![„16 წლის მარიამის მკვლელობა შეკვეთილი იყო“, - ოჯახის სკანდალური განცხადება „16 წლის მარიამის მკვლელობა შეკვეთილი იყო“, - ოჯახის სკანდალური განცხადება](http://presa.ge/img/multimedia/a27085.jpg)
„16 წლის მარიამის მკვლელობა შეკვეთილი იყო“, - ოჯახის სკანდალური განცხადება
13:48:25     20-12-2013
მიმდინარე წლის 22 ივლისს, ბათუმის ბულვარში მომხდარი შემზარავი ფაქტი, დღემდე საშინლად ახსოვს ქალაქს. ზუსტად ამ დღეს, ახალი ბულვარის მიმდებარედ 16 წლის ყელგამოჭრილი მარიამის ცხედარი ახლობლებმა ზღვის სანაპიროზე იპოვეს... სრულიად საქართველო შეძრა საშინელმა დანაშაულმა...
გამოძიება თავიდანვე ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. სამართალდამცავები ირწმუნებიან, რომ მარიამ კოჩალაძის მკვლელი 28 წლის ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინტანია, რომელსაც სასამართლომ სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.
გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, მკვლელმა თან წაიღო მარიამის ოქროს ჯვარი და ნახევარგრამიანი ოქროს ბეჭედი, თუმცა დანაშაულის ადგილას დატოვა ძვირადღირებული "აიფონი", რომელიც გარდაცვლილის ახლობლების თქმით ბევრად აღემატებოდა წაღებულ ოქროს ნივთებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მან მკვლელობის ჩადენამდე საქართველოს ტერირტრიაზე ერთი თვე დაჰყო. დანაშაულის ჩადენიდან მალევე კი ბათუმი დატოვა, ის კამერებმა ბოლოს აერტოპორტში დააფიქსირეს.
რამდენიმე დღის წინ კი ბათუმის სასამართლომ ირანის მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა, მოჰამადამინ როოინტანიანი ამ დრომდე დაკავებული არ არის.
განაჩენის გამოცხადებას პროტესტის ნიშნად არ ესწერებოდა მოკლულის ოჯახი. ისინი სამართალდამცველებს დანაშაულის კვალიფიკაციის გამო საყვერდურობენ და იწრმუნებიან, რომ მკვლელობა არა ყაჩაღურ, არამედ რელიგიურ ნიადაგზე მოხდა. მარიამის ნათლიას შესაბამისი არგუმენტებიც მოჰყავს.
ნათალია კვინტრაძე მარიამ კოჩალაძის გამზრდელი, ნათლია: სასამართლო იყო ცირკი, ცირკში სამასხარაოდ კი ჩვენ არ გვეცალა. როგორც იცით, პროკურატურამ საქმეს ანგარებით ჩადენილი მკვლელობის კვალიფიკაცია მისცა.
პროკურატურა გვარწმუნებს, რომ მკვლელმა მარიამს ყელი ყაჩაღობის მიზნით გამოჭრა. არაერთხელ დავაყენეთ ეჭვქვეშ ეს ვერსია, თუმცა არავის არაფერი არ გაუკეთებია ჩვენ მიერ მიწოდებული ვერსიის დასამუშავებლად. არ არიან კონკრეტული ადამიანები დაკითხულნი, ვისაც შეხება ჰქონდათ ამ ირანელთან.
„პრესა.ჯი“: თქვენ თვლით, რომ მარიამის სიცოცხლე რელიგიურ რიტუალს შეეწირა, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
- მკვლელმა მარიამს ჯვარი მოოხსნა და არ მოუგლეჯია მისთვის. მარიამს ჯვარი ეკეთა შავ ძაფზე, რომელიც მკვლელობის შემდეგაც ყელზე უვნებლად ეკიდა. ჯვარი კი მოხსნილი ჰქონდა. მითხარით, სად არის ლოგიკა? თუ ყაჩაღობა უნდოდა ხომ მოგლეჯდა ჯვარს, ძაფს? ან გრამნახევრიანი ჯვარი რაში უნდოდა ყაჩაღს, როცა ადგილზე დატოვა ძვირადღირებული ტელეფონი, რომელიც აღემატებოდა წაღებულ ოქროს ნივთებს.
ბავშვი სარწმუნოების ნიადაგზე მოკლეს. 16 წლის მარიმაის მკვლელობა შეკვეთილი იყო. დიახ, ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. სახელმწიფოს კი იმის ძალა მაინც უნდა შესწევდეს, რომ ოცდამეერთე საუკუნეში, როცა16 წლის ბავშვს შეკვეთით კლავენ, სარწმუნოების ნიადაგზე, ეს ხმამაღლა მაინც თქვას. მაგრამ აქ თურქებზეა საუბარი. სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენლებს შევეწირეთ...
- ქალბატონო ნატალია, როგორც მივხვდით, ამბობთ რომ თქვენი ნათლულის მკვლელობა თურქეთში დაიგეგმა...
- პირველი, როგორც ითქვა, მკვლელი თურქეთშია და იქიდან არსად გასულა. თურქებმა მისცეს თავშესაფარი, აბა თანამზრახველს ხომ არ დაიჭერდნენ. რადგან სწორედ თურქებმა შეუკვეთეს ირანელს მარიამის მკვლელობა.
- დარწმუნებული ხართ? ვის აწყობდა თურქეთში მარიამის ასეთი ტრაგიკული სიკვდილი?
- მარიამი 8 წლის განმავლობაში თურქულ, ფასიან სკოლაში სწავლობდა. მარიამის მამა რომ გარდაიცვალა, ოჯახი ვერ იხდიდა სწავლის საფასურს, რომელიც 2.800 ლარს შეადგენდა. ამიტომ, მარიამის დედამ სკოლის ადმინისტრაციას სთხოვა საბუთები გამოეტანებინათ, რომ სხვა სკოლაში გადაეყვანა ბავშვი.
სკოლის დირექტორმა და გამგემ, მარიამის გადაყვანაზე უარი განაცხადეს და თქვეს, რომ სწავლის საფასურს სკოლა დაფარავდა. იმ წელს დავტოვეთ, ფულიც არ გადაგვიხდია, მაგრამ მერე რომ გადმოვიყვანეთ, გვეხვეწებოდნენ, სახლშიც იყვნენ მოსულები სასწავლო ნაწილის გამგე და დამრიგებელი, მარიამი არ წაიყვანოთო.
სწავლის თანხა დიდი იყო და ვერ ვიხდიდით. ამიტომ, მარიამმა თურქული სკოლა დატოვა და სასულიერო აკადემიაში რომ გადავიდა, ვფიქრობთ, ამიტომ შეუკვეთეს მისი მკვლელობა. თურქებმა ეს 2.800 ლარი არ გვაპატიეს და მითუმეტეს, სასულიერო სკოლაში სწავლის გაგრძელება... ეს არგუმენტები გამოძიებამ ყურად არ იღო, არც კი დაუკითხავთ თურქული სკოლის ადმინისტრაცია.
P.S: „პრესა.ჯი“ ცდილობს მარიამის ყოფილი სკოლის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებას. თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ. იმ შემთხვევაში, თუ ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, სკოლის წარმომადგენლები განცხადების გაკეთებას ან პოზიციის წერილობით დაფიქსირებას მოისურვებენ, მზად ვართ, მათ ამის შესაძლებლობა მივცეთ...