ვაშაძე უგულავას დაკავებას არ გამორიცხავს

  18:06:37     18-12-2013

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის მოქმედი მერის, გიგი უგულავასთვის პროკურატურაში ბრალის წარდგენას პოლიტიკურ დევნად აფასებს და მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს.

როგორც „პრესა.ჯი“-ს საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა, ხელისუფლებამ არჩევნებისთვის მზადება, საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, რეპრესიებით დაიწყო.

გიორგი ვაშაძე: ხელისუფლებამ დაიწყო ოპოზიციის დევნის ახალი ტალღა. ეს გამოწვეულია მარტივი მიზეზით. ხელისუფლება ქვეყანაში მიმდინარე ყველა საკითხზე აბსოლიტურ უუნარობას ავლენს. პირველი თოვლით გამოწვეული პრობლემები და ვანო მერაბიშვილის ბრალდება ამით უნდა გადაიფაროს.

- თქვენი აზრით, მერაბიშვილის განცხადების საპასუხო რეაქცია იყო უგულავასთვის ბრალის წარდგენა?

- დღეს ცნობილი გახდა, რომ მერაბიშვილის განცხადებაზე გამოძიების დაწყებას არ აპირებენ. რას ნიშნავს არ აპირებენ? დანაშაულის ცალსახა ნიშნებია და თუ პროკურატურა არ გამოიძიებს ამ საქმეს, ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მერაბიშვილმა სიმართლე თქვა.

უგულავას დაბარება პროკურატურაში ამ პროცესის გაგრძელება იყო. აბსურდული რაღაცები ხდება ქვეყანაში. ყველას გახსოვთ ნინუას საქმე, რომელიც გააგიჟეს, ფაქტობრივად და თვითონ ჩაჯდა ციხეში, რა დონის ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყო ეს ადამიანი, წარმოგიდგენიათ ალბათ.

ეს ყველაფერი კი გამოწვეული იმით რომ ხელისუფლებას, ერთადერთ მექანიზმად, თავისი რეიტინგის შესანარჩუნებლად წარმოუდგენია მსგავსი პოლიტიკური დევნის განხორციელება.

- თავის დროზე, როცა მერაბიშვილი დააკავეს აცხადებდით, რომ მისი დაკავება უკავშირდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებს. უგულავასთან დაკავშირებითაც ამბობთ, რომ მიზეზი არჩევნებია. ..

 - როგორც ჩანს, ხელისუფლება ნორმალური წესებით არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, როგორც თქვენ ახსენეთ, ზუსთად ეს გააკეთეს საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომ პრაიმერში ერთ-ერთი სერიოზული კანდიდატი, ვანო მერაბიშვილი ჩამოაშორეს პროცესებს.

შეიძლება იგივე განმეორდეს უგულავასთან დაკავშირებითაც. ჩვენი მიზანია არ ჩამოიშალოს ქვეყანა და ამისთვის ვიბრძოლოთ. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ პარტიაში რეორგანიზაციას, რომ გამოიკვეთოს ბევრი ახალი ლიდერი. ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ რომ ნაციონალურ მოძრაობას ვერ ჩამოანგრევენ.