შემთხვევაში უკიდურეს ზომებს მივიღებთ.
- რა ურთიერთობა ჰქონდა მოკლულს ეჭვმიტანილთან?
- ხუხიაშვილი ჩემი მეზობელია. ოთხი სახლის მოშორებით ცხოვრობს, თუმცა მასთან ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონია. დაკავებულს ადრეც ჰქონდა პრობლმები სამართალდამცავებთან.
მან ციხე ამნისტიით, 6 თვის წინ დატოვა. საქმე კი ალბათ ვერასდროს გაიხსნებოდა, რომ არა ვიდესათვალთვალო კამერით გადაღებული მასალა, სადაც ჩანს, რომ ხუხიაშვილი გიორგისთან ერთად მაღაზიაში შედის და გამოსვლისას გიორგის ლუდი უჭირავს ხელში.
არადა, როცა ბიჭს მთელი სოფელი ეძებდა, ხუხიაშვილი კვალის ასარევად წარამარა მეკითხებოდა გიორგი ხომ არ გამოჩენილაო. იმ კადრების ხილვის შემდეგ კი, პოლიციამ დაკითხა ხოხიაშვილი. დაკითხვაზე მან მვლელობა აღიარა. მარტო მისი დასჯა არ კმარა, ორივე თანამონაწილე უნდა დაისაჯოს. ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დაფარული.
- ვისთან ერთად ცხოვრობს ეჭვმიტანილი?
- ცოლ-შვილი არ ჰყავს, ჰყავს დედა, რომელიც სავარაუდოდ, შეესწრო მოკლულ გიორგის, თუმცა ამას ვერ დავამტკიცებ, მაგრამ უნდა დაიკითხონ დაკავებულის ბიძა და ბიცოლა, რომელიც იმ სახლის მეორე სართულზე ცხოვრობენ, სადაც გიორგი მოკლეს. ნუთუ კამათის ან ჩხუბის ხმა ვერ გაიგეს?“
„პრესა.ჯი“, აღნიშჭნული მკვლელობის შესახებ, სიღნაღის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, რამაზ პოპიაშვილსაც ესაუბრა. მისი თქმით, ცხედრის სამძებრო ღონისიებებში ადგილობრივებთან ერთად პოლიციაცაა ჩართული. თუმცა. გიორგი ლეკიაშვილის გვამს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.
„ვიცი ეს შემზარავი მკვლელობა, როგორც ჩემთვის ცნობილია, მკვლლობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, სასამართლომ კი საქმეში არსებული ორი პიროვნება გირაოთი გაათავისუფლა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ“, - უთხრა პრესა.ჯი“-ს პოპიაშვილმა.
ჩვენ ვეცადეთ დავკავშირებოდით ეჭვმიტანილის ახლობლებსაც, მათი პოზიციის დაფიქსირების მიზნით, თუმცა, ისინი კომენტარზე უარს აცხადებენ.