
ირაკლი შიხიაშვილმა 10 თვის განმავლობაში პრემიის სახით 18 684 ლარი მიიღო
16:55:47     19-12-2013
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა 2013 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში პრემიის სახით 18 684 ლარი მიიღო.
რაც შეეხება თანამდებობრივ სარგოს შიხიაშვილი ყოველთვიურად 3540 ლარს იღებს.
IDFI-ის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარეზე მეტი პრემია საკრებულოს წევრებმა ჯაბა სამუშიამ და გიორგი ტყემალაძემ მიიღეს და თითოეულ მათგანს პრემიის სახით 19 095 ლარი ერგო.
იანვარ-ოქტომბერში თბილისის საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე ერთობლივად გაცემულმა პრემიების საერთო რაოდენობამ შეადგინა 1 707 631 ლარი, საიდანაც საკრებულოს წევრებზე გაცემულია 439 276 ლარი, ხოლო აპარატის თანამშრომლებზე 1 268 355 ლარი.
გავრცელებული განცხადებიდან ასევე ჩანს, რომ 2013 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში პრემია გაიცემოდა საკრებულოს მხოლოდ 23 წევრზე, ხოლო საკრებულოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნის შემდგომ, აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით, ყოველთვიურად პრემია გაიცემოდა საკრებულოს 31 წევრზე. კერძოდ, საკრებულოს წევრებზე პრემიები გაიცემა საკრებულოს თავმჯდომარეზე, მის მოადგილეებზე, მუდმივი კომისიების თავმჯდომარეებზე და ფრაქციების თავმჯდომარეებზე. საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები კი ასეთია - საკრებულოს თავმჯდომარე – 3540 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 2950 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 2850 ლარი, საკრებულოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარე – 2 600 ლარი, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 2 600 ლარი. რაც შეეხება საკრებულოს სხვა წევრების შრომის ანაზღაურებას, ის განსხვავებული წესით რეგულირდება. მათი ანაზღაურება დამოკიდებულია მათ მიერ შესრულებულ ცალკეულ დავალებებთან და თითოეული წევრის ანაზღაურების ზღვრული მოცულობა თვეში შეადგენს 1 700 ლარს.
IDFI- ის განცხადებაში მოხვდა სამივლინებო ხარჯებიც. 2013 წლის 1 იანვრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით საკრებულოს წევრების მიერ ქვეყნის გარეთ სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებით სამივლინებო ხარჯებმა შეადგინა 203 445 ლარი. ყველაზე ძვირადღირებულ ვიზიტს წარმოადგენს 2013 წლის 27 აგვისტოს ირაკლი შიხიაშვილის, გიორგი ტყემალაძის, მერაბ რაფავას და გიორგი მუსხელიშვილის ვიზიტი ჩინეთში – თითოეულ მათგანს საშუალოდ გამოეყოთ 5640 ლარი. 2013 წლის 21 მაისს შოთა ქურდაძეს, თამაზ შოშიაშვილს, კახა გურულს და გურამ კინწურაშვილს გამოეყოთ 4 471 ლარი თითოეულს საფრანგეთში სამუშაო ვიზიტისათვის.
IDFI- ის წარმომადგენელთა ინფორმაციით მათ, საკრებულოდან აღნიშნული სამუშაო ვიზიტების დანიშნულების შესახებსც მოითხოვეს ინფორმაციის გასაჯაროვება, თუმცა საკრებულომ ეს ინფორმაცია ორგანიზაციას არ მიაწოდეს.