
ფარცხალაძეს მიერ გათავისუფლებული პროკურორები ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილს უპირისპირდებიან
16:53:44     16-01-2014
ყოფილი მთავარ პროკურორის, ოთარ ფარცხალაძეს მიერ გათავისუფლებული პროკურორები ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილს უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ პრემიერი- მინისტრის განცხადება მოსამართლის მიმართ მითითება იყო.
ერთ-ერთი გათავისუფლებული პროკურორი გიორგი ნოზაძე „პრესა.ჯი“-მ ჩაწერა. ყოფილი პროკურორი აცხადებს, რომ უწყებაში "Photoshop"-ით ხუმრობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, თუმცა ამას სისტემური ხასიათი არ ჰქონდა.
„პრესა.ჯი“: ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრემიერმა ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა პროკურატურიდან თქვენი გათავისუფლების შესახებ და აღნიშნა, რომ თქვენ საქმის კეთების ნაცვლად ფოტოშოპით იყავით დაკავებულები და უსაქმურობდით...
გიორგი ნოზაძე: პრემიერმა განაცხადა, ასეთი რამ რომ მე არსად, არც ერთ სახელმწიფო უწყებაში არ უნდა ვიმუშავო. ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა, ეს არის პრემიერის მხრიდან ჩემი დისკრიმინაცია, დევნა. განცხადება იყო სასამართლოზე ზეწოლა, სადაც მე შეტანილი მაქვს სარჩელი სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. პრემიერის ამ სიტყვების შემდეგ, რა ქნას მოსამართლემ? დამაბრუნოს ჩემ ადგილას თუ დაუპირისპირდეს პრემიერს? რაც შეეხება უსაქმურობას, პროკურატურაში აწყვია ის საქმეები, რომელიც გამოვიძიე. ერთი წელი ვიმუშავე პროკურატურაში და ამ პერიოდის განმავლობაში ჩემ საქმეებზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენების ხარისხით და დააყენონ ნებისმიერი გამომძიებელი და ვნახავთ ვის აქვს უკეთესი რეზულტატი.
-ასეთი წარმატებული კადრი თუ ბრძანდებოდით, რატომ გაგათავისუფლეს?
-ჩვენ წინააღმდეგ მოხდა საბოტაჟი. ჩამომაშორეს საქმეებს, რომელშიც იხილობოდა წინა ხელისუფლების, ძალიან სერიოზული თანამდებობის პირების საქმეები. ალბათ ვიღაცას არ აწყობდა ბოლომდე მიმეყვანა ეს საქმეები.
-როგორც ცნობილია, თქვენ არჩილ კბილაშვილის კადრი ხართ, იყო თუ არა თქვენი გათავისუფლება ფარცხალაძესა და კბილაშვილს შორის დაპირისპირების მიზეზი?
-მე არა კბილაშვილის არამედ პროკურორის მიერ დანიშნული კადრი ვარ. მე არც კი ვიცნობდი ბატონ არჩილს... უბრალოდ მან ნახა, რომ ძალიან გამოცდილი კადრი ვიყავი. პროკურატურაში ნამუშევარი მქონდა 11 წელიწადი. ვმუშაობდი განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეებზე და წარმატებულადაც. ამიტომ გადაწყვიტა, რომ მისი მოსვლის შემდეგ მე უნდა დამეწყო მუშაობა პროკურატურაში.
-სამსახურიდან გათავისუფლებულ პროკურორებს რატომ გაგახსენდათ „სამართლიანობის აღდგენა“ ფარცხალაძის გადადგომის შემდეგ... რატომ არ ახმაურდით მაშინათვე როცა თქვენი თქმით ზეწოლით მოგაწერინეს ხელი გათავისუფლების განცხადებაზე? რატომ ატარებდით მორჩილად "საკუთარი ნებით წასულის" მანტიას?
-მე არ ვატარებდი ამ მანტიას. ვაგროვებდი იმ მასალებს, რომელიც უნდა შემეტანა სასამართლოში. შევიტანე სარჩელი და განმარტებებიც ამის შემდეგ გავაკეთე. ფარცხალაძის წასვლა ჩვენ განცხადებასთან არავითარ კავშირში არ არის.