სკანდალი - სუხიშვილების „რამიშვილებს“ პლაგიატში ადანაშაულებენ!..

  19:09:35     22-12-2013

რუსთაველის თეატრში სრული ანშლაგის პირობებში ჩაივლის „სუხიშვილების“ ახალი პროექტის „რამიშვილების“ პირველი პერფორმანსი. ამ პროექტით „სუხიშვილებმა“ კიდევ ერთხელ აალაპარაკეს საზოგადოება.

შეიძლება ითქვას, რომ რუსთაველის თეატრის სალაროში ბილეთების ყიდვა პირველივე დღეებში, პრაქტიკულად შეუძლებელი გახლდათ. განსაკუთრებით მას მერე, რაც ტელევიზიით „რამიშვილების“ ვიდეორგოლი გავიდა.

ბილეთებზე დიდი მოთხოვნილების კვალდაკვალ, ანსამბლის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, 9 და 10 იანვარს ახალი კონცერტები დაენიშნა, ვინაიდან მსურველთაგან ბევრმა ვერ შეძლო ბილეთის შეძენა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი ფასი სულაც არ ყოფილა დაბალი და 40-დან 80 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

რასაკვირველია, „სუხიშვილების“ ავტორიტეტიდან გამომდინარე, მათ ნებისმიერ ახალ წამოწყებას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, ანსამბლს მტრებიც არ აკლია.

ალბათ, სწორედ ამიტომაც, ნინო სუხიშვილმა, „რამიშვილებზე“ საუბრისას თავიდანვე განაცხადა, რომ ამ პროექტს ნაკლები კავშირი აქვს ქართულ ქართულ ცეკვასთან და ეს უფრო ექსპერიმენტია, თუმცა მოსალოდნელი იყო, რომ როგორც „ასა-ფართის“, მასაც გამოუჩნდებოდა არაკეთილისმსურველები.

მცირე ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც ნათქვამია, რომ „სუხიშვილები“ ხალხს ატყუებენ და სამი წითელი გოგონას კაბები, გრძელი ხელებით, ასევე მოძრაობები, რომლებსაც გოგონები და ბიჭები სარეკლამო ვიდეორგოლში ასრულებენ, ჰონგ-კონგის საბალეტო დასს მოჰპარეს.

თუკი ვიდეორგოლს ნახავთ, ალბათ, მსგავსებას თავადაც შეამჩნევთ. ვიდეორგოლის ავტორი კითხულობს, მერამდენეჯერ უნდა „დააგოიმოს“ ზემოხსენებულმა ანსამბლმა ქართული საზოგადოება.

თუმცა მეორე მხრივ, ალბათ, უპრიანი იქნებოდა მთლიანი პროექტის ნახვა და არა მხოლოდ ვიდეორგოლით მისი შეფასება...

მარიამ ლაღიძე
ჟურნალი „რეიტინგი“