პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

  19:15:02     20-01-2014

პრემიერთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ დღეს რამდენიმე საკითხზე იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და საინვესტიციო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.საბჭომ ასევე განიხილა საქართველოს კანონი განსაკუთრებული მინიშვნელობის ქონების შესახებ. 

საქართველოს პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნება სტრატეგიული ობიექტების ნუსხა, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ცნება სტრატეგიული ობიექტების შესახებ გაუქმებული იყო, ახალი ხელისუფლება კი ამგვარი ობიექტების ნუსხის შექმნაზე მუშაობს. 

სხდომაზე ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა პრემიერს საქართველოს ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობაზე ანგარიში წარუდგინეს. ფინანსთან მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, გასული წლის ოქტომბრისა და ნოემბრის დაზუსტებული მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 4.1 და 8.1 პროცენტი დაფიქსირდა. რაც შეეხება დეკემბრის თვის წინასწარ მონაცემებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 8.5%–ით განისაზღვრება. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2014 წლის 5%–იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, კორსერვატიულადაც შეიძლება შეფასდეს. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ბანკი საქართველოში 6.3%–იან ზრდას ვარაუდობს. 

უცხოური ინვესტიციების ზრდის შესახებ ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2013 წლის მეორე კვარტლიდან უცხოურ ინვესტიციებში მნიშვნელოვანი გამოცოცხლება დაფიქსირდა. მე-3 კვარტალში საქართველოში შემოდინებული ინვესტიციების მოცულობა 20%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მონაცემს. 2013 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში 700-მდე მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 3%-ით მეტია.