დაპირისპირება - რით დაემუქრა მაია დარსმელიძე თაკო ოქროპირიძეს

  13:20:36     15-01-2014

'ახალი ხმის' წლევანდელ ნახევარფინალს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. მაია დარსმელიძეს თავის ჯგუფის წევრთან, თაკო ოქროპირიძესთან უთანხმოება, როგორც თავად აღნიშნა, რეპერტუარის გამო მოუვიდა. ამდენად მაომ მის გამოსვლაზე ნახევარფინალში პასუხისმგებლობა მოიხსნა და როცა ჯერი მის არჩევანზე დადგა, 100 %-დან მხოლოდ 1% დაუწერა თაკოს, დანარჩენი 99% კი მის კონკურენტს მისცა. ასე დატოვა პროექტი 31 წლის პიანისტმა, რომელიც ადრე 'ნუცას სკოლაში' მონაწილეობდა და ასევე ალექსანდრე ბასილაიას მიერ შექმნილი კვინტეტის ერთ-ერთი წევრი გახლდათ.
ყველაფრის მიუხედავად, 'ახალი ხმის' ნახევარფინალი თაკოსთვის იღბლიანი აღმოჩნდა. კონცერტის დამთავრების შემდეგ მას შეყვარებულმა დაურეკა და ცოლობა სთხოვა. თაკო მეორე დღეს რედაქციაში მეუღლესთან ერთად გვესტუმრა.

- თაკო, როდის დაიწყო უთანხმოება შენსა და მაიას შორის?
- არანაირი უთანხმოება არ ყოფილა.
- აბა, რას უკავშირებ, რომ მაიამ ნახევარფინალში შენს გამოსვლაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა?
- ამას ვერავინ ვერ ხსნის და მათ შორის ვერც მე. ბრმა კასტინგი, რინგი, ნოკაუტი, ორი ლაივკონცერტი ფანტასტიკური ურთიერთობით მოვიარეთ. მე და თიკო მისი კოზირები ვიყავით. ასე ამბობდა თვითონ, ჩემი ჯოკერები ხართო. მერე რა მოხდა, არ ვიცი. მეორე ლაივზე ესემესლიდერი ვიყავი, ხალხმა ნახევარფინალში გადამიყვანა. მეორე ლაივკონცერტის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მაიამ დამირეკა და მითხრა, - ესემესლიდერი ხარ, არ ვიცი, ვინ გიმესიჯებს, მაგრამ გააჩერე შენი გულშემატკივარი, თორემ ესემესებს დაგიბლოკავო. ელდა მეცა, ვერაფერს მივხვდი. ცხვირიდან სისხლის დენა დამეწყო. იმის კითხვაც ვერ მოვასწარი, რა მოხდა, აღარ ვარ შენი ჯოკერი-მეთქი? მეჩქარებაო, მომაძახა და ტელეფონი გამითიშა. ბავშვები რომ მეკითხებოდნენ, რა გჭირსო, ვუთხარი. იდგნენ და ამესიჯებდნენ ჩემს ნომერზე, აბა, ვნახოთ, როგორ დაგიბლოკავსო. მაიამ შემდეგ 'ფეისბუქის' საკუთარ გვერდზე აღიარა კომენტარებში, რომ მესიჯების დაბლოკვით დამემუქრა. ამის ფაქტები არსებობს.
- მაიამ საიდან იცოდა, შენ რომ ესემესლიდერი იყავი?
- ეს მაიას ჰკითხეთ, თვითონ უკეთ გიპასუხებთ.
- არ ჰკითხე მაიას, რატომ გითხრა ასეთი რამ?
- არა, გაოგნებული ვიყავი, ერთ-ერთ ტურში დათო ფორჩხიძემ მე და თიკოს ექვსიან ყვავი და ექვსიან ჯვარი შეგვარქვა. ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, როდის ჩამოვედი ექვსიანი ჯვრიდან ექვსიან გულამდე. არაფრით არ მაგრძნობინებდა. ახლაც ვერ ვხსნი, თავი სიზმარში მგონია.
- მას მერე მაიასთან არ გისაუბრია?
- არა. გამარჯვება არც მოულოცავს. იმ ღამიდან მოყოლებული საოცარ პოსტებს წერდა თურმე 'ფეისბუქზე' ჩემ შესახებ. ბავშვები მწერდნენ, თაკო, არ წაიკითხო, გეხვეწებიო.
- მაო თქვენს დაპირისპირებას რეპერტუარს აბრალებს...
- ესეც გაუგებარია ჩემთვის. ბრმა კასტინგის სიმღერა პროექტის ვოკალის პედაგოგმა და ბენდის ხელმძღვანელმა შემირჩია. რინგის სიმღერა ერთად ავარჩიეთ მე, მაომ და სოფო ჯადუგიშვილმა, რომელთან ერთადაც რინგზე ვიდექი. მახსოვს, 'ფეისბუქით' მწერდა მაია სოფოზე, საქათმეს დამიმსგავსა გუნდი, ჰიუსტონებს და მერაია ქერებს მიგზავნის. ეს არც მისი ჟანრია, არც შენი, იქნებ, შენ მაინც შეარჩიო რაიმე ნორმალურიო. ეს გზავნილები შენახული მაქვს და ბევრი სხვაც, რომელიც ადასტურებს, რომ მე არანაირად მის წინააღმდეგ არ წავსულვარ არც ერთ ტურში და ბოლომდე ვენდობოდი და ვითვალისწინებდი მის რჩევებს. პირველ ლაივზე აზერბაიჯანელი ჯაზვუმენის აზიზა მუსტაფა ზადეს სიმღერა შემირჩია მაიამ. დიდი მოწიწებით ვემზადებოდი, მაგრამ ეს სიმღერა ბენდმა, გადაცემის პროდიუსერმა და ჰოლანდიელმა პროდიუსერმა დაიწუნეს, იმიტომ, რომ იყო ეთნოჯაზი და არა ამ კონკურსისთვის განკუთვნილი ნომერი. დიდი ტყუილია, როცა ამ სიმღერის დაწუნებას მაია მე მაბრალებს. შევცვალეთ სიმღერა. რეპეტიციაზე მაიამ ეს სიმღერა რომ მოისმინა, ცრემლები წამოუვიდა, ახალი მაგდა ვასაძე აღმოვაჩინე შენში, ამ სიმღერით კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ შენ ჩემი უმაგრესი ვოკალისტი ხარო, მითხრა.
- ახლა რატომ ამბობს, რომ რეპერტუარზე ვერ შეთანხმდით?
- არ ვიცი. მეორე ლაივის სიმღერაც თავად ამირჩია. ახლაც შენახული მაქვს ეს მიმოწერა 'ფეისბუქზე'. გამომიგზავნა ლინკი და მომწერა, გახსენი ეს ლინკი, ძალიან მინდა, ეს იმღერო, მერამდენედ ვისმენ და ძალიან მომწონსო. გავხსენი და ჩემი ნამღერია 'იუთუბზე'. ჩემი სიმღერაა და რამე ხომ არ შეგეშალა-მეთქი, მივწერე. არა, სწორედ ეს მინდა იმღერო, ეს იქნება ტოპნომერი და თავში ჩამრტყმელი ზოგ-ზოგიერთებისთვისო, მომწერა. ვერ ვხვდები, რა მოხდა, ტანსაცმელსაც კი მისი გემოვნებით ვიცვამდი სცენაზე.
- შენი ვერსია გაქვს, რა მოხდა?
- არა და ეჭვებით ვერ ვილაპარაკებ. ნახევარფინალზე საერთოდ არაფერში ჩარეულა. რომ თქვა, თვითონ დგას და ირჩევს სიმღერასო, ამის ნებართვა პროექტის პროდიუსერისგან, დათო იმედაშვილისგან მივიღე. რამდენიმე ვერსია ვაჩვენე და ყველამ ერთხმად ეს აირჩია.
- ლელა წურწუმიას რატომ მოუხადე ბოდიში?
- ლელა ერთ-ერთი მწვრთნელი იყო, რომელიც ბრმა კასტინგზე განსაკუთრებით მთხოვდა, მასთან წავსულიყავი.
- ნანობ, რომ არ წახვედი?
- კი. ამას პირველად ვამბობ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ვნანობ. ღირსეული ქალბატონია. შეიძლება, მასაც ბევრი რამ არ მოსწონდა გუნდში, თუნდაც ის, როგორ ნაწილდებოდა მესიჯები, მაგრამ ღირსეულად დგებოდა და ულოცავდა ყველა გამარჯვებულს. არავინ არ გაულანძღავს. დათოც სუპერრეკლამას უკეთებდა ყველა თავის გუნდელს. ყველა ერთნაირად ხომ არ მღერის მის გუნდში, მაგრამ ყველა ისე გაუშვა, რომ გაავარსკვლავა, მაყურებელს დაანახვა, რომ გული დასწყდა. სტეფანესაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს თავის ბავშვებთან, ძალიან კარგი ადამიანია.
- ელოდი, მაია 1%-ის იმედად რომ დაგტოვებდა?
- კი. ზუსტად ვიცოდი. მართალი გითხრათ, ზუსტად ასე მინდოდა წამოსვლა.
- მაიამ თქვა, თუ ფინალში თაკო შემრჩა, მოგების ღირსი არ ვიქნებიო. იქნებ, შენი ვოკალური მონაცემებით არ იყო კმაყოფილი?
- ნახევარფინალში მიხვდა, რომ ცუდი ვოკალისტი ვარ? მანამდე ხომ 'ფიშკა' ვიყავი?
- ნახევარფინალის დღეს გათხოვილხარ, გავიგე.
- (იღიმება) ჰო, გიორგის დიდი ხანია ვიცნობ, უბრალოდ, 'ახალი ხმა' გვიშლიდა ხელს ერთად ყოფნაში. ჩემი ქმარი მადლობასაც კი უხდის მაია დარსმელიძეს, პროექტს რომ გამომთიშა (იცინის). გუშინ ეთერის მერე დამირეკა, მოვდივარ, უნდა წამოგიყვანოო. ჩემი მეუღლე, გიორგი ბოლქვაძე, სოხუმის დრამატული თეატრის იურისტია.
- შენი მშობლები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?
- დედა ორი წელია აღარ მყავს. მამა, ძმები და ნათესავები ისე შეხვდნენ, როგორც მე მინდოდა. იცოდნენ ჩვენი ურთიერთობის შესახებ. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის პირადი ცხოვრებაა. აქ მინდა ვიყო ყველაზე წარმატებული, მაგრამ სიმღერა ჩემთვის ყველაფერია, ჰაერია, ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი 'რეიტინგი'