
რა გახდა ფოთის მერის გადადგომის მიზეზი?
17:22:11     16-01-2014
"პრესა.ჯი"-სთვის ცნობილი გახდა, რომ ფოთის მერმა, დავით სარსანიამ თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზი მისი დაწინაურებაა. სარსანია ამ ეტაპზე არ პასუხობს კითხვას კონკრეტულად რომელ უწყებაში გადადის, თუმცა ირწმუნება, რომ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაპირისპირებას არ უკავშირდება.
გოჩა სარსანია: რამდენიმე წუთის წინ დავწერე გათავისუფლების შესახებ განცხადება.
"პრესა.ჯი": არის თუ არა, ამის მიზეზი დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაპირისპირება, როგორც ცნობილია ფოთის მაჟორიტარი თქვენ "პასუხის მოთხოვნით" საჯაროდ დაგემუქრათ...
- არა, ნამდვილად არა... ჩემსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის მიმდინარეობდა კონსულტაცია, მეტად დამაინტრიგებელი წინადადება იყო, პირიქით საუბარია ჩემს დაწინაურებაზე.
- ჩვენი ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ვიცე-გუბერნატორის პოსტს დაიკავებთ...
- ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მალე გაიგებთ რა თანამდებობას დავიკავებ. შემიძლია გითხრათ, რომ გადავდივარ რეგიონში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ეკა ბესელიასა და ფოთის მერს შორის დაპირისპირება მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რაც მერმა ბესელიას ბიუროს ავტომანქანის თვითმმართველობისთვის დაბრუნება მოთხოვა.
„პასუხს მოგთხოვ! შენ თუ გგონია, მე ვერ ვხვდები, რასაც აკეთებ! ახლა არ არის ამის დრო, დამთავრდება ეს არჩევნები!..”- ამ სიტყვებითა და თითის ქნევით დაემუქრა ეკა ბესელია თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერს დავით სარსანიას ფოთში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე თვის წინ.