16 წლის მიშო ტყემალაძის მკვლელობა გახსნილია

  20:21:25     03-02-2014

ნუცუბიძის პლატოს მე-3 მიკრორაიონში 24 იანვარს მომხდარი სისხლიანი გარჩევისას 16 წლის მიშო ტყემალაძის მკვლელობისთვის პოლიციამ ერთი პირი, 1991 წელს დაბადებული თენგიზ გ. დააკავა. როგორც „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 24 იანვარს თბილისში, ნუცუბიძის მე-3 მიკრორაიონში, 171-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით 1997 წელს დაბადებული მიხეილ ჟ. მუცლის არეში, 1997 წელს დაბადებულ ნიკოლოზ კ. მარჯვენა ბარძაყში და 1997 წელს დაბადებული მიხეილ ტ. გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილები გადაიყვანეს ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის „ემერჯენსი“-ს განყოფილებაში, სადაც მიხეილ ტ. მძიმე ჭრილობისგან მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მიხეილ ჟ.-სა და ნიკოლოზ კ. -ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით).

შეგახსენებთ, რომ „პრესა.ჯი“ ნუცუბიძეზე მომხდარის დეტალებზე ექსკლუზიურად წერდა. მაშინ ჩვენს რედაქციას ტყემალაძეების ოჯახის ახლობელი დაუკავშირდა და გააცხადა, რომ ოჯახი 16 წლის მკვლელს იცნობდა. სისხლიანი გარჩევა 24 იავარს 171–ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მკვლელობას წინ უძღოდა დანებითა და ე.წ. დრინებით შეიარაღებული მოზარდების ჯგუფური ჩხუბი. მკვლელობა სკოლის ეზოსთან, პლატოს მეორე კვარტლის მე-8 კორპუსთან მოხდა, ადგილზე გვიანობამდე სამართალდამცავები მუშაობდნენ.