ივანიშვილი ამხელს, თუ სად უნდა აეფეთქებინათ და როდის უნდა ესროლა მისთვის სნაიპერს - მითი თუ რეალობა?

  16:51:54     24-12-2013

განხილვის თემაა ბიძინა ივანიშვილის მიერ "Forbes"-ის რუსული გამოცემისთვის მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუ. ინტერვიუში ივანიშვილი 2012 წლის არჩევნებამდელ მდგომარეობას მიმოიხილავს და იმ დეტალებს ამჟღავნებს, რომლითაც მისი აზრით, სააკაშვილის დამარცხება შეძლო. ყოფილი პრემიერი საუბრობს იმ საფრთხეებზეც, რომელიც მისი აზრით, რეალურად არსებობდა...

"დაცვის უფროსს მოჰქონდა ჩემთვის "რეალური მტკიცებულებები", რომ იმ დღეს ან ხიდთან აგვაფეთქებდნენ ან სნაიპერი მესროდა. მას სპეციალურად უგზავნიდნენ ტყუილ სიგნალებს, რომ ჩვენ გვენერვიულა. მე მას ვამშვიდებდი, მაგრამ რა თქმა უნდა საშიშროება არსებობდა. სახლიდან გასვლისას ყოველ ჯერზე ცოლს ვემშვიდობებოდი, თოთქოსდა სამუდამოდ",- ამბობს ივანიშვილი და დასძენს რომ არ იყო ბოლომდე დარწმუნებული რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა. 

 "მე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ საპარლამენტო არჩევნებს მოვიგებდი, მათგან განსხვავებით. ამერიკელებს და ევროპელებსაც ბოლო მომენტამდე სჯეროდათ, რომ სააკაშვილის გუნდი გაიმარჯვებდა. არჩევნების მოახლოებისას უკვე ნათელი იყო ვის მხარეს იდგა ხალხი. 28 სექტემბერს გამართულ აქციაზე ჩვენთან დაახლოებით 800 000 ადამიანი მოვიდა. ასეთ დროს კი არჩევნების შედეგების გაყალბება უფრო ძნელი იყო მათთვის - ყველამ დაინახა ხალხი ვის მხარეს იყო",-  აცხადებს ყოფილი პრემიერი. მისი თქმით, ის აღარასოდეს დაბრუნდება პოლიტიკაში.