
თემურ დოლიძე: დაკითხვაზე დაბარებულია "სინათლის ქალაქის" დირექტორი
15:36:24     21-01-2014
მთავარმა პროკურატურამ ტელეანძის გარე განათების და საჰაერო ნავიგაციისთვის განკუთვნილი შუქურის გამორთვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ანძის გათიშვა კი ამ დრომდე პოლიტიკური დაპირისპირების საგნად რჩება.
როგორც გაირკვა, ტელეანძის განათების გამორთვის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის მერიამ 20 იანვარს მიიღო.
მერის მოვალეობის შემსრულებელი, სევდია უგრეხელიძე ამბობს, რომ ანძის გათიშვის გადაწყვეტილება პირადად მან მიიღო და არა, „სინათლის ქალაქმა“. მერის მოვალეობის შემსრულებელი მთავარ პროკურატურას მის დაკითხვას სთხოვს.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა დღეს თბილისი მერის მოადგილემ, ირაკლი აბესაძემ, რომელიც ირწმუნება, რომ სანავიგაციო შუქურა უკვე რამდენიმე წელია, ჩამქრალია. აბესაძის თქმით, ეს ინფორმაცია მას „სინათლის ქალაქის“ დირექტორის, ნიკა ტოგონიძისგან აქვს.
„პრესა.ჯი“ აღნიშნულ საკითხზე პროკრატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, თემურ დოლიძეს ესაუბრა.
„პრესა.ჯი“: მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე აცხადებს რომ ანძის გათიშვის გადაწყვეტილება მან მიიღო და არა „სინათლის ქალაქმა“. ამ განცხადების შემდეგ იგეგმება თუ არა მისი დაკითხვაზე დაბარება?
თემურ დოლიძე: გამოძიება რამდენიმე საათია რაც დაწყო. ამიტომ, დამატებით ინფორმაციას ვერ გეტყვით. გამოძიება ვის დაბარებასაც ჩათვლის საჭიროდ, აბსოლუტურად ყველა დაიკითხება...
- დაიკითხა თუ არა, ვინმე ამ ეტაპისთვის, თუნდაც თბილისი მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე, რომლის ინფორმაციითაც, სანავიგაციო შუქურა უკვე რამდენიმე წელია ჩამქრალია...
- გამოძიება ახლა დაიწყო, დაკითხვაზე დაბარებულია სინათლის ქალაქის დირექტორი. ამ ეტაპზე ჩემთვის სხვა არაფერია ცნობილი.