ფალაფელი

  05:03:24     29-01-2014

ინგრედიენტები: მუხუდო 500 გ ხახვი 2 თავი ნიორი 6 კბილი ქინძი 2 კონა ოხრახუში 2 კონა რეჰანი 1 კონა ძირა 1/2 ჩ.კ დამბალი პური 1 ნაჭერი გამაფხვიერებელი 1 პაკეტი მარილი და პილპილი ზეთი შესაწვავად
მუხუდოს მარცვლებს დავასხათ წყალი და მთელი ღამით გავაჩეროთ. დამბალი მუხუდო დავაბლენდეროთ ან საკეპ მანქანაში გავატაროთ (პირველად აუცილებლად უნდა გავატაროთ მსხვილნახვრეტიან ბადეში, შემდეგ კი საშუალონახვრეტიანში).
ასევე გავატაროთ ხახვი, ნიორი, მწვანილები და პური. შევაზავოთ მარილით, პილპილითა და ძირათი. ბოლოს დავაყაროთ გამაფხვიერებელი და კარგად ავზილოთ. ისეთი მასა უნდა მივიღოთ, რომ ხელით ბურთულები შევკრათ, ამიტომ, თუ მასა ძალიან ფხვიერი გამოგივიდათ, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი.
გამზადებული მასა 1 საათი გავაჩეროთ. ქვაბში ჩავასხათ ზეთი და ვიდრე კარგად გაცხელდება, მუხუდოს მასისაგან გავამზადოთ კაკლისოდენა ბურთულები. ადუღებულ ზეთში კი ბურთულები სათითაოდ ჩავყაროთ. ვეცადოთ, ერთმანეთს არ მიეწებოს, მაგრამ თუ მაინც მიეწება, ვადროვოთ, და რომ შეიწვება, ერთმანეთს თვითონ მოსცილდება.
ბურთულები რომ დაიბრაწება და გაყავისფრდება, ქაფქირით ამოვიღოთ განიერ თეფშზე, რომელზეც საშრობი ქაღალდი გვექნება დაფენილი (რათა ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს).
ფალაფელი უნდა მივირთვათ ცხლად. ძალიან უხდება ბოსტნეულის სალათა.

ფალაფელი გაცივდება თუ არა, ოთახის ტემპერატურაზე ნუ დატოვებთ. უმჯობესია მაცივარში შეინახოთ და შემდეგ ან მიკროტალღურ ღუმელში გავათბოთ ან ტაფაზე, ცოტაოდენ ზეთში გავაცხელოთ.