
პრემიერმა რუსეთთან ურთიერთობაზე, სოჭის ოლიმპიადაზე, შიდა პოლიტიკასა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა
11:31:19     18-12-2013
შავი
ზღვის ეკონომიკური ფორუმის 42-ე სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
მთავრობის მეთაურმა, სიტყვით გამოსვლისას, აქცენტები რუსეთთან ურთიერთობაზე,
სოჭის ოლიმპიადაზე, შიდა პოლიტიკასა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე
გააკეთა.
„მიუხედავად საქართველოს კურსისა, მმართველი გუნდი მზად არის რუსეთის
ფედერაციასთან ურთიერთობის გამოსასწორებლად მოლაპარაკებები აწარმოოს“,- განაცხადა პრემიერმა და იქვე განმარტა, რომ რუსეთთან თანამშრომლობის გაძლიერების
სურვილი დიდია.
„მეტად მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის სისტემაში საპარლამენტო კომპონენტის
ჩართვა. საქართველო მზად არის შეასრულოს სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია,
მზად არის იყოს ელექტროენერგიის შემქმნელიც და გამტარიც. დემოკრატიული
ინსტიტუტების მშენებლობა ჩვენი ქვეყნის ქვაკუთხედია. წლევნდელი წელი
გამორჩეულია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ წელს დავადასტურეთ ევროკავშირისკენ
სვლის მზაობა. ეს არის ჩვენი გამარჯვება ევროპისკენ მიმავალ გზაზე“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საგარეო მიმართულების კომენტირებისას, ღარიბაშვილი უკრაინაში მიმდინარე
პროცესებსაც შეეხო. პრემიერი იმედოვნებს რომ უკრაინის მთავრობა სწორ
გამოსავალ გამოხატავს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის ხელისუფლება სწორ გზას გამონახავს. ჩვენი
ქვეყანა მტკიცედ ადგას ევროპისკენ მიმავალ გზას, ჩვენ მზად ვართ
ვითანამშრომლოთ ყველასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების 20
პროცენტი ოკუპირებულია, პირველი ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენ უკვე
გადავდგით, ჩვენი სპორტსმენები მიიღებენ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას.
მიგვაჩნია რომ სპორტი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისგან“, - განაცხადა
ირაკლი ღარიბაშვილმა.
საუბარი შეეხო იმ დემოკრატიულ ღირებულებებებს, რომელიც პრემიერის თქმით
ახალი მთავრობის ქვაკუთხედია.
„წლევანდელი წელი გამორჩეული და მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი
ქვეყნისთვის. სულ ცოტა ხნის წინ, საქართველომ ვილნიუსის სამიტზე მოახდინა
ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება და ამით დაადასტურა თავისი
ევროპული არჩევანი. ჩვენთან ერთად, ვილნიუსის სამიტზე ხელშეკრულების
პარაფირება მოახდინა მოლდოვამაც. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პირადად
მივულოცო მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეს ასეთივე წინსვლა. ეს არის
ჩვენი ერთობლივი გამარჯვება ევროპისკენ მიმავალ გზაზე", - განაცხადა
ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის 42-ე სესია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ღონისძიებას საქართველო, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა მასპინძლობს. ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო გააუმჯობესებს სატრანსპორტო გარემოს, ითანამშრომლებს ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში, იქნება ენერგეტიკის მწარმოებელიც და გამტარიც, აგრეთვე ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას წევრ ქვეყნებს შორის. "ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველო შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის თავმჯდომარე ქვეყანაა და საპარლამენტო ასამბლეის 42-ე სესიას მასპინძლობს.
საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესოა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რადგან ეს ორგანიზაცია თითქმის სრულად მოიცავს ჩვენს გეოპოლიტიკურ არეალს. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საბედნიეროდ, ამ ორგანიზაციამ დროის გამოცდას გაუძლო და, მიუხედავად იმისა, რომ წევრ სახელმწიფოებს სხვადასხვა მიმართულებით აქვთ პრობლემები, ამ ორგანიზაციის ფარგლებში კვლავ ინტენსიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა მიმდინარეობს ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და საფინანსო სფეროებში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.