როკ–ენ–როლის დიდების დარბაზი სახელგანთქმულ ქალ მუსიკოსებს „უმასპინძლებს“
12:18:55     05-02-2011
მუზეუმ „როკ–ენ–როლის დიდების დარბაზში“ გამოფენა გაიმართება, რომელიც მუსიკის განვითარებაში ქალთა როლის თემას მიეძღვნება. ამის შესახებ ორგანიზაციის საიტზე იტყობინებიან.
გამოფენის სახელწოდებაა „Women Who Rock: Vision, Passion, Power.“ ის მომნახულებლებისათვის 2011 წლის 13 მარტს გაიხსნება და 2012 წლის 26 თებერვლამდე გაგრძელდება.
ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ექსპოზიცია განყოფილებებად დაყონ. თითოეული განყოფილება სხვადასხვა დროს და პერიოდს წარმოადგენს. პირველი განყოფილება გასული საუკუნის პირველ ნახევარს მიეძღვნება და მოგვითხრობს ისეთი შემსრულებლების შესახებ, როგორებიც იყვნენ: მაჰალია ჯეკსონი და ბილი ჰოლიდეი.
60–იანი წლებიდან წარმოდგენილი იქნებიან: ჯენის ჯოპლინი, ტინა ტერნერი, გრეი სლიკი და სხვები. მესამე განყოფილება პანკს და პოსტ–პანკს მიეძღვნება. ექსპოზიციის ერთი ნაწილი 80–90–იანი წლების პოპ–მუსიკას და მის შემსრულებლებს წარმოგვიდგენს, კერძოდ კი: მადონას, სინდი ლოპერს, კრისტინა აგილერას და ბრიტნი სპირსს.
გამოფენის გახსნისას დიდი კონცერტიც გაიმართება. ორგანიზატორებმა უკვე დაანონსეს ორი შემსრულებელი: სინდი ლოპერი და ვანდა ჯეკსონი. დანარჩენი შემსრულებლების ვინაობა, ვინც ამ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.