"ოქროს გლობუსი 2014" – მთავარი ტრიუმფატორები და საუკეთესო კაბები

  20:01:10     13-01-2014

გასულ ღამეს ბევერლი-ჰილზზე "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების 71-ე ცერემონიალი გაიმართა. როგორც მას კინოსაზოგადოებაში უწოდებენ, "ოსკარის რეპეტიციაზე", 2013 წლის საუკეთესო ფილმები და მსახიობები გამოვლინდნენ.

საუკეთესო ფილმად დასახელდა – სტივ მაკუინის დრამა "მონობის 12 წელი". ეს გახლავთ რეალური ადამიანის, სოლომონ ნორტოპის ავტობიოგრაფია, რომლის მიხედვითაც, შავკანიანი უკანონოდ იქნა გაყიდული აშშ-ის სამხრეთ შტატებში 1830 წელს.

ნომინაციაში "საუკეთესო ფილმი-კომედია ან მიუზიკლი" საუკეთესოდ დასახელდა "აფერა ამერიკულად".

საუკეთესო რეჟისორად დასახელდა ალფონსო კუარონი ფილმისთვის "გრავიტაცია", ხოლო საუკეთესო სცენარისტად – სპაიკ კონზი ("ის ქალი").

მეთიუ მაკონახი საუკეთესო დრამატულ მსახიობად აღიარეს ფილმში "დალასელ მყიდველთა კლუბი" მთავარი როლის შესრულებისთვის, ხოლო ქეით ბლანშეტი – საუკეთესო დრამატულ ქალ მსახიობად ფილმისთვის "ჟასმინი".

კომედიურ ჟანრში საუკეთესო მსახიობად დასახელდნენ ლეონარდო დი კაპრიო ("მგელი უოლ-სთრითიდან") და ემი ადამსი ("აფერა ამერიკულად").

ნომინაციაში "მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი" გაიმარჯვა ჯარეტ ლეტომ ფილმში "დალასელი მყიდველების კლუბი", "ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი" ჯენიფერ ლოურენსს ერგო ფილმისთვის "აფერა ამერიკულად".

"საუკეთესო ანიმაციური ფილმი" გახდა "ცივი გული", "საუკეთესო უცხოურენოვან ფილმად" დასახელდა იტალიური სურათი "დიდებული სილამაზე".

გარდა პროფესიული ტალანტის აღიარებისა, საუკეთესოდ ჩაცმულად მოდის ექსპერტებმა მსახიობი ქეით ბლანშეტი დაასახელეს.

ქეითი ცერემონიალზე Armani Prive-ის ნახევრად გამჭვირვალე შავ მაქმანებიან კაბაში გამოცხადდა. დახვეწილი კაბა ამოჭრილი ზურგით მსახიობმა Jummy Choo-ს ფეხსაცმელებითა და Chopard-ის 11-კარატიანი ბრილიანტის საყურეთი, პლატინის სამაჯურითა და თეთრი ოქროს ბეჭდით დაასრულა.

"ჰოლივუდური შიკი" – ცერემონიალზე ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარეს.