
„იგულისხმა ან დაიჭირეთ, ან რაღაცა ქენით, მომიყვანეთ ეს ხალხიო"- რას ყვება ნაირაშვილი ვიდეოკადრებზე?
11:14:45     30-01-2014
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, დავით ნაირაშვილი, რომელიც გუშინ გავრცელებულ სკანდალურ კადრებში ჩანს, პირველ კომენტარს „გურია ნიუსთან“ აკეთებს. ნაირაშვილი საქართველოს სამხედრო ატაშეა დიდ ბრტანეთში. "პრესა.ჯი" ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:
- ბატონო დავით, სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად ერთ-ერთი თქვენ ხართ. რატომ იყავით იქ, რას გეგმავდით, რა ხდება ვიდეო კადრებში?- არაფერი არ ხდება. ეს არის მუხროვანის ამბოხება. მე ვხელმძღვანელობდი შტაბს. მაგის "სასტავი" რომ გაიქცნენ, სამი-ორი კაცი რომ იყვნენ, გახსოვთ?! უბრალოდ, ისინი გაიქცნენ და ვანო გაღიზიანდა ამ კონკრეტულ საკითხზე. იგულისხმა ან დაიჭირეთ, ან რაღაცა ქენით, მომიყვანეთ ეს ხალხიო. მეტი არაფერი.
- ბატონო დავით, ამ წუთისთვის ბრიტანეთში თქვენი რეგალია რა არის?
- არაფერი არ უნდა დაწერო. მე თქვენ უბრალოდ გეუბნებით ამ ინფორმაციას, მაგრამ, არაოფიციალურად. კანონის თანახმად, მე არ მაქვს უფლება, მივცე კომენტარი. რა ვქნა, ჩემო კარგო, კანონი არსებობს. არ მაქვს უფლება ნებისმიერ ამბავზე გავცე კომენტარი. უბრალოდ გეუბნებით: ის იდიოტური აჟიოტაჟი, რომელიც არსებობს, რამენაირად მოიხსნას. მეტი არაფერი.
- სწორედ იმიტომ გირეკავთ, რომ გავარკვიოთ, რა ხდება.
- იცით, ჩემო კარგო. მე თანამდებობაზე ვარ და ოფიციალურ კომენტარს ვერ მოგცემთ. იქ, ჩემს გარდა, 1000 კაცი იყო. ვინც ახლა თბილისშია. იმათ დაურეკეთ.
- კადრში ჩანს დათა ახალაია. ნამდვილად არ ვიცი, როგორ უნდა დავუკავშირდე, თორემ დავურეკავდი.
- მიშას დაურეკეთ ამერიკაში. ის თავისუფლად მოგცემთ კომენტარს. ან გიგი უგულავას დაურეკეთ, მან ყველაფერი იცის მშვენივრად. კოდუა თბილისშია?!
- არ ვიცი. მაგრამ ვეცდები, მასაც დაუკავშირდე.
- უბრალოდ იმის გამო, რომ მე ვარ თანამდებობაზე, არ მაქვს უფლება მოგცეთ კომენტარი. თითიდან გამოწოვილი ვითომ რაღაც ამბავია. არაფერი არ არის.
- ბატონო დავით, ვის დასჭირდა ამ ვიდეო-რგოლის გავრცელება ახლა და ადრე რატომ არ გაავრცელეს ეს ჩანაწერი?
- არ ვიცი. შეიძლება იმ დღეს რომ გავრცელდა, ვითომ კიდევ რაღაცა ჩანაწერი ამოიღეს. შეიძლება ამ ჩანაწერებში იპოვეს. გთხოვთ, ჩემი გვარი და თანამდებობა არსად არ ახსენოთ.