„უარი ეთქვას გ. ტაბიძეს, როგორც წესია“

  01:16:33     03-02-2011

პრესა.ჯი“ დღეს გალაკტიონზე მოგიყვებათ: მის მარტოსულობაზე, ხასიათზე, ჩვევებზე, სახალისო და სევდიან ეპიზოდებზე მისი ცხოვრებიდან.

მის შესახებ მოყოლილ ნამდვილ და გამონაგონ ამბებზე, რომელთა გარჩევა ზოგჯერ ძალიან ჭირს, რადგან ქართული პოეზიის მეფე თვითონ იყო უძიროდ ამოუცნობი. 

შესაძლოა, ზოგიერთი მოგონება თქვენთვის ცნობილია, მაგრამ, დარწმუნებული ვართ, გალაკტიონზე ბევრ ახალს გაიგებთ და კიდევ უფრო დააფასებთ ამ გენიოსს.

მაშ ასე, "გალაკტიონის ღამე" „პრესა.ჯი“-ზე გახსნილად ცხადდება...

მარტოსული

„სიყმაწვილიდანვე მარტო დარჩა. ყველგან და ყოველთვის მარტო იყო. ვეება მხრებით დაატარებდა თავის მარტოობას. უბრალოდ ჩაცმული – ყველასგან გამოირჩეოდა, შიგნიდან ანათებდა და ამდიდრებდა გარემოს, და არა მარტო ფიზიკურად იდგა მთელი თავით მაღლა. ერთი შეხედვითაც შეატყობდით: სხვა კაცი იყო. როდესაც გესაუბრებოდათ, თითქოს სხვაგან იმყოფებოდა და ეს ,,სხვაგან” იყო მისი მთავარი სავანე.

უმეგობროდ იცხოვრა. მეგობრობა გულისხმობს მსგავსი გემოვნებისა და მსგავსი ტემპერამენტის (ალბათ, მსგავსივე ნიჭის) პარტნიორთა ურთიერთობას. ამდენად უხერხულიცაა თავი გამოიდო გალაკტიონის მეგობრობაზე.

მას არ გააჩნია პრაქტიკული ცხოვრების უმნიშვნელო უნარიც კი, უჭირდა სხვასთან დაკავშირება და დაახლოება. თვითონაც გრძნობდა და წუხდა:

- მე ხომ სრულიად ლაპარაკი არ ვიცი.

- მე იმდენად არ ვიცი ლაპარაკი, რომ კაცს ხშირად ვერ ვაგებინებ.

- ეს ფუსფუსი პატარ-პატარა ხალხის ჩემთვის სრულიად გაუგებარია.

ეტყობა, პოეტურმა ტალანტმა ისე ამოწურა და მიისაკუთრა მთელი მისი ადამიანური შესაძლებლობა, რომ კომპენსაციის არავითარი საშუალება აღარ დაუტოვა. თითქმის ყოვლისშემძლე ხდებოდა, როდესაც კალამს აიღებდა ხელში და უსუსური ჩანდა, როგორც კი ქაღალდს გაშორდებოდა.

- ამხანაგთან მშვენიერი დამოკიდებულება მაქვს: გულღია , ამხანაგური, ჩემს კაცად ვთვლი.მაგრამ მექნება თუ არა მასთან რაიმე სერიოზილი საქმე, უცბად დავიბნევი, დავთარი ამებნევა. არ ვიცი, საიდან დავიწყო ლაპარაკი. დავიწყებ ,,თქვენობით”, ოფიციალურად და… ისიც ისეთ უარსა მტკეცს, - თვით მევე შემრცხვება და გავწითლდები.

ცდილობდა და ვერ ახერხებდა, თუნდაც უახლოესი ადამიანებისათვის მაინც გაეღო გულისკარი, და ეს იყო მისი დიდი ტრაგედიის ერთი ნიშანი.“ (ვახტანგ ჯავახაძე)

მგრძნობიარე

ფარცხნალაში გალაკტიონის მასწავლებლობისას ერთი მოსწავლე გაკვეთილებზე ვერ მისულა. გალაკტიონს სახლში მიუკითხავს და თავისთვის რა ჰქონდა, ბავშვის დედისთვის ფული დაუტოვებია, რადგან, ეს ბავშვი სკოლაში იმიტომ ვერ წასულა, რომ დედამისის მიერ გარეცხილ შარვალს გაშრობა ვერ მოუსწრია; ამ ფულით მეორე შარვალიც უყიდეო, - უთქვამს ბავშვის დედისთვის.

ერთხელ ჩიტი შენარცხებია მანქანის ფანჯარას, ქუთაისისკენ მიმავალ გალაკტიონს გაუჩერებია ავტომობილი, ჩიტი დაუმარხავს და მერე ისე გაუგრძელებია გზა.

სახალისო ეპიზოდები

"ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვყიდულობდი.

- გამარჯობა ძამიკო!- მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე, გალაკტიონი იყო.

- გამარჯობათ, ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად, უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ? – ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი.

- წამოდი ძამიკო ჩემთან! – გალაკტიონმა მკლავში ხელი გამიყარა და ვერის ბაზრის გვერდით, ლუდხანაში შემიყვანა.

იმ წიგნის საყიდელ ფილსაც და ბევრ სხვასაც წირვა რომ გამოვუყვანეთ, გალაკტიონმა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა:

- ლერმონტოვი, პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო, ძამიკო, გალაკტიონი კი ქართულად, მხოლოდ ქართულად"…(ნოდარ დუმბაძე)

ირაკლი წერეთელის მამას, სიდამონ წერეთელს შეხვედრია ერთხელ. თურმე მთვრალი იყო გალაკტიონი და წვერზე ჰქონდა წნილის ნარჩენი. სიდამონს მოუშორებია ეს ნარჩენი და უთხოვია: ბატონო გალაკტიონ, შეიძლება თქვენთან ერთი სურათი გადავიღოო?

- თქვენ რა, ჩემთან ერთად გინდათ შეხვიდეთ ისტორიაში ყმაწვილო? არა, თქვენ თვითონ შედით – ამაყად უპასუხია გალაკტიონს.

გალაკტიონი ერთ კაფეში შევიდა სადაც მეპატრონეს რაღაცაზე აუხირდა.

მეპატრონემ ვერ იცნო გალაკტიონი და დაუყვირა: „დამანებე თავი შე კაცო, აქ შენისთანა ათასი შემოდის!“ გალაკტიონმა ჩაიცინა და გავიდა...

გალაკტიონს ერთხელ პირობა მიუცია საკუთარი თავისთვის – დუქანს ისე ავუვლი გვერდს რომ არ შევალ და ღვინოს არ დავლევო… მართლაც აუვლია გვერდი და რამოდენიმე ნაბიჯით რომ გაცდა დუქანს, მოტრიალებულა და უთქვამს – რადგან პირობა შეასრულე ღირსი ხარ შეხვიდე და ერთი ჭიქა ღვინო დალიოო...

გალაკტიონი მარტო სხვებს კი არ ამოიჩემებდა ხოლმე, ზოგჯერ საკუთარ თავზეც მწარედ ხუმრობდა. აი, მის მიერ თავის თავზე დაწერილი ერთ-ერთი ლექსი:

საქართველოს დიდება

ვის არ გაუგონია,

მშვენიერი ლექსები

ერთად შაუკონია,

მოუხიბლავს ქვეყანა,

გულში ჩაუკონია,

პირველი მგოსანია,

ყველას მოსაწონია,

მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს:

ღვინო უყვარს, მგონია.

გალაკტიონს ერთი ჩვევა ჰქონდა: ამოიჩემებდა ხოლმე ვინმეს და მერე მასზე სხარტ სტრიქონებს წერდა თავისთვის. ისეთ ლექსებს წერდა, სადაც ბევრია სალაღობო რითმები: ამოიჩემებდა და მანამ ერთობოდა, ვიდრე რითმა არ შემოელეოდა.

ამ ლექსით თავისი სოფლის კოლორიტული ტიპები გაუხსენებია:

ნამჭეიშვილი ჭიჭია
მართლაც რომ კაი ბიჭია,
იმისი ნიჭი ჭამა და
ჩაცმა-დახურვის ნიჭია.
უკან ვერ დაახევინებ,
რაკი წინ წადგა ბიჯია,
ქალიშვილს რომ დაინახავს,
პირზე უჩნდება ღიჭია,
ზედ ზედადგარი უშვენებს,
იჭყიტი და იკრიჭია.
თავს ისე იჭერს, თითქო რომ
აგაბო კოზმანიჩია.
ჩვენშიაც არის მის მსგავსი
სევერიანე ხვიჩია. . .
ჭიჭია, ვიცი არ გიყვარს
ამ ლექსის ჩიჩი-ხიჩია.

ლეგენდები გალაკტიონზე

ამ ქვეთავში რამდენიმე ისეთ ისტორიას ვაქვეყნებთ, რომელთა გალაკტიონისეულობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ან გალაკტიონის ცხოვრების მკვლევართა აზრი ამ ეპიზოდებში პოეტის მონაწილეობის შესახებ ორად არის გაყოფილი.
გალაკტიონი და კონსტანტინე თურმე წაღვერში ისვენებდნენ. ყოველდღე კონსტანტინე გალას ასე ესალმებოდა:

- გამარჯობა ლომო!

გალა პასუხობდა:

- გაგიმარჯოს ვეფხვო!

ასე გრძელდებოდა კარგახანს. მოსწყინდა კონსტანტინეს ვეფხვობა. სულ ეს რატომ უნდა იყოს ლომიო და ერთ მშვენიერ დილას ასე მიესალმა:

- გამარჯობა ვეფხვო!

გალაკტიონმა უპასუხა:

- გაგიმარჯოს კოწია!

გალაკტიონი და კონსტანტინე გვერდიგვერდ სხედან მწერალთა კავშირის სხდომაზე. დარბაზში სხედან, პრეზიდიუმში სხვები არიან მოკალათებულნი. ერთ-ერთი მათგანი ტრიბუნიდან ხმამაღლა ამცნობს დამსწრე საზოგადოებას რაღაც გადაწყვეტილებას და ასე იწყებს: „საქართველოს მწერლები და პოეტები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ...“ - ამ დროს გალაკტიონმა კონსტანტინეს გადაულაპარაკა: „შენ იყავი, როცა ეგ ამბავი გადაწყვიტეს?“ „არა, შენ?“-დაუბრუნა კითხვა კონსტანტინემ. „არა, არც მე“, - ისევ წყნარად უთხრა გალაკტიონმა. კონსტანტინემ ხელები გადაატრიალ-გადმოატრიალა და მისთვის და გალაკტიონის გასაგონად ჩაილაპარაკა: „აბა, რომელმა მწერლებმა და პოეტებმა გადაწყვიტეს?“

როცა გალაკტიონი აკადემიკოსად წარადგინეს. ამ საკითხს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი არჩევდა. ერთ-ერთი მწერალი წინააღმდეგი გამოვიდა და განაცხადა:
შეგვარცხვენს, ღვინო უყვარს, სულ მთვრალი დაიარებაო.გალაკტიონი მშვიდად შეეკითხა:

- შენ ძამია, ღვინო არ გიყვარს?

- არაო! – ამაყად წარმოსთქვა მოწინააღმდეგემ.

- არც მთვრალი ყოფილხარ ოდესმე?

- არა, არასოდეს! – კვლავ მედიდურად განაცხადა მანვე.

- ამხანაგებო, მაშ აირჩიეთ ეს კაცი აკადემიკოსად! – შეუძახა გალაკტიონმა.

სევდიანი ისტორიები

მუდამ უფულობას უჩიოდა, ყაირათიანი მხარჯველი არც იყო და ვერც იქნებოდა. ამავე დროს, მისი თანამედროვე პოეტები მასთან შედარებით ბევრად მეტ ჰონორარს იღებდნენ ე.წ. განაკვეთზე. რამდენჯერმე ისეც ყოფილა, რომ ზინა მოლარისთვის ფული წინასწარ, ავანსად უთხოვია.

ერთხელ თურმე მოსკოვში მწერალთა ყრილობა ტარდებოდა, თხუთმეტივე რესპუბლიკიდან უნდა ჩასულიყო დელეგაცია, მათ შორის საქართველოდანაც… ჩვენი დელეგაცია 50 კაცზე იყო შედგენილი, და წავიდნენ კიდეც… 50-ში გალაკტიონი არ იყო. რომ ჰკითხეს რატომო, გამოგვრჩაო…

როდესაც გალაკტიონი ცუდად იყო და საავადმყოფოში მივიდა, ექიმმა უთხრა – ადგილები არ გვაქვსო. გალაკტიონი იქ ერთი თვის წინათაც მკიურნალობდა, ამიტომ კარგად იცოდა სად რომელი პალატა იყო და მიუთითა კონკრეტული პალატა – ის ხომ დაკეტილი გაქვთო. პასუხი კი ასეთი მიიღო – ის კი თავისუფალია, მაგრამ ცეკას მდივნის რომელიმე ნათესავისთვის ვინახავთ, ცუდად რომ გახდესო… და შესთავაზა, დერეფანში დაგაწვენო… სამოწყალოდ დააწვინეს დერეფანში…

გალაკტიონზე უამრავი მშვენიერი ლექსია დაწერილი, მაგრამ დღეს „პრესა.ჯი“ ელა გოჩიაშვილის ნაკლებად ცნობილ ლექსს გთავაზობთ, რომელიც გალაკტიონის ერთ წერილზე და მასზე დადებულ რეზოლუციაზეა აგებული. ეს ლექსი გალაკტიონზე ძალიან ბევრ რამეს ამბობს.

უარი ეთქვას!

გალაკტიონ ტაბიძის განცხადება საქართველოს განათლების კომისარს: "რადგან ვიმყოფები მეტისმეტად შევიწროებულ მდგომარეობაში უტანთსაცმელობით და უფეხსაცმელობით, უმორჩილესად გთხოვთ,აღძრათ შუამდგომლობა... გამეხსნას კრედიტი... ტანისამოსისა და ფეხსაცმელის მისაღებად. ფულს ნაწილ-ნაწილად მიიღებენ თვით ჩემგან... იმედი მაქვს, მხედველობაში მიიღებთ ჩემს მდგომარეობას. პატივისცემით: გალაკტიონ ტაბიძე, 1924 წლის 24 მარტი”
განკარგულება: "უ ა რ ი  ე თ ქ ვ ა ს!"


მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო,
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, შურით მღუარი,
პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა,
თუ არ გიშხუვლო მათრახივით: ”ეთქვას უარი!”
შენი ვალებით პირთამდე სავსემ,
თუ არ ჩაგიდგა ყველა დროში თითო ფაცერი,
ჩემგან გაწირულს თუ სამშობლოდ არ მოგაჩვენო
თოვლი ირიბი და ალმაცერი.
თუ არ გავერთო შენი გაძლებით,
თუ არ დაგძახო ბეწვის ხიდზე: ”პოეტო, ანტრე!”
მაშინ სამშობლო აღარ ვყოფილვარ,
შენ თუ სიკვდილი არ მოგანატრე.
კლავიორების ბრბოებისგან ტაშის მყიდველთა
ფუყე დიდებით ჩამოჟამული,-
თუ არ დაყრუვდა შენს წინაშე, თუ არ დაბრმავდა,
თუ არ დამუნჯდა, - რაა მამული.
უარი ეთქვას გ. ტაბიძეს, როგორც წესია:
მოკვდავს - სასახლე, უკვდავს - ბოსელი;
აჰა, მამულის შხამიანი ღორღი და ქვიშა, -
შენი პური და შესამოსელი!
იარე ახლა ფეხშიშველამ... ”გზა არის ცხელი”...
წითლად გაკვალე მარადისობა...
ფეხისგულებით არა მხოლოდ ცვარი მამულის,
მისი ეკლებიც უკეთ იცნობა.
პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა,
თუ არ გიშხუვლო მათრახივით, - ”ეთქვას უარი!”
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო,
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, - შურით მღუარი.
თუ გაპატია, რომ გიცნო და თვითვე აღმართა
დაფნა, საშენოდ შემორკალული,
თუ თვითმკვლელობით არ მიგაგდო ღია სარკმელთან,
თუ გაპატია, რომ უყვარხარ, - რაა მამული...

„თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარ“

ეს სიტყვები მან დღიურში ჩაწერა. აკაკის ნათქვამი, ალბათ, იმიტომაც გაიმეორა, რომ გრძნობდა, მასთან სულით ნათესაობას. იმ დღეს კი...

„მესამედ და უკანასკნელად შევიდა ოთხმოცდამეთორმეტე ოთახში, უაივნო თავისუფალ ოთახში, განყოფილების გამგის კაბინეტში, მიხურა კარი, გაიხადა ავადმყოფის ხალათი, დადო ტახტზე, აიღო ვენური სკამი, მიიტანა ფანჯარასთან, გამოაღო ფანჯარა, ორმაგი ფანჯარა, ავიდა ჯერ სკამზე, მერე – ფანჯრის რაფაზე და…

- მე ვერაფერს ვერ ვხედავ, ჩემი დემონის ცეცხლოვან თვალებს გარდა!

დასკვნები მკითხველმა გამოიტანოს:

- სარკმელს გააღებს ამღვრეული გალაკტიონი და ქვაფენილებს შურდულივით დაენარცხება (მიხეილ ქვლივიძე).

- გალაკტიონმა, ვიცით, თვითონ გაშალა ფრთები (მურმან ლებანიძე).

- პოეტისათვის კარგი სიკვდილი უკანასკნელი კარგი ლექსია (გიორგი შატბერაშვილი).

ასე რომ, ეს არ იყო მარტო ლამაზი ლეგენდა. ლეგენდა სიცოცხლეშიც ბევრი შეუქმნეს.
ყველა არ იყო რეალური, მაგრამ უხდებოდა. ლეგენდებს მთავარი ლეგენდა აკლდა…

დაკრძალვის დღემ დაადასტურა ეს ჰიპოთეზა. ეს იყო არა მარტო პოეზიის დღე-სასწაული…თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს, მე მოვკვდები – როგორც პოეტს შეჰფერის!თუმცა არც სიკვდილში ჰქონია “ვარდისფერი გზა”: როდესაც კრძალავდნენ, გაჭრილი სამარე ვიწრო აღმოჩნდა. ერთხელ კიდევ შეგვახსენა: თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარო…“ (ვახტანგ ჯავახაძე)