იაკობ ტრიპოლსკიმ თავისი მამის მკვლელის შვილი ციხიდან გამოიხსნა და შვილივით უვლიდა

  16:48:56     18-12-2013

იშვიათად თუ ვინმეს ჰყვარებია საქართველო და ქართველობა ისე, როგორც იაკობ (იაშა) ტრიპოლსკის. მამით პოლონელმა და დედით ქართველმა ბიჭმა მთიულეთის საჯიხვეებში შეითვისა ქართველი კაცის თვისებები და ადათ–წესები. იქვე ეზიარა ქართული პოეზიის საგანძურსაც. გუდამაყარში დაბადებული და გაზრდილი თბილისში ჩამოვიდა და უნივერსიტეტში ჩააბარა. რაღაც პერიოდი სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლადაც მუშაობდა და რომ არა მისი დიდი სურვილი, მსახიობი გამოსულიყო, ალბათ მის შესახებ ვერასოდეს შევიტყობდით. არც მისი ფენომენური ნიჭის შესახებ გვეცოდინებოდა რამე.
იაკობ ტრიპოლსკი 40 წელი იდგა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. პარალელურად ინგლისურიდან თარგმნიდა პიესებს, პოემებს. ბევრმა არც კი იცის, რომ ბერნარდ შოუს "პიგმალიონი", რომელიც მარჯანიშვილის თეატრში დღესაც ანშლაგით იდგმება, იაკობ ტრიპოლსკიმ თარგმნა მოსე ქარჩავაძესთან ერთად.
მისი სიმდიდრე მაყურებლის სიყვარული და პატიოსანი კაცის სახელი იყო. კიდევ ბევრი რამის მოსწრება შეეძლო, მაგრამ ჯანმრთელობამ უმტყუნა, 69 წლის ასაკში წავიდა ამქვეყნიდან.
იაკობ ტრიპოლსკის ცხოვრების ეპიზოდებს მისი ვაჟი ირაკლი ტრიპოლსკი გვიამბობს:
– მამა 1919 წლის 31 დეკემბერს დაიბადა გუდამაყარში. მამაჩემის პაპა, იაგორ ტრიპოლსკი, საგზაო ინჟინერი იყო, მლეთა–ფასანაურის სამხედრო გზაზე რაც კი დამცავი ჯებირია დღემდე შემორჩენილი, მისი გაკეთებულია. იაგორი 1832 წელს, რუსეთის წინააღმდეგ პოლონეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, 700 პოლონელ ოფიცერთან ერთად კავკასიაში გადმოასახლეს. მთიულეთში ჩამოვიდა და ფასანაურში დასახლდა, ცოლად ქართველი ქალი მოიყვანა. იაგორ ტრიპოლსკი ისე გარდაიცვალა, რომ ქართული კარგად არ იცოდა, მისმა მეუღლემ კი რუსული არ იცოდა. 7 შვილი ჰყავდათ.
მამაჩემი 3 წლის იყო, როდესაც მამა მოუკლეს. ვიღაც ყაჩაღი, რომელიც ტყეში იმალებოდა, ხელისუფლებასთან შერიგებას ცდილობდა და მთავრობამ მას დაავალა პაპაჩემის მოკვლა, რადგან ქაქუცა ჩოლოყაშვილის აჯანყებაში ჰყავდათ შემჩნეული. იმ ყაჩაღმა პაპაჩემს მაშინ ესროლა, როდესაც ის ფასანაურიდან თბილისში ველოსიპედით (მაშინ ველოსიპედი იშვიათობა იყო) მოდიოდა. ტყვია ღვიძლში მოხვდა. სასამართლოში ის ყაჩაღი იძახდა, განგებ არ მომიკლავს, არაგვის გაღმიდან ვისროლე, მაინტერესებდა, რამდენად ზუსტად მიჰქონდა თოფს ტყვია მიზანშიო.
19 წლის იყო ბებიაჩემი, ირინე წიკლაური, როდესაც დაქვრივდა. ორ მცირეწლოვან ბავშვს (მამა რომ მოუკლეს, იაშა 3 წლის იყო, მისი და ოლღა კი – 1 წლის) მკერავობით არჩენდა. მამიდაჩემი, ოლღა, დღესაც ცოცხალია, 93 წლისაა.
მამა იხსენებდა, რომ ბავშვობაში ძალიან უჭირდათ და კეთილი ადამიანები რომ არ დახმარებოდნენ ობლებს, შეიძლებოდა შიმშილით დახოცილიყვნენ. ერთხელ, როდესაც მეშვიდე კლასში იყო, მასწავლებელს უთქვამს, ხვალ სიტყვით უნდა გამოხვიდე მშობელთა კრებაზე და ობლების დასახმარებლად მოუწოდოო. მამაც გამოსულა სიტყვით, ბოლოს კი ატირებულა. ბავშვის ტირილზე მშობლებიც ატირებულან.
მამამ მუშაობა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაიწყო, მეშვიდე კლასში რომ გადავიდა, ფოსტაში ღამის მორიგე იყო. მეათე კლასში რომ სწავლობდა, მეტეოროლოგიურ სადგურში უფროს დამკვირვებლად მუშაობდა.
14 წლის იყო, როდესაც თბილისში პირველად ჩამოიყვანეს. ცირკის ბილეთის შესაძენად რიგში რომ დამდგარა, ჯიბეში მხოლოდ ერთი მანეთი ჰქონია. როდესაც მისი რიგი მოსულა, მანეთიანი ბილეთი გათავებულა და ორმანეთიან ბილეთებს ყიდდნენ. მამა დამწუხრებული გამოსულა რიგიდან, ვიღაცა კაცს შესცოდებია და ერთი მანეთი უჩუქებია. მამა ხელახლა დამდგარა რიგში. მისი რიგი რომ მოსულა, უკვე სამმანეთიან ბილეთებს ყიდდნენ, იმ კაცს მეორე მანეთიც მიუცია და სამმანეთიანი ბილეთით შესულა ცირკში. წლების მერე, როდესაც მამა მსახიობი გახდა, სულ იმ კაცს ეძებდა, სიკეთე სიკეთით რომ გადაეხადა.
ძალიან კეთილი გულის პატრონი იყო. ზოგისთვის ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ თავისი მამის მკვლელის შვილი, რომელიც ციხეში იჯდა, იქიდან გამოიხსნა და სახლში მოიყვანა, შვილივით უვლიდა.
– ცნობილია, რომ ფასანაურში სკოლა თქვენს სახლში იყო გახსნილი. რატომ ჩამოგართვეს ბინა?
– ფასანაურში ტრიპოლსკებს დიდი სახლი ჰქონდათ. გაკულაკების მერე პირველი სართული ჩამოართვეს და სკოლა გახსნეს. მამა მეორე სართულზე ცხოვრობდა ოჯახით, პირველ სართულზე კი სკოლაში დადიოდა. ბევრი იწვალა იმ სახლის დაბრუნებაზე და 1965 წელს დაიბრუნა.
სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და უგამოცდოდ მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ინგლისური ენის განხრით. პირველი კურსის სტუდენტმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში დაიწყო მუშაობა, მესამე კურსიდან კი მე–14 სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა. მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, სასწრაფოდ დაამთავრებინეს მეხუთე კურსი, მაგრამ, რადგან პოლონელი იყო, ომში არ წაიყვანეს.
– თქვენი გვარის ისტორიაზე, თქვენს პოლონურ ფესვებზე ინფორმაცია მოძიებული გაქვთ?
– 1968 წელს პოლონეთში გასტროლებზე იმყოფებოდა ხელოვანთა ჯგუფი. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ ქართველებს ერთი ქალბატონი, პანი ნატალია გაეცნო. როდესაც ამ ქალმა გაიგო, რომ ქართველებს პოლონელი მსახიობი ჰყავდათ, თბილისში, მარჯანიშვილის თეატრის მისამართზე წერილი გამოაგზავნა, სადაც მამას თავისი გვარის ზუსტ პოლონურ ტრანსკრიფციას ამცნობდა. როგორც ქალბატონი აღნიშნავდა, ჩვენი გვარი ძველი და თავადური იყო, რომლის წარმომავლობა ტრიპოლინის ადგილმდებარეობიდან მომდინარეობდა. წერილს თან ჰქონდა დართული ამ ადგილის ფოტოც. მეჩვიდმეტე–მეთვრამეტე საუკუნეებში ტრიპოლსკები ცნობილი საგვარეულო ყოფილა. პანი ნატალია მამას სთხოვდა, მასთან სტუმრად ჩასულიყო ვროცლავში, უნდოდა, საგვარეულო ფოტოები ეჩვენებინა, მაგრამ მამამ იქ ჩასვლა ვერ მოახერხა.
– თქვენი მშობლების დიდი სიყვარული ცნობილია. სად შეხვდა იაკობ ტრიპოლსკი თავისი ცხოვრების ქალს?
– არ ვიცი, მამას დედამდე უყვარდა თუ არა სხვა ქალი, მაგრამ დედაჩემი, ნაზიკო მაისურაძე, მისი ცხოვრების სიყვარული იყო. დედა ბედნიერი ქალი გახლდათ, რადგან მოსიყვარულე, თბილი და კარგი ადამიანი ჰყავდა მეუღლედ. დედა დღესაც ცოცხალია, 88 წლისაა. მამა მისი მასწავლებელი იყო. უნივერსიტეტიდან პრაქტიკებზე პირველ საშუალო სკოლაში რომ გაუშვეს, დედა სკოლის მოსწავლე იყო, მაშინ გაიცნო და შეუყვარდათ ერთმანეთი. 3 წლის მერე, 1945 წელს დაქორწინდნენ. სანამ შეუღლდებოდნენ, მამა დედას ძალიან ლამაზ სასიყვარულო წერილებს სწერდა. ერთ–ერთში წერს:
"...ერთი დანახვით მომეწონეთ, არა გარეგნობით, არამედ გამოხედვით. ყველა ადამიანის შინაარსს მისსავე თვალებში ამოიკითხავთ და რატომღაც ის ადამიანი, რომელსაც მე ვეძებდი, თქვენს თვალებში დავინახე. დავინახე და მინდა, დავუმეგობრდე, გამიცნოს, გავიცნოთ და იქნებ საერთო ენა გამოვნახოთ. ენა, რომელსაც ჩვენ ორის მეტი ვერავინ გაიგებს... და როდესაც ჩვენ ერთმანეთს გავუგებთ, ის დროც მოაღწევს, როდესაც თქვენ უკვე "პატარა" აღარ იქნებით და მაშინ ორივემ ერთად მეგობრობით, ერთმანეთის გატანით და ერთი გრძნობით და სულით ჩამოვხიოთ ცხოვრების ის ჭრელი, მაცდური ფარდები, რომლებიც თვალებწინ ჩამოფარებულან და ორივემ ერთად შევცუროთ ცხოვრების მორევში...
ერთ რამეს გთხოვთ, პასუხი ბარათის მიღებისთანავე დამიბრუნოთ, რადგანაც შეიძლება მე თქვენში თანაგრძნობა ვერ გამოვიწვიე და უარს მეუბნებით მეგობრობაზე, მაშინ იქნებ მეც დროულად ჩავკლა ჩემში ის გრძნობა, რომელიც წარმოიშვა და არ მივცე საშუალება, ფესვები გაიდგას, რის შემდეგ ძნელი იქნება ამ ამბის გადატანა. თანხმობის შემთხვევაში გავაძლიერებ ამ გრძნობას თქვენსადმი და დავრჩები საუკუნოდ თქვენი მეგობარი". წერილის ბოლოს მითითებულია თარიღი – 23.08.1940 წელი, ღამის 3 საათი.
ჩემს მშობლებს კარგი ცოლქმრობა ჰქონდათ. 43 წელი იყვნენ ერთად. დედა უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. როცა შეუღლდნენ, მამამ სწავლას თავი დაანებებინა და ოჯახში დასვა. მუშაობითაც არსად ამუშავა, შვილებს – სოსოს და ირაკლის ვის დაუტოვებო. ოჯახის სარჩენად მამა დღე და ღამე მუშაობდა, უზარმაზარი შრომა უწევდა, მაგრამ ცოლ–შვილის რჩენა მაინც უჭირდა. ერთხელ დედას ვუთხარი, მეზობელს 3 მანეთი გამოართვი და პურს ვიყიდი–მეთქი, მიპასუხა, გუშინ გამოვართვი და იქნებ დღეს როგორმე გავძლოთ, ხვალ კი მამა ხელფასს აიღებსო.
შემოსავლის გამო მამა საათობით იჯდა ფილმების სადუბლიაჟო საამქროში და იმ უჰაერობაში ფილმებს ახმოვანებდა. სადუბლიაჟოს მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ებღაუჭებოდა მას, რადგან ერთი წაკითხვით შეეძლო ფილმის გახმოვანება და ტექსტის სინქრონულად მოხვედრა გამოსახულებასთან. ფენომენური ნიჭი ჰქონდა. პიესა იყო თუ პოემა, ერთს რომ წაიკითხავდა, ზეპირად იცოდა. დიმიტრი უზნაძემ ექსპერიმენტი ჩაუტარა, მთლიანად წაუკითხეს აკაკი წერეთლის "გამზრდელის" პირველი კარი და მაშინვე დაიმახსოვრა. სახლში როლს არასოდეს ამზადებდა. თეატრში მივიდოდა, წაიკითხავდა და ზეპირად იცოდა.
– თქვენ როგორ გახსენდებათ მამასთან ურთიერთობა?
– ძალიან ყურადღებიანი იყო. ბაზარში და მაღაზიებში სულ მამა დადიოდა. რომ წამოვიზარდე, ბაზარში მეც დავყავდი, ამიტომ დღემდე მიყვარს ეს პროცესი. მამას სანოვაგე კი მოჰქონდა, მაგრამ ხინკლის მეტს ვერაფერს მოამზადებდა. 28–32 ნაოჭიანს ახვევდა. ამასაც იშვიათად აკეთებდა, მხოლოდ ჩემი და ჩემი ძმის დაბადების დღეებზე. ბუნებით გულღია და იუმორით აღსავსე გახლდათ, ადამიანები უყვარდა.
მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი ნესტორ ჭილაძე ძალიან ოხუნჯი კაცი გახლდათ. ერთხელ მამას ფეხსაცმელების საყიდლად გაყოლა სთხოვა და ორივემ ერთნაირი ფეხსაცმელი შეიძინა. მამას 44 ზომა ჰქონდა, ნესტორს კი – 42. ერთ–ერთი რეპეტიციის დროს, როდესაც მამას ფეხსაცმელები საგრიმიოროში ეწყო, ნესტორმა შეუცვალა. თავისი ფეხსაცმელები დაულაგა და თანაც შიგნით ბამბები ჩაუტენა. მამამ ფეხსაცმელები რომ ვერ ჩაიცვა, მიხვდა, ნესტორი იხუმრებდაო და ბამბები ამოიღო, მაგრამ იმას ვერ მიხვდა, რომ ფეხსაცმელიც შეცვლილი იყო. სახლში რომ მოვიდა, დედას სთხოვა, ფეხები ცხელ წყალში ჩამაყრევინე, წნევამ ამიწია და დამისივდაო. მერე ნესტორმა დაურეკა და უთხრა, როდის უნდა დამიბრუნო ჩემი ფეხსაცმელებიო.
– ინგლისური ენის სპეციალისტი სცენაზე როგორ მოხვდა?
– თეატრთან შეხება ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ჰქონდა. უნივერსიტეტის სტუდენტთა თეატრში რეჟისორი ვასო ყუშიტაშვილი (ამერიკიდან იყო ჩამოსული) ინგლისურ ენაზე დგამდა პიესას "პატარა კაცი", სადაც მამამ მთავარი როლი შეასრულა. სწორედ ამ როლის შემდეგ ურჩია რეჟისორმა მსახიობობა.
მამამ უნივერსიტეტი რომ დაამთავრა, მეგობარმა ურჩია, მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვაჟები გვაკლია და მოდიო. ერთი თვე ატარეს თეატრში, მერე, რომ გაიგეს, პირველ საშუალო სკოლაში ინგლისურის მასწავლებელი იყო და გვარად ტრიპოლსკი, უთხრეს, ქართული არ გეცოდინებაო და აღარ მიიღეს. ვასო ყუშიტაშვილი მარჯანიშვილის თეატრში დგამდა სპექტაკლს. ერთ–ერთი მსახიობი ავად გახდა და მამა მიიწვია მის მაგივრად. ამის შემდეგ გულმა თეატრისკენ გაუწია. თეატრალურშიც აბარებდა, მაგრამ არ მიიღეს. ასე უთქვამთ, შენისთანა უნიჭო ჯერ აქ არავინ მოსულაო. მას კი ისე უნდოდა მსახიობობა, რომ მარჯანიშვილის თეატრში ვასო ყუშიტაშვილს მიაკითხა და შტატგარეშედ დაიწყო მუშაობა. თავიდან მასობრივ სცენებში მონაწილეობდა, ერთი თვის შემდეგ კი, სპექტაკლ "მეფე ერეკლეში" ერთ–ერთი წამყვანი მსახიობი ავად გახდა და მის მაგივრად ათამაშეს. მერე მამა ვერიკო ანჯაფარიძემ დაიბარა და მთავარი როლი მისცა სპექტაკლში "ინჟინერი სერგეევი", რომელსაც თავად დგამდა. როცა თეატრის სცენაზე გამოჩნდა, ერთხანს დედის სახელი გამოიყენა ფსევდონიმად და ირინაშვილის გვარით გამოდიოდა, მერე თავის გვარს დაუბრუნდა. 40 წელი იდგა სცენაზე.
– ფენომენური მეხსიერება ბოლომდე შერჩა?
– ბოლოს სისხლძარღვების შევიწროება დაემართა და მეხსიერება ისე დაუქვეითდა, რომ როლის დამახსოვრება კი არა, ხშირად ახლობლებსაც ვეღარ გვცნობდა. მეხსიერებაში ამოვარდნები ჰქონდა. მელაპარაკებოდა და უცებ შევამჩნევდი, რომ სხვა კაცი იყო, მერე ისევ დაუბრუნდებოდა მეხსიერება.
– ამბობენ, რომ იაკობ ტრიპოლსკის კინოში ხშირად არ იღებდნენ. ამის მიზეზი თუ არის თქვენთვის ცნობილი?
– არ ვიცი, რატომ, მაგრამ კინო არ სწყალობდა. ალბათ სტალინის როლი რომ ითამაშა, იმიტომ. მოსკოვში "მოსფილმში" სტალინის როლზე მიიწვიეს ფილმში "მიზნის არჩევა", რომელსაც ცნობილი რეჟისორი იგორ ტალანკინი იღებდა. ძალიან უყვარდა ეს ფილმი და სულ ამბობდა, ჩემთვის დიდი პატივია, სტალინის თამაში რომ მომანდესო. გადაღების შემდეგ მოსკოვიდან სახლში მატარებლით ბრუნდებოდა. ზაფხული იყო და კუპეში ცხელოდა. ერთი ღამე, როგორც იყო, გაათენა და დილით ვაგონის გამცილებელს სთხოვა დახმარება. მან კი შემადგენლობის უფროსი მოიყვანა. უფროსმა კუპეში რომ შეიხედა და მამა იცნო, სიხარულისგან გადაირია. სახანძრო ნაჯახით მატარებლის დერეფნის რამდენიმე ფანჯარა ჩაამტვრია და მამას უთხრა, მთავარია, თქვენ იმგზავროთ კარგად, ვაგონს კი მერე ეშველებაო. მატარებელი რომელიღაც სადგურზე რომ გაჩერდა, ის კაცი ჩავიდა და ხელდამშვენებული დაბრუნდა. სამტრედიის ბაქანზე კი უამრავი ადამიანი ძღვენით შევიდა მათ კუპეში. მერე გაიგეს, რომ შემადგენლობის უფროსს სამტრედიის რკინიგზის უფროსთან დაურეკავს და უთქვამს, დამხვდით, "სტალინი" მომყავსო.
– სცენის მიღმა რა გატაცებები ჰქონდა მამას?
– ძალიან უყვარდა ჭადრაკის თამაში, თევზაობა, მეგობრებთან ურთიერთობა. არავის არაფერზე ეტყოდა უარს. საათობით მუშაობდნენ გოდერძი ჩოხელი და მამა ერთად. მამაჩემი და გოდერძის დედა, ლელა წიკლაური, ბიძაშვილ–მამიდაშვილები იყვნენ. მამა ინგლისურიდან ქართულად თარგმნიდა პიესებს, პოემებს. პიესა "პიგმალიონი", რომელიც მარჯანიშვილის თეატრმა დადგა, მამაჩემის და მოსე ქარჩავაძის ნათარგმნია.
მეგობრები მამას ჰუმანოიდ თამადას ეძახდნენ. ძალიან კარგი თამადა იყო, მაგრამ ერთი ჩვევა ჰქონდა, არასოდეს მიიყვანდა თამადობას ბოლომდე. სანამ ქეიფი დასრულდებოდა, "ტექნიკურად აითესებოდა". ერთხელ მამა, კოტე მახარაძე, კუკური ლაფერაძე, ტარიელ საყვარელიძე და ჯემალ მონიავა რესტორანში შევიდნენ. კოტე მახარაძემ მამას ამბავი რომ იცოდა, პალტო და ქუდი გარდერობში ჩაკეტა, გასაღები კი ჯიბეში ჩაიდო. რაღაცა პერიოდის შემდეგ მამამ მოიწყინა, მერე მეგობრებს გადახედა და უთხრა, ახლა ნაზიკოსთან წავალო (სუფრიდან წასვლა რომ უნდოდა, ცოლს იმიზეზებდა). კოტე მახარაძე მშვიდად იყო, რადგან გასაღები ჯიბეში ედო. მამა ადგა და ბოდიში მოიხადა, ახლავე მოვალო. 20 წუთი რომ გავიდა და აღარ დაბრუნდა, მოძებნეს და დაინახეს, რომ ტაქსს აჩერებდა. თან თავისი ქუდიც ეხურა და პალტოც ეცვა... ამ ამბის შემდეგ ყველამ ჰუმანოიდი თამადა დაარქვა. ყოფილა შემთხვევა, ჩვენს სახლში ქეიფის დროს სტუმრები მიუტოვებია და თავის დასთან გაპარულა.
– მისი სიცოცხლის ბოლო წლები როგორი იყო, რა იყო მისი უკანასკნელი სურვილი?
– მამა ასაკში რომ იყო, ჩვენმა ნათესავმა კაკო კარანაძემ, რომელიც უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე გახლდათ, სახალხო დამცველად წაიყვანა. ძალიან უხაროდა, სულ ამბობდა, ჩემი მართალი სიტყვა იქნებ ვინმეს გამოადგესო, მაგრამ ჯანმრთელობა ხელს აღარ უწყობდა. ინფარქტი გადაიტანა, გულიკო ჩაფიძის საავადმყოფოში იწვა. მერე გიგა ლორთქიფანიძემ სპექტაკლი "შთამომავლობა" დადგა, სადაც მამამ მთავარი როლი შეასრულა. პრემიერის დროს კულისებში ექიმები იდგნენ, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მამა თავად ამბობდა, რაც უნდა ცუდად ვიყო, სცენაზე რომ გავდივარ, ყველაფერი ნორმაში დგებაო. მოსკოვშიც მყავდა და რომ გასინჯეს, მითხრეს, 6 თვე თუ იცოცხლებსო. მართლაც, 6 თვე გაძლო. ბოლოს საავადმყოფოში რომ მიმყავდა, მივხვდი, იქიდან ცოცხალი ვეღარ გამოვიდოდა. ალბათ თავადაც მიხვდა და მითხრა, ირა, ფულს ვერ გიტოვებ, მაგრამ სახელს გიტოვებო. მართლაც დიდი და ღირსეული სახელი დატოვა. მამა 1988 წლის 3 მარტს, გვიან ღამით გარდაიცვალა.
– დიდუბის პანთეონში რატომ არ დაკრძალეს?
– მაშინ დიდუბის პანთეონი იხურებოდა და მხოლოდ ერთი ადგილიღა იყო დარჩენილი, ისიც კუთხეში, ამიტომ საბურთალოს პანთეონში დავასაფლავეთ. მერე რეზო თაბუკაშვილის ძალისხმევით დიდუბის პანთეონი გაადიდეს.
25 წელია, რაც მამა გარდაიცვალა და დღემდე მისი სახელი ყველაფერში მეხმარება. 62 წლის კაცი ვარ და მეამაყება, რომ დღემდე მამაჩემის სახელი ღირსებით მოიხსენიება.
ლია ოსაძე, ჟურნალი სარკე