დოლიძე: პროკურატურას მერაბიშვილის აბსურდული განცხადების გამოსაძიებლად არ სცალია

  13:16:30     19-12-2013

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის სკანდალური განცხადება ბოლო სამი დღეა განხილვის მთავარ თემად რჩება.

საპარლამენტო ოპოზიცია, ექსპერტების ნაწილი და სახალხო დამცველი შეჯერდნენ იმაზე რომ მერაბიშვილზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.

სახალხო დამცველმა მერაბიშვილი მატროსოვის ციხეში გვიან ღამით მოინახულა და განაცხადა, რომ მერაბიშვილის განცხადებაზე პროკურატურამ დაუყოვნებლივ რეაგირება უნდა მოახდინოს.

უჩა ნანუაშვილი: „მერაბიშვილმა დეტალურად ისაუბრა ინციდენტზე, რომლის შესახებაც ორი დღის წინ, სასამართლო პროცესზე გააკეთა განცხადება. ექს–პრემიერმა გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ მისი განცხადების საფუძველზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა. ვთვლი, რომ გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მთავრობამ უკვე იზრუნა კვალის დაფარვაზე და ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები  წაშალა.

ირმა ნადირაშვილი: „არსებული სურათით იკვეთება, რომ ხელისუფლება დაადგა დანაშაულის ჯგუფური დაფარვის გზას. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობამ უკვე იზრუნა კვალის დაფარვაზე და კადრები უკვე წაშლილია, დროის გაჭიანურება კი სჭირდებათ იმისთვის, რომ სცადონ ფირების ფაბრიკაცია“.

„პრესა.ჯი“ მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა კითხით: დაიწყებს თუ არა უწყება გამოძიებას მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

როგორც თემის კომენტირებისას, უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ დოლიძემ განაცხადა, „პროკურატურას მერაბიშვილის აბსურდული განცხადების გამოსაძიებლად არ სცალია“.

თეიმურაზ დოლიძე: პროკურატურა მერაბიშვილის განცხადების გამოძიებას არ აპირებს. ეს სერიოზული უწყებაა და ასეთი არასერიოზული განცხადებისთვის არ გვცალია. ვანო მერაბიშვილი არის რიგითი პატიმარი და არაფრით გამოირჩევა სხვა პატიმრებისგან. ზუსტად იგივე პრივილეგიებით სარგებლობს, როგორც ათასობით სხვა პატიმარი.

„პრესა.ჯი“: მერაბიშვილი პოლიტიკური ფიგურა და ყოფილი პრემიერია?

- თუ ჩვენ დავიწყებთ, ამ აბსურდულ განცხადებაზე გამოძიებას, რა დააშავა სხვა პატიმარმა რომელიც მერაბიშვილის მსგავსად ხუმრობის ხასიათზე იქნება და მსგავს განცხადებას გააკეთებს.

ხავალ რომ ათასობით პატიმარმა განაცხადოს, საკნიდან ტომარა გადაარებული გამიყვანეს, მიშას ხელი დაადეო, რა ვქნათ, რა გავაკეთოთ, ყველა გამოვიძიოთ? მერწმუნეთ, ეს განცხადება არის ერთი ჯაჭვის ნაწილი, რომელიც მცირე ჯგუფის მიერაა აწყობილი.

ხვალ-ზეგ ალბათ კიდევ ახალს გაიგებთ რამეს. გამოდის რომ მთავარი პროკურატურა მთლიანად უნდა გადაერთოს მათ ბინძურ პიარზე. ჩვენ არ გვცალია ამისთვის, რადგან მათ მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა გამოვიძიოთ.

-კანონი არ გავალდებულებთ, რომ ოპოზიციური პარტიის გენ-მდივნის  განცხადებას მოეკიდოთ სერიოზულად და დაიწყოთ საგამოძიებო მოქმედებები?

- კანონი იმას ნამდვილად არ გვავალდებულებს, რომ ვიღაც ხუმრობის ხასიათზე რომ მოვა და არ იცის რით მიაყენოს ქმედითუნარიან მთავრობას ზიანი და ცდილობს ჩვენი მუშაობის ტემპები დააგდოს, ამაზე დავიწყოთ გამოძიება. არ ვაპირებთ დრო დავხარჯოთ ასეთ სისულელეზე. ეს პოზიცია აქვს მთავარ პროკურატურას.