ტიციანის საღამო გივი ანდრიაძის ორგანიზებით გაიმართა
01:10:38     27-01-2014
თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, დგას პოეტის სახლი, სადაც დრო იმ დღეს გაჩერდა, როდესაც პოეტის სიცოცხლე დასრულდა. ვიქნები სუბიექტური და ვიტყვი, რომ ტიციანი იყო ყველაზე პროგრესული, განუმეორებელი და დიდი პოეტი ქართველ პოეტებს შორის, ვისი ლექსებიც კი წამიკითხავს. 1937 წლის ავბედით დღეებში, ტიციანის განუყრელი მეგობარი, ასევე ცისფერყანწელი პაოლო იაშვილი, კომუნისტურმა წნეხმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა. გავიდა რამდენიმე თვე. ცენტრალური კომიტეტის მდივანმა ლავრენტი ბერიამ ამჯერად ტიციან ტაბიძე დაიბარა და უბრძანა, მეგობრისთვის ჯაშუშობა დაებრალებინა, მაგრამ, უარი მიიღო. რამდენიმე დღის შემდეგ, ღამის 3 საათზე, პოეტი სახლიდან წაიყვანეს და უკან აღარ დაბრუნებულა. საბჭოთა ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ის ათი წლით გადაასახლეს ოჯახთან მიმოწერის უფლების გარეშე, მაგრამ, ოჯახმა მალევე შეიტყო, რომ პოეტი იმავე დღეს დახვრიტეს რუსთავის გზატკეცილზე.
ტიციანსა და მის მეუღლეს, ნინა მაყაშვილს, ერთადერთი ქალიშვილი დარჩათ – ნიტა ტაბიძე, რომელიც 2007 წელს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან მთელი ცხოვრება მამის შემოქმედებით მემკვიდრეობაზე ზრუნვაში გაატარა, ახლა კი მის საქმეს მისი ვაჟი, კარდიოლოგი და მოფარიკავე გივი ანდრიაძე განაგრძობს. 22 დეკემბერს, თბილისში, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გამართული საღამო ტიციანისა და ნიტას ხსოვნას მიეძღვნა. ბატონმა გივიმ უამრავი ისტორია გაიხსენა, რომელიც მის გენიალურ წინაპრებს შეეხებოდა.
გივი ანდრიაძე: დედაჩემის მეგობრების: ნატალია სოკოლოვსკაიას, ნატალია გუტმანისა და ანნა კანდინსკაიას ინიციატივა იყო, რომ თბილისში ჩამოსულიყვნენ და ხსოვნის კონცერტი გაემართათ. როდესაც ეს იდეა გამაცნეს, რა თქმა უნდა, გამიხარდა და, შეძლებისდაგვარად, გვერდში დავუდექი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ თანხები გამოყო, ლიტერატურის მუზეუმმა კი დარბაზი დაგვითმო. ნიტას რუსი მეგობრების გარდა, საღამოზე ჩამობრძანდნენ ირინა ერისანოვა და ირინა კანდინსკაია, ელენა პასტერნაკმა (ბორის პასტერნაკის შვილიშვილი) კი ჩამოსვლა ვერ შეძლო. ტიციან და ნიტა ტაბიძეების ხსოვნის საღამო-გამოფენაში, ასევე, მონაწილეობდნენ: ლაშა თაბუკაშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, მარია ფილინა, კოტე ყუბანეიშვილი, ზაზა აბზიანიძე, ნინო ხოფერია, მურმან ჯინორია, ეთერ კაკულია, სოფო გელოვანი და ზაალ ჩიქობავა.
ძალიან ბევრი წლის წინ, პასტერნაკების ოჯახში ათი წელი ვიცხოვრე. როდესაც მოსკოვში დისერტაციას ვიცავდი, მაშინაც მათთან დავბინავდი. სადოქტოროს დაცვაზე რომ ჩავედი, არც მაშინ გამიშვეს სხვაგან. ისინი ტრეტიაკოვის გალერეის პირდაპირ, მწერალთა კავშირის ბინაში ცხოვრობდნენ. ერთ სართულზე მე გახლდით დაბინავებული, მეორეზე კი თავად იყვნენ. ბაბუა და მისი განუყრელი მეგობარი, პაოლო იაშვილი, დიდი სიამოვნებით მასპინძლობდნენ რუსული ელიტის წარმომადგენლებს თბილისში. აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ვინც კი ჩამოვიდოდა, ტიციანი და სხვა ცისფერყანწელები ხვდებოდნენ. როგორც ბებიასგან და დედასგან ვიცი, ტიციანს ძალიან უყვარდა თავისი მეგობრები და მათ ყველაზე წინ აყენებდა. გრიბოედოვის ქუჩაზე, ბაბუას სახლში, რომელიც დღეს მუზეუმად არის ქცეული, ერთი დიდი მრგვალი მაგიდა დგას. ამ მაგიდასთან ის და მისი მეგობრები დილამდე ისხდნენ და ერთმანეთს ლექსებს უკითხავდნენ, ქეიფობდნენ, სადღეგრძელოებს ამბობდნენ.
– როგორც ვიცი, მის სახლში ყველაფერი ახლაც ისეა, როგორც მისი დაპატიმრების დღეს.
– ნიტა 16 წლის იყო, როდესაც ტიციანი დააპატიმრეს. ეს მისთვის დიდი სტრესი იყო, რადგან, ერთ ჩვეულებრივ ღამეს მათ სახლში უცხო ადამიანები შეიჭრნენ, მამამისი წაიყვანეს და მას მერე ცოცხალი აღარც უნახავს. როდესაც ტიციანი სახლიდან გაჰყავდათ, ატირებულ ქალიშვილსა და მეუღლეს დაუბარა: „იცოდეთ ერთი რამ, რომ, ჩემი სახელის ხსენებისა და ხალხისთვის თვალებში შეხედვის არასდროს შეგრცხვებათ”.
დედა მიყვებოდა, მამას ფეხსაცმლის თასმებს ყოველთვის მე ვუკრავდიო. თვითონ ცოტა მსუქანი გახლდათ და, თურმე, თასმების შეკვრა უძნელდებოდა. როდესაც ნიტაზე ნაწყენი ან გაბრაზებული იყო, თასმებს თავად იკრავდა. ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა და მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდა.
ბებიამ მეგობრობის მუზეუმს ყველა ის ნივთი გადასცა, რაც სახლში გვქონდა. შემდეგ, როცა სახლი დავიბრუნეთ, ნივთებიც დაგვიბრუნეს. დედაჩემის გადაწყვეტილებით, გრიბოედოვის ქუჩაზე ყველა ის ნივთი, რაც მამას სიცოცხლეში სახლში ჰქონდათ, ხელუხლებლად დარჩა. სახლში დრო გაჩერდა – იქ დღემდე 1937 წელია; საათიც კი იმ დროზეა გაჩერებული, რა დროსაც ბაბუა დაიჭირეს – იქ ისევ ღამის 3 საათია. ჭაღიც ისეთივეა, როგორიც მაშინ იყო. თუ რამე აღვადგინეთ, ყველაფერი ისე გავაკეთეთ, რომ სიძველე შეგვენარჩუნებინა.
– როგორც ვიცი, ტიციანი და ბორის პასტერნაკი უახლოესი მეგობრები იყვნენ.
– ბორის პასტერნაკისა და ჩვენი ოჯახის მეგობრობა მაშინ დაიწყო, როცა ტიციანმა ქუთაისის გიმნაზია დაამთავრა და სასწავლებლად მოსკოვში წავიდა. სწორედ იქ დაუმეგობრდა ბორის პასტერნაკს, ნიკოლოზ ტიხონოვს, სერგეი ესენინს, პაველ ანტაკოვსკის, კონსტანტინ სიმონოვსა და სხვებს. სწავლის დამთავრების შემდეგ, თბილისში რომ დაბრუნდა, რუსი მეგობრები მასთან ხშირად ჩამოდიოდნენ სტუმრად.
ცალკე გვაქვს მოწყობილი ბორის პასტერნაკის კუთხე, სადაც მისი და ტიციანის სურათებია. იქვე აწყვია მისი წიგნებიც. ერთხელ მან ჩვენს ოჯახს თავისი წიგნი – „ექიმი ჟივაგო” აჩუქა. ამ რომანს თავის დროზე არ უბეჭდავდნენ და ბებიაჩემს ჩუმად გამოუგზავნა. ფაქტობრივად, მხოლოდ ბებიას კი არა, მთელ საქართველოს აჩუქა. ეს წიგნი საინტერესოა იმითაც, რომ ოთხივე ტომში ავტორის ხელითაა ყველაფერი ჩასწორებული.
1959 წელს ბატონი ბორისი ჩვენთან სტუმრად ჩამოვიდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც „ექიმი ჟივაგო” უკვე გამოცემული ჰქონდა საზღვარგარეთ და ამაზე მთელი ამბავი იყო ატეხილი. ამის გამო ხრუშჩოვის მთავრობა პასტერნაკს ძალიან მკაცრად ექცეოდა. მწერლებს ხელისუფლების ეშინოდათ და ამ ოჯახს ახლოს ვერ ეკარებოდნენ, ბებია კი მათ ოჯახში თვეობით ჩადიოდა. პასტერნაკის ცოლთან, ზინაიდასთან ძალიან მეგობრობდა და მძიმე წუთებში გვერდში ედგა. ბორის პასტერნაკი ავად რომ იყო, ბებიაჩემი გვერდიდან არ მოშორებია.
ბატონი ბორისი ჩვენთან რომ იყო სტუმრად, იმ დროს გოგებაშვილის ქუჩაზე, მწერალთა კავშირის სახლში ვცხოვრობდით – ეს ბინა რეაბილიტაციის შემდეგ მოგვცეს 1957 წელს. მოკლედ, პასტერნაკმა ჩვენთან ერთი თვე იცხოვრა. დედა და ბებია მასთან ერთად ქუჩაში დასეირნობდნენ. ნიტა იხსენებდა, რომ, ერთხელ, მცხეთაში ყოფნისას, სვეტიცხოველში მივიდნენ, სადაც ბევრი ხალხი იყო. თურმე, რუსი ეროვნების ორი მამაკაცი მიუახლოვდა და მწერალს ჰკითხეს, თქვენ ბორის ლეონიდოვიჩი ხომ არ ხართო. პასტერნაკი იმდენად იყო შეშინებული, უპასუხა – არა, ბორისი არ ვარ, სხვაში შეგეშალეთო.
ბებია თავისი ქმრის გზას განაგრძობდა – მეგობრობდა ტიციანის მეგობრების
ოჯახებთან. ამას დედაც აგრძელებდა და მეც, შეძლებისდაგვარად, ვცდილობ,
გავაგრძელო.
"თბილისელები"