აზერბაიჯანი იარაღის წარმოებას ზრდის
11:19:16     05-02-2011
2011 წელს, აზერბაიჯანი 120 მილიმეტრის კალიბრის, ახალი თაობის ნაღმტყორცნების წარმოებას იწყებს. როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, იარაღის საწარმოებლად ტექნოლოგიური ხაზი უკვე შექმნილია. აზერბაიჯანული ნაღმტყორცნები უნივერსალური იქნება იმით, რომ ექნება როგორც ჭურვის, ისე ნაღმის სროლის შესაძლებლობა.
როგორც ვარაუდობენ, წლის ბოლოსათვის ახალი იარაღის გამოცდა დასრულდება. რის შემდეგაც შეიარაღებაში გაუშვებენ. ნაღმტყორცნების ინდექსი და სახელწოდება არ კონკრეტდება. ამას გარდა, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში 2011 წლის მარტიდან დაიწყება 82 მილიმეტრიანი კალიბრის ნაღმტყორცნის, M-5 Asirim – ის წარმოებაც. ეს იარაღი, სავარაუდოდ, ახლო აღმოსავლეთის ერთ ქვეყანაში ექსპორტზე გავა.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წელს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აპირებს 86 დასახელების სამხედრო პროდუქციას ჩაუტაროს ტესტი. ამას გარდა, იგეგმება გაიზარდოს სამხედრო დანიშნულების წარმოებების რიცხვი. 2011 წლის მარტამდე აზერბაიჯანში 8 ახალი საწამოს მშენებლობა დაიწყება, სადაც საბრძოლო მასალებს და ახალი ტიპის იარაღს შექმნიან.
2010 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პარლამენტმა დაამტკიცა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 2011 წლისთვის, სადაც სამხედრო დანახარჯებისათვის გამოყოფილი თანხების რიცხვი გაზრდილია და შეადგენს 2,5 მილიარდ მანათს (3,1 მილიარდ დოლარს). შედარებისთვის, 2010 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1,6 მილიარდ მანათს შეადგენდა. 1,1 მილიარდი მანათი იარაღის მოდერნიზაციას მოხმარდება.