მოლდოვას „მიგ29“ – ების გასაღება გაუჭირდა

  15:27:53     03-02-2011

მოლდოვაში, საბჭოთა ავიაგამანადგურებლის, „მიგ–29“–ის გაყიდვის კიდევ ერთი მცდელობა ჩაიშალა. ამის შესახებ მოლდოვური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან. მორიგი, მეოთხე აუქციონი, მყიდველების არყოლის გამო, საერთოდ ვერ შედგა .

 

გასაყიდად ექვსი „მიგია“ გამოტანილი. მათი მთლიანი სასტარტო ფასი 8,5 მილიონ დოლარს შეადგენს. მყიდველები (თუ ასეთები გამოჩნდებიან), ვალდებულები არიან იქვე გადაიხადონ მთლიანი თანხის 10 პროცენტი. ეს ავიაგამანადგურებლები  1988 წელსაა გამოშვებული. ამ დროისთვის, ისინი აღარაა ექსპლუატაციაში. გამანადგურებლებს შეკეთება ესაჭიროება და ამ შეკეთებაზე დასახარჯი თანხა, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის შეფასებით, 30 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

გაყიდვის შედეგად შემოსული ფულით, მოლდოვას ხელისუფლება ახალი ვერტმფრენების ყიდვას გეგმავს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ვიტალი მარინუცემ ადრე განაცხადა, რომ თუ ყიდვის მსურველი არ გამოჩნდება, ავიაგამანადგურებლებს ჯართში ჩააბარებენ. საბჭოთა კავშირის დროს, ქვეყნის ტერიტორიაზე ბაზირებული 86– ე პოლკის ბაზიდან, მოლდოვას 33 „მიგ–29“ დარჩა. საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგ, ავიაგამანადგურებლების უმრავლესობა აშშ–ში იქნა გაყიდული 40 მილიონ დოლარად. ამ ექვსი „მიგის“ მყიდველის პოვნას, კი მოლდოველები დღემდე უშედეგოდ ცდილობენ.