ვარდისფერი ტორტი

  12:41:45     03-02-2011


მასალა: კვერცხი – 10 ცალი, შაქრის ფხვნილი – 3,5 ჩაის ჭიქა, კარაქი – 300 გრამი, ფქვილი – 1,5 ჩაის ჭიქა, ჭარხალი – 1 ცალი (ძალიან წითელი), კონიაკი ან სპირტი – 1 სუფრის კოვზი, ვანილი - გემოვნებით

10 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ. დავამატოთ ერთნახევარი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, კარგად ავურიოთ და თანდათან შევათქვიფოთ კვერცხის გულები; ავურიოთ ჭიქანახევარი პურის ფქვილი, ვანილი, წინასწარ გახეხილი, ძალიან წითლი ჭარხლიდან გამოწურული 2-3 სუფრის კოვზი წვენი.

ცომი მოვათავსოთ ყალიბში და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად. როცა გაცივდება, გავჭრათ შუაზე, გასაჟღენთად მოვასხუროთ სიროფი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში ჩავყაროთ 2-3 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, დავამატოთ ერთი სუფრის კოვზი კონიაკი ან სპირტი და ფერისათვის დავამატოთ ჭარხლის წვენის წვეთები.

კრემი გავაკეთოთ შემდეგნაირად: 300 გრამი დარბილებული კარაქი კარგად გავთქვიფოთ და ნელ-ნელა შევურიოთ ერთი ჩაის ჭიქა წყლის, ჭიქა-ნახევარი შაქრის ფხვნილისა და ჭარხლის წვეთებისაგან მომზადებული გრილი სიროფი.

ბისკვიტი შუაზე გავჭრათ, გავჟღინთოთ სიროფით, წავუსვათ ვარდისფერი კრემი, ზემოდან მოვრთოთ ამავე კრემით. შეიძლება დავამატოთ რომელიმე მურაბა.